კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ომში მოკლული დაქირავებული მებრძოლების გვერდით გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს მოუწოდებს, საბრძოლო მასალები მიაწოდონ.
"ესენი ვიღაცის მამები და შვილები არიან. თქვენ იქ ზიხართ თქვენს მდიდრულ კლუბებში, თქვენი შვილები YouTube-ისთვის კლიპებს იღებენ. ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ ამ ცხოვრების მეპატრონეები? როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ მათი სიცოცხლის განკარგვა?“- აცხადებს პრიგოჟინი და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელებს უწმაწური სიტყვებით მიმართავს.
"მარტივი მათემატიკაა. თქვენ რომ ნორმალური რაოდენობის საბრძოლო მასალა მოგეწოდებინათ, ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა დაღუპული. ისინი აქ მოხალისეებად მოვიდნენ და კვდებიან, რათა თქვენ მსუქანი კატებივით ისხდეთ თქვენს მდიდრულ კაბინეტებში“, - აცხადებს პრიგოჟინი.
მისივე თქმით, 10 მაისს უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებს.
"ოფიციალურად მივმართავ გენერალური შტაბის უფროსს, თავდაცვის მინისტრს, უმაღლეს მთავარსარდალს და რუს ხალხს. „ვაგნერის“ მებრძოლების სახელით, „ვაგნერის“ სარდლობის სახელით ვაცხადებ, რომ 2023 წლის 10 მაისს ჩვენ ვალდებულნი ვართ ბახმუტის დასახლებაში პოზიციები თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს გადავცეთ. გამყავს „ვაგნერის“ ქვედანაყოფები, რადგან საბრძოლო მასალის გარეშე ისინი განწირულნი არიან უაზრო სიკვდილისთვის,“- აღნიშნა მან.
წაიკითხეთ ასევე: