ავტორი:

ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს საკუთარ ეზოში მოწყობილი საგვარეულო აკლდამის გამო სასამართლოში უჩივლეს - "ჩემი მიცვალებულები არიან, ემოციურად ჩემთვის ამაზე ლაპარაკი მძიმეა"

ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს საკუთარ ეზოში მოწყობილი საგვარეულო აკლდამის გამო სასამართლოში უჩივლეს - "ჩემი მიცვალებულები არიან,  ემოციურად ჩემთვის ამაზე ლაპარაკი მძიმეა"

პარლამენტის ყოფილ წევრს, ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს რამდენიმე წელია მეზობელთან დავა აქვს. მხარეებს შორის შეთანხმება ვერა და ვერ შედგა, ამიტომ მეზობელმა მას სასამართლოში უჩივლა. როგორც ირკვევა, მოსამართლემ მხარეებს მოლაპარაკებისთვის დრო კიდევ მისცა. ამ დავის დეტალებზე ჩვენ ადრეც ვწერდით. ნინო ნოზაძის სახლი გელაშვილის სახლის გვერდითაა. პრობლემა მეზობლებს შორის მას შემდეგ გაჩნდა, როცა ვალერი გელაშვილმა საკუთარ ეზოში ჯერ დედა დაკრძალა, შემდეგ კი მამის და ბებია-ბაბუას ცხედრებიც იქ გადაასვენა. მას ეზოში ერთგვარი საგვარეულო აკლდამა აქვს გაკეთებული. ამის მერე წლებია ნოზაძეები მათი ეზოს მომიჯნავედ აკლდამის გაკეთებას აპროტესტებენ, რადგან ამის გამო მათ შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. უფრო მეტიც, სპეციალისტების რჩევით ხაშურის დატოვებაც მოუხდათ. ნინო ნოზაძე 2021 წელს ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა:

"ჩემი შვილის ოთახიდან ჩანს ეს საფლავები, სადაც 4 მიცვალებულია დაკრძალული. ვალერიმ დედის გარდაცვალების შემდეგ ეზოში გადმოასვენა წლების წინ გარდაცვლილი მამა და ბებია-პაპა. ახლა ხელის გულზე ჩანს მათი სასაფლაო. ბავშვს შიშები დაეწყო, სულ სიკვდილზე საუბრობს. განსაკუთრებით შიშები დაეწყო მას შემდეგ, რაც საფლავთან რიტუალი ჩაატარეს. ეს არ იყო მამაოს ლოცვა ან პარაკლისის გადახდა. დამკვრელები მოიყვანეს დოლ-გარმონით, ადრე რომ ტარდებოდა მსგავსი რიტუალი, ეს შემზარავი სანახავი იყო, ამას უყურა ბავშვმა და დაეწყო შიშები. თან იცნობდა ვალერის დედას, სერიოზული პრობლემები შეექმნა. სახლში სველი წერტილი ქვევით გვაქვს და როგორც კი მოსაღამოვდება, ოთახიდან ვერ გადის, სულ სიკვდილზე ლაპარაკობს. ძნელია შენი ფანჯრიდან საფლავებს რომ უყურებ. ბავშვმა დაკარგა ყველაფრის ინტერესი, არ გამოდის გარეთ, იძახის გული მიკანკალებს, ჩვენც მოვკვდებითო. წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია ამის მოსმენა დედისთვის... არ მინდოდა საქმე სასამართლომდე მისულიყო, ამიტომ ვალერის მივმართეთ, ვთხოვეთ ამოაშენოს კედელი ისე, რომ ჩვენი სახლიდან არ გამოჩნდეს მისი მიცვალებულები, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღეთ. შევხვდი ხაშურის მერს, ზედამხედველობას და გავარკვიე, რომ თვითნებურად აქვს აკლდამა სახლში მოწყობილი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ჭა, რადგან ქალაქში არ არის წყალი და ჭას ვხმარობთ. ისიც არ ვიცით, რამდენად შეიძლება ამ წყლის დალევა, ამიტომ დასალევ წყალს სულ ვყიდულობთ... ჩვენ დაგვაზიანა იმით, რომ ბავშვს აქვს პრობლემები. მანძილი ჩვენი სახლიდან იქამდე 30 ნაბიჯია, კანონით სასაფლაო როცა გააკეთა, 300 მეტრით უნდა ყოფილიყო დაშორებული საცხოვრებელი ადგილიდან, ეს კანონიც დარღვეულია... ტყუილია ისიც, რომ თითქოს დიდ თანხებს ვითხოვთ მისგან, ვითხოვ ერთადერთს, რომ კედელი ამოაშენოს. მან 7-8 სახლი შეისყიდა ირგვლივ, ახლა ჩვენ მოგვადგა, ჩვენი სახლის შეძენის შემდეგ ჩიხის მისაკუთრებაც უნდა და არავინ ეყოლება მეზობლად. არ ვყიდი ამ სახლს, როგორც ძვირფასია მისთვის მამა- პაპისეული სახლი, ასეთივე ძვირფასია ჩემთვისაც, აქ ვცხოვრობთ ჩვენც".

ვალერი გელაშვილმა ამის პასუხად იმჟამად ambebi.ge - სთან განაცხადა:

"2016 წელს დედაჩემი გარდაიცვალა. მაგ სახლსა და ჩემს სახლს შორის სახლი იდგა. მათი სახლიდან მოშორებით, დაახლოებით 100 მეტრაში დედაჩემის მშობლები ჩავასვენე, თან გამწვანებით მაქვს ამოყვანილი, თან ძირს მაქვს შავი ფილები დადებული, რომელიც მისი სახლიდან არანაირად არ გამოჩნდება. ბოდიში და დედაჩემი, მიცვალებული ღამე არ ამოდის საფლავიდან და არ დადის ეზოში. რა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა ლაპარაკი? ახლა იძახიან კედელი ამოაშენოსო, როცა ვაშენებდი კედელს, მაშინ არ ამაშენებინა, შეტანილი ჰქონდა განცხადება გამგეობაში კედელს აშენებსო და არ მომცეს ამის უფლება. შეიტანონ სარჩელი სასამართლოში. დიდი ხანია ვეუბნები",- გვითხრა მაშინ ვალერი გელაშვილმა.

როგორც ირკვევა, ეს დავა სასამართლოში მივიდა. ნინო ნოზაძის ინტერესს ადვოკატი გიორგი ცობეხია იცავს.

გიორგი ცობეხია:

- პირველ რიგში გეტყვით, რომ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა ვალერი გელაშვილს ნებართვები ცხედრის გადმოსვენების და ასევე საფლავის მოწყობის, აღმოჩნდა, არც ერთი ნებართვა არ ჰქონდა. ეს დაგვიდასტურა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, ასევე ისიც დაგვიდასტურეს, რომ ნებართვები ნამდვილად სჭირდებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სასაფლაოს მოწყობის საკითხებს მუნიციპალური ორგანოები განიხილავენ და ამაზე გასცემენ შესაბამის თანხმობას. გელაშვილმა ეს სრულიად უკანონოდ მოაწყო. ამის შემდგომ მოვთხოვეთ მას მოეწყო რაიმე მსუბუქი კონსტრუქცია, რომ ნოზაძეების სახლის ფანჯრებიდან და აივნიდან ხედები არ ყოფილიყო ხილვადი და დაეფარათ თავიანთი სასაფლაო. ამაზე უარი განგვიცხადეს და ჟურნალისტებთან ინტერვიუებში იმასაც აცხადებდნენ, თითქოს ნოზაძეები მისგან თბილისში ბინების ყიდვას ითხოვდნენ. ეს არის სიცრუე. ჩვენ ამ დრომდე ვითხოვთ მხოლოდ ხედის დაფარვას, მაგრამ ეს არ გააკეთეს, ამიტომ მივმართეთ სასამართლოს.

