ავტორი:

როგორ იქცა ბახმუტი პუტინის გარემოცვაში განხეთქილების მიზეზად - "ვაგნერი" ჩიხშია - ან დაპირისპირება, ან თვითმკვლელობა... ყველაფერი იმით დასრულდება, რომ პრიგოჟინს მოკლულს იპოვიან"

როგორ იქცა ბახმუტი პუტინის გარემოცვაში განხეთქილების მიზეზად - "ვაგნერი" ჩიხშია - ან დაპირისპირება, ან თვითმკვლელობა... ყველაფერი იმით დასრულდება, რომ პრიგოჟინს მოკლულს იპოვიან"

უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილად მიჩნეული ქალაქი ბახმუტი, რომლის აღებასაც რუსეთი სხვადასხვა ძალით, ნახევარ წელზე მეტია ცდილობს, უკვე იქცა პუტინის გარემოცვაში განხეთქილების მიზეზად...

ამ დროის განმავლობაში, რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია ევგენი პრიგოჟინსა და რამზან კადიროვს შორის. ჩეჩნეთის ლიდერი, რაღაც დროის განმავლობაში, "ვაგნერებს" უჭერდა მხარს, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალა და ისევ შოიგუ-გერასიმოვის პოზიცია დაიჭირა.

  • "პუტინის მზარეული" არაერთხელ დაიმუქრა, რომ თუ საბრძოლო მასალას არ მიაწვდიდნენ, ბახმუტიდან თავის დაჯგუფებას გამოიყვანდა. ამ ულტიმატუმის გამო, კადიროვმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ძველი მოკავშირე და რუსეთის ხელისუფლებას ურჩია, ბოლოს და ბოლოს, გამოეყვანათ ის "მუსიკოსები ბახმუტიდან და ერთად ენახათ, რას შეცვლიდა მათი არყოფნა"...

meduza.io-ს ცნობით, იარაღის გადაცემის მოთხოვნისა და მორიგი ულტიმატუმის შემდეგ, პრიგოჟინმა კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ რუსული არმია ბრძოლის ველიდან გარბის და ირონიულად საუბრობს ვინმე ბედნიერ ბაბუაზე, რომელიც არხეინად უყურებს, როგორ იხოცებიან ბახმუტში მისი სამხედროები.

"ჩვენს ჯარისკაცებს ხოცავენ. ბედნიერი ბაბუა კი ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგადაა. როგორ უნდა მოვიგოთ ომი თუ აღმოჩნდება, რომ ეს ბაბუა ნამდვილი სულელია?!" - ამბობს პრიგოჟინი და უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობას ბედნიერ ბაბუას აბრალებს.

"ბრძოლის ნაცვლად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მუდმივად ინტრიგებია, ჩვენი არმია გარბის - 72-ე ბრიგადამ, დონეცკის რაიონში, რამდენიმე კმ-ით დაიხია დაკავებული იმ ტერიტორიიდან, რომლის აღებასაც ჩემი 500 ჯარისკაცი შეეწირა, რადგან ეს სტრატეგიული პლაცდარმი იყო... ჩვენ მას ვბლოკავდით. ჩვენმა არმიამ კი, უბრალოდ, მოკურცხლა... - აცხადებს პრიგოჟინი. (წაიკითხეთ: "რატომ ვზეიმობთ, რას აღვნიშნავთ? როგორ უნდა მოვიგოთ ომი, თუ აღმოჩნდა, რომ ბაბუა სულელია?" - პროგოჟინის მორიგი "დარტყმა" პუტინის გენერალიტეტს და ორაზროვანი მიმართვა)

მისივე მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, ბახმუტის მიმართულებით ფრონტის ფლანგებს არღვევენ და ზაპოროჟიეში გადაჯგუფებას ახდენენ, საიდანაც უახლოეს ხანებში კონტრშეტევას დაიწყებენ.

  • რუსი ბლოგერის ალექსანდრ მარკოვის მოსაზრებით, ყველაფერი იმით დასრულდება, რომ პრიგოჟინს სადმე ცხელ წერტილში მოკლულს იპოვიან და შემდეგ, საქმის გამოძიებას ისევ მკვლელები დაიწყებენ.

"აქამდე ისე მოვიდა, ეტყობა მართლა დაიჯერა, რომ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით მიდიოდა. არადა, ამ წლების განმავლობაში, ყველა სიტუაციაში გამოიყენეს, ისე, როგორც მათ სურდათ, ცენტრალურ აფრიკაში, სირიაში, ლიბიაშიც და უკრაინაშიც... ორი ვარიანტი, ან კადიროვმა აჯობა ჭკუით, ან პრიგოჟინმა მართლა დაიჯერა, რომ თავისი ბიზნესების გამო, საიმედო მოკავშირეები ჰყავდა და თუ მოინდომებდა, პუტინის შეცვლაც შეეძლო. ან შოიგუ-გერასიმოვის ადგილს ის და მისი კლანის წევრები დაიკავებდნენ... ღმერთმა დალოცოს რუსული კორუფცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პატრიოტიზმზე კი არა, ყველაფერზე ძლიერია", - წერს ბლოგერი.

"ბახმუტიდან გამოსვლის შემდეგ პრიგოჟინს ერთადერთი გზა რჩება - დაიწყოს შეიარაღებული დაპირისპირება რუსეთის ხელისუფლებასთან, რადგან გამოდის, რომ ის ასობით ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე ტყუილად დახოცილა... სად უნდა წაიყვანოს დანარჩენი? მორჩა, ბიჭებო, აღარ გვჭირდებითო, ვეღარ ეტყვის, რადგან მათ მხოლოდ სროლა და ადამიანის მოკვლა იციან. აღარც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მიიღებენ. ანუ "ვაგნერი" ჩიხშია - ან დაპირისპირება, ან თვითმკვლელობა," - წერს სამხედრო მიმომხილველი ოლეგ ლუჟოვი.

წაიკითხეთ ასევე: