რუსეთის ქმედებების მიუხედავად, რომელიც მიისწრაფის ნებისმიერ ფასად მოიპოვოს კონტროლი მთელს სამხრეთ-კავკასიაზე, საქართველოს პრეზიდენტმა მოსკოვს ხელი გაუწოდა. მისი მიზანია გადაარჩინოს ყველაფერი, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება, თუმცა კონფლიქტის ტერიტორიაზე ყველაფერი დროებითი მუდმივ კატეგორიად გარდაიქმნება.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან, თბილისის ცენტრში გაჩნდა უზარმაზარი პოსტმოდერნისტული შუშის ნაგებობა, რომელის ავტორიც იტალიელი არქიტექტორი მიკელე დე ლუჩია. აქ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარი უწყება - შინაგან საქმეთა სამინისტროა განთავსებული. იქვე მახლობლად მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროთა შენობები უღიმღამო მიშენებებს ჰგავს. ერთ დროს „კაგებე“-ს ჯაშუშებით სავსე უშიშროების სამინისტრომ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელწოდება შეიცვალა. ახლა ამ შენობაში მოტკეცილ ქვედაკაბებში გამოწყობილი ქალბატონები და მოვლილი მამაკაცები მოძრაობენ. მათი ასაკი 30 წელს არ სცილდება, რამდენიმე უცხო ენაზე ლაპარაკობენ და სამუშაო საათებს არ ითვლიან იმ შემთხვევაშიც, თუკი მუშაობა დასვენების და სადღესასწაულო დღეებში უწევთ.
…
წლები გავიდა, მაგრამ კრემლის მიზნები საქართველოში არ შეცვლილა. მოსკოვს სურს პატარა კავკასიურ რესპუბლიკას ნებით თუ უნებლიედ რუსეთის წიაღში დაბრუნება აიძულოს და ხელი შეუშალოს მის გაწევრიანებას ნატო-სა და ევროკავშირში, რაც კრემლის აზრით შეიძლება ძალიან ცუდ სიგნალად იქცეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რეალურად მიისწრაფვიან მისი გავლენის სფეროსგან გათავისუფლებისკენ. პირველ რიგში ეს ქვეყნები უკრაინა და ბელორუსი არიან. „საქართველოს და უკრაინას რუსები თავის მთავარ კოლონიებად, რუსეთის უკანასკნელ საზღვრებად მიიჩნევენ, რომელთა გარეშეც იმპერიის მოდერნიზაცია ვერ განხორციელდება“ - გვიხსნის საქართველოს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გიგა ბოკერია. თბილისის დასავლეთისკენ