საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, ბევრს "გაუტყდა", რომ ის 173-ე საჯარო სკოლაში მივიდა . ეს განცხადება დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"ძალიან ბევრს "გაუტყდა" ჩემი მისვლა 173-ე სკოლაში. ვაცხადებ, რომ ყოველთვის მივალ იქ, სადაც მსგავსი სიტუაცია იქნება. მეტიც, იმ სკოლაში ის ადამიანები ვერ მივიდოდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ იქ მისვლისგან თავს მე შევიკავებდი", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
მისივე თქმით, სკოლაში ამ დროისთვის ჩაირთო გათბობის სისტემა და მოწესრიგდა კვების ბლოკი.
"თურმე შესაძლებელი ყოფილა გათბობის სისტემის ჩართვა, სასადილოს გახსნაც და ის, რომ მოსწავლეები სიცივეში არ გაყინულიყვნენ", - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
მისივე განცხადებით, სკოლის ყოფილი დირექტორი მზია გიორგობიანი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგადაც აღარ მუშაობს.
"ვადასტურებ ამ ინფორმაციას. სკოლის ყოფილი დირექტორი იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ გენინსპექციის თანამშრომლები მისი გავლენის ქვეშ არ აღმოჩენილიყვნენ. გავიმეორებ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან გაკეთებულ დანაპირებს: თუ გენინსპექციის თანამშრომლებმა სკოლაში ფინანსური დარღვევები ვერ აღმოჩინეს, გათავისუფლებული დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგეებიც სასწავლო პროცესს დაუბრუნდებიან და მათ გაცდენილი საათების თანხაც აუნაზღაურდებათ", _ განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შაშკინის ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეებმა ახალი დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით პროტესტი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც მზია გიორგობიანთან ერთად თანამდებობა სკოლის მთავარ ბუღალტერსაც დაატოვებინეს, ახალ დირექტორს კი ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება, სეიფის გასაღები და სკოლის ბეჭედი არ მისცეს.