თაკო აბაშიძე პიარ-სამსახურს შეეჭიდა და სცენაზე გადაინაცვლა

თაკო აბაშიძე პიარ-სამსახურს შეეჭიდა და სცენაზე გადაინაცვლა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობი თაკო აბაშიძე გორის თეატრში მიიწვიეს და ის საცხოვრებლადაც იქ გადავიდა. როგორც კი თაკო თბილისში ოჯახის მოსანახულებლად ჩამოვიდა, მაშინვე შინ ვეწვიე და გორის თეატრსა და მის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრე.

- დაახლოებით ერთი თვის წინ, გორის თეატრის ხელმძღვანელობამ ამავე თეატრის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელობა შემომთავაზა. ამ წინადადებას მაშინვე სიხარულით დავთანხმდი, რადგან თეატრი მიყვარს, სცენის მსახიობი ვარ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება, თუკი რაიმე სასიკეთოს გაკეთება შემეძლება ქართული თეატრისთვის. როგორც იცი, საცხოვრებლად გორში გადავედი.

- საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ გაგიჭირდა?

- არა, გორში დიდი სიხარულითაც კი გავემგზავრე. სულაც არ ვფიქრობ, რომ ვისაც რაიმეს გაკეთება შეუძლია, ის აუცილებლად თბილისში უნდა მუშაობდეს. ნებისმიერი ადამიანი გორშიც უნდა წავიდეს, ქუთაისშიც, ახალციხეშიც და ა.შ. მსახიობები აუცილებლად უნდა "გავნაწილდეთ" მთელ საქართველოში, რათა უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ და სხვადასხვა თეატრს ახალი სახეები შეემატოს.

- როგორ შეეწყვე ახალ სამსახურსა და თანამშრომლებს?

- საკმაოდ კარგად. მართლა კარგი დასი და თეატრია. დიდი სიხარულით მიგვიღეს და იოლად შევეთვისე ამ ადამიანებს, რადგან მათგან არანაირი წინააღმდეგობა და უარყოფითი ემოცია არ მიგრძნია. ქუჩაში, აბსოლუტურად უცნობი ადამიანები რომ მხვდებიან, ისინიც კი ძალზე დადებითად არიან ჩემ მიმართ განწყობილნი. სხვათა შორის, ჩემი იქ გადასვლის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ სწრაფად გავრცელდა.

- გორელები ალბათ სერიალ "ჩიფსების თაობის" წყალობით გიცნობენ?

- რასაკვირველია. მცნობენ და ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემი იქ ყოფნა უხარიათ. ხშირად მსმენია პოპულარული ადამიანებისგან, ხალხის ყურადღება შემაწუხებელიაო. მე ასე არ ვფიქრობ. ვისთვისაც ეს შემაწუხებელია, ის პოპულარული არასოდეს უნდა გახდეს... როცა ადამიანები მოდიან, სიყვარულსა და კეთილგანწყობილებას გამოხატავენ, ეს შემაწუხებელი არასოდესაა.

- გორის თეატრში არის იმის შანსი, რომ უფრო პოპულარული გახდე?

- სიმართლე რომ გითხრათ, იქ საკუთარი პოპულარობის გასაზრდელად არ წავსულვარ. უბრალოდ, ძალიან მინდა, უკეთესობისკენ შეიცვალოს გორის თეატრი. ის უკვე არის ერთ-ერთი კარგი თეატრი, მაგრამ მინდა, რომ საქართველოში უპირველესი იყოს. ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! რომ მივიღე, მივიჩნიე, რომ მნიშვნელოვანი სამსახური იყო ჩემთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც. ყველა ადამიანს შეუძლია, რაღაც კარგი გააკეთოს, თუკი მას ამის ენთუზიაზმი და ძალა აქვს.

- პიარ-სამსახურის ხელმძღვანელობის გამოცდილება გქონდა?

- ცხოველთა დაცვისა და ჯიშიან ძაღლთა ორგანიზაციის პიარ-მენეჯერი გახლდი, მაგრამ იქ უფრო მეტად, საზოგადოებასთან ურთიერთობა მიხდებოდა. თუკი რაიმე სახალხო ღონისძიება ტარდებოდა, მასში ვმონაწილეობდი და მის სახეს წარმოვადგენდი. ამ ორგანიზაციის პიარზე ნამდვილად არ მიმუშავია. ახლა პირველად მომიწია ნამდვილ პიარზე მუშაობამ - მასმედიის წარმომადგენლებს ვუკავშირდები, ვფიქრობ, როგორ შეიძლება გაკეთდეს ფლაერები, როგორი ბანერი უნდა დაიდგას გორში და ა.შ.

- შენთან ერთად, თბილისიდან კიდევ თუ წავიდა ვინმე ამ თეატრის ასაღორძინებლად?

- თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სოსო ნემსაძეც თბილისიდანაა. თეატრის მმართველი გორელია, მისი მოადგილე ზურაბ ნიჟარაძეც თბილისიდან გახლავთ.

- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც გორში ხარ, ერთ პრემიერაში უკვე მონაწილეობდი...

- მართალია. დიდი სიხარულით მინდა გითხრა, რომ უპრეცედენტოდ დიდი დასწრება იყო ახალ სპექტაკლზე. ეს გახლდათ მარსელ პანიოლის პიესა "ტოპაზის სისტემა", რომელიც სოსო ნემსაძემ დადგა. სპექტაკლის საპრემიერო დღეები 25-იდან 28 ნოემბრამდე გრძელდებოდა. მართლა ბევრი ხალხი მოვიდა. არ ვიცი, რამ იმოქმედა ასე ხალხზე, ალბათ ახალმა სახეებმა, ახალმა ძალებმა, იმ ენთუზიაზმმა, რომლითაც ამ სპექტაკლზე მუშაობა დავიწყეთ. პირველი სპექტაკლი სრულიად უსასყიდლოდ, დევნილებისთვის ვითამაშეთ. პრემიერის მეორე დღეს შიდა ქართლის გუბერნატორის, ზურაბ არსოშვილის ინიციატივით, ჩვენთან სტუმრად 50 ფრიადოსანი მოსწავლე მოვიდა. რასაკვირველია, სპექტაკლს თავის თანამშრომლებთან ერთად, მხარის გუბერნატორიც დაესწრო. საერთოდ, დიდ მხარდაჭერას გვიწევს მხარის ადმინისტრაცია. მიხარია, რომ მათ აინტერესებთ თეატრი და მასზე ზრუნავენ.

- როგორც ვიცი, კიდევ ერთ ახალ სპექტაკლზე მუშაობთ.

- მართალია. მიგვაჩნია, რომ რადგან რეგიონია, სულ ახალ-ახალი სპექტაკლებია საჭირო, ამიტომ პრემიერა ხშირად გვექნება. ახლა მზადდება ორპერსონაჟიანი სპექტაკლი, სადაც მხოლოდ მე და ზურაბ ნიჟარაძე ვითამაშებთ. ეს არის ირაკლი სამსონაძის პიესა - "ყოფილების სარეცელი", რომელსაც გიორგი შალუტაშვილი დგამს. მანაც საკმაოდ დიდი დახმარება გაგვიწია იმით, რომ მოდის ჩვენს თეატრში და სპექტაკლზე მუშაობს. საახალწლოდ აუცილებლად გვექნება სპექტაკლი ბავშვებისთვის, გაისად კიდევ ბევრ ახალ პრემიერას შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს. გვინდა აგრეთვე, გასტროლები გვქონდეს. ჩავალთ ქუთაისში, ახალციხეში და თბილისის თეატრებშიც. თეატრში ჩვენი მისვლის შემდეგ, ჩამოყალიბდა სამხატვრო საბჭო, რომელიც ყველა მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს. ასევე შეიქმნა მზრუნველთა საბჭო, სადაც წევრდებიან ის ადამიანები, ვისაც უყვარს და შეუძლია, თეატრს დაეხმაროს. გორის თეატრი უძველესია. ჩვენ გვაქვს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სცენა, რომელიც ისეთ ავარიულ მდგომარეობაშია, რომ იქ სპექტაკლის ჩატარება შეუძლებელია. ამ გამოუვალი სიტუაციის გამო, სპექტაკლებს მცირე დარბაზში ვატარებთ. სამწუხაროდ, თეატრს არა აქვს იმის სახსრები, რომ ეს სცენა აღვადგინოთ და მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედად ვართ.

- საკმაოდ აქტიური ადამიანი ხარ, უამრავი მეგობარი გყავს. ახლა კი გორში გადახვედი, სადაც შენიანი არავინაა. თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

- მე არ მითქვამს, რომ იქ ჩემიანი არავინაა. სხვათა შორის, ბევრი ახლობელი და მეგობარი შევიძინე. თავისუფალი დრო კი იმდენად ცოტა მაქვს, რომ მირჩევნია, სახლში გავატარო და დავისვენო. თუმცაღა გორელები საკმაოდ კარგი მეგობრები და სტუმართმოყვარე ადამიანები არიან და არც იქ მომიწყენია.

- ასეთი სიახლეებით დატვირთული კარიერის მიუხედავად, პირად ცხოვრებაშიც რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს?

- ჩემი პირადი ცხოვრება საერთოდ აღარ განიხილება... ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ამაზე ლაპარაკი არ ღირს. თუკი რაიმე სერიოზული ნაბიჯის გადადგმას დავაპირებ, ჟურნალისტებს ნამდვილად არ გამოგაპარებთ...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"