რადგან სარჩელით თავისი ეზოს ტერიტორიაზე კონსტრუქციის აშენებას ვერ დავავალდებულებდით გელაშვილს, ამიტომ მოვითხოვეთ უკანონო სასაფლაოს დემონტაჟი, იქვე შევთავაზეთ მორიგებაც. მორიგების პირობა ისევ იყო მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობა და დავამთავრებით დავას. რადგან მორიგებაზე უარი თქვეს, ამის შემდეგ მომზადდა სოცმუშაკის დასკვნა, ფსიქოლოგის დასკვნა და დადასტურდა, რომ ამ ფაქტით ნამდვილად ზიანდება არასრულწლოვანის ფსიქიკური მდგომარეობა. იმდენად მძიმე ემოციური მდგომარეობა იყო, ფსიქოლოგების რეკომენდაციით ოჯახი იძულებული გახდა ბავშვისთვის შეეცვალა გარემო. ფაქტობრივად, ამის გამო ხაშურიდან თბილისში გადმოსახლდნენ. ბავშვს სკოლის გამოცვლა მოუხდა. ფსიქოლოგები ურჩევდნენ ტრავმის მაპროვოცირებელ გარემოს მოშორებულიყვნენ. არასრულწლოვანი ისეთ მდგომარეობაში იყო, ხატავდა ადამიანის ჩონჩხებს, მძიმე სურათებს, რომელიც დაკავშირებულია სიკვდილთან.

ფსიქოლოგის დასკვნით, სასაფლაოს ხილვის ფაქტორი ბავშვში იწვევს გახანგრძლივებულ სტრესულ მდგომარეობას, რომელსაც ვერ უმკლავდება. საბოლოოდ, ეს ახდენს მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას. ამის შემდგომ მივმართეთ სახალხო დამცველს, მან დეტალურად შეისწავლა ეს საქმე და საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი შეადგინა. კანონმდებლობის ხარვეზიდან გამომდინარე თავად სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მიმართა პარლამენტს. აღნიშნავს, რომ: "კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის პირობებში ეფექტიანი ზედამხედველობის და რეაგირების მექანიზმების არარსებობა შეუძლებელს ხდის სახელმწიფოს ვალდებულების შესრულებას, რომ მოახდინოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის პრევენცია და ითხოვს პარლამენტმა განიხილოს წარმოდგენილი პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების საკითხი, რათა განისაზღვროს კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევის მოწყობის ფაქტთან დაკავშირებით ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი, ხოლო, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევის მოწყობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის (ჯარიმა, დემონტაჟი ან სხვ.) ზომები".

კანონი რომ გვქონოდა, არ მოგვიწევდა საერთოდ სასამართლოსთვის მიმართვა და უნებართვოდ სასაფლაოს მოწყობისთვის მუნიციპალურ ორგანოს ექნებოდა რეაგირება. მუნიციპალურმა ორგანომ ჩვენ გვითხრა, უნებართოთ კი არის ეს სამარხი გაკეთებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ სამართლებრივად არ გვაქვს შესაძლებლობა ამ საკითხზე რეაგირებისო, ამიტომ მივმართეთ სასამართლოს. სახალხო დამცველის მრავალგვერდიანი კვლევის შედეგები პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს ამ სასამართლო დავაზეც. ახლა პირველი ინსტანციაში იხილება ეს დავა. ვითხოვთ სასაფლაოს დემონტაჟს, იურიდიულად სხვა მოქმედებას ვერ მოვითხოვდით. ამ ადამიანებს აქვთ უფლება ნორმალურ გარემოში იცხოვრონ და თავიანთ სახლში იყვნენ.

- ადრე ჩვენთან ინტერვიუში გელაშვილი ამბობდა, რომ ყველაფერი წესების დაცვით ჰქონდა მოწყობილი, აპირებდა დიდი კედლის ამოშენებას და მაშინ ამის უფლება არ მისცეს ნოზაძეებმა...

- სამარხები ყოველგვარი ნებართვის გარეშე აქვს მას გაკეთებული. კედელი არ ამოაშენებინეს იმიტომ, რომ ღობის სიმაღლე უნდოდა გაეზარდა ისე, რომ მზის სხივი საერთოდ დაეკარგა იმ ოჯახისთვის. იქაც, ნებართვა არ ჰქონდა აღებული და პირდაპირ კეთება დაიწყო. დავა მიდის ერთ წელზე მეტია პირველ ინსტანციაში. 4 სხდომა ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდა მისი ადვოკატი. სასამართლომ მორიგება შემოგვთავაზა, არადა, ლამის ვეხვეწებით მორიგებაზე...

დავუკავშირდით ბიზნესმენ ვალერი გელაშვილსაც, ის ადრინდელისგან განსხვავებით, მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

ვალერი გელაშვილი:

- რაღა უნდათ ამ ნოზაძეებს კიდევ, ხომ შედგა შეთანხმება. სასამართლოში ვთქვით, რომ იმ ტერიტორიაზე ხეები უნდა დაგვერგო, უარი თქვეს. ახლა კიდევ 5-მეტრიან ფარდას ვაკეთებ მზის ელექტროენერგიის პანელების, იმ ადგილს მთლიანად დავფარავ, რომ მათი აივნიდან არაფერი გამოჩნდეს. სადაც ხეები უნდა დამერგო, იქ გაკეთდება და ეს უკეთესად დაფარავს ყველაფერს. უკეთესს ვაკეთებ, საერთოდ არაფერი გამოჩდება, ხეები ისე არ გაიზრდება, რომ რაღაც მაინც არ გამოჩნდესო, პანელები ჩამწკრივებული იქნება, სწორედ ახლა ვაწყობ ამას. მაისის ბოლომდე გვაქვს სასამართლოსგან ამისთვის დრო. მეტი რაღა უნდათ. ხეების დარგვის პრობლემაც არ მაქვს, იმასაც დავრგავ, ოღონდ დამშვიდნენ. ხომ დაინახეს, რომ უკვე სამუშაოებს ვატარებთ, გათხრა მიდის. ჩემს ადვოკატს ვუთხარი, შეუთანხდი რაც უნდათ იმაზე - მეთქი და ის კეთდება. ისე იმ სასამართლო პროცესს ისინი ვერ მოიგებდნენ, მაგრამ მაინც შეთანხმებაზე წავედი. დაწყებულია და გაკეთდება. აღარ მინდა ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკი, მეც ჩემს უბანში ცხოვრება მინდა და მათ არ გამოვეკიდები არაფერზე... შაბათ-კვირა ჩავდივარ ხაშურში, სახლში შევდივარ და გამოვდივარ, მაგათ ეზოში და ფანჯრებში არ ვიწყებ ყურებას, ისიც არ ვიცი ხაშურში არიან თუ არა.

- ადვოკატი აცხადებს, რომ არაკანონიერად გაქვთ მოწყობილი სახლში მშობლების სასაფლაო და შესაბამისი ნებართვა არ გაგაჩნიათ.

- თქვენთან ადრე ვილაპარაკე დეტალურად ამ საკითხზე. რა იყო არაკანონიერი, ეს არაკანონიერი რომ ყოფილიყო, ისინი ბოლომდე იბრძოლებდნენ. მიცვალებულებზე ნუ მალაპარაკებთ. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, რადგან ჩემი მიცვალებულები არიან და მძიმეა ემოციურად ჩემთვის ამაზე ლაპარაკი. რა არ ასვენებთ, კიდევ ვერ გამიგია, მეტი საქმე არ აქვთ? ამ თემაზე საუბარი არ მინდა, ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს ტკივილს მაყენებს.

მისი ამ პოზიციის მოსმენის შემდეგ ისევ დავუკავშირდით ნოზაძეების ადვოკატს. ჩობეხია ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია მას არ ჰქონდა.

"ახლა თქვენგან მესმის ეს ამბავი პირველად. მორიგება სასამართლოში ჯერ არ შემდგარა. არადა, ასეთ დროს დგება მორიგების აქტი. თუ ამას ისინი შეასრულებენ, აქვე გიდასტურებთ, რომ ჩვენ ამას დავეთანხმებოდით, მისი ადვოკატი არ დამკავშირებია. ვიცი, რომ რაღაცები ამოთხარეს, მაგრამ არაფერია სხვა გაკეთებული. რაც შეეხება ხეების დარგვას, ეს შემოთავაზება იყო მხოლოდ, მე გავუგზავნე პასუხი, რომ ჩვენთან უნდა შეეთანხმებინათ ხეების ჯიშები, რადგან რაც თქვეს, ის ხეები ვერ დაფარავდა იქაურობას. კიდევ ერთხელ აქვე გიცხადებთ, რომ ისეთ მსუბუქ კონსტრუქციას თუ მოაწყობენ, რომელიც სრულად დაფარავს ხედს, ეს მისაღებია და რა თქმა უნდა, დავთანხმდებით, თანახმა ვიქნებით ამ მორიგებაზე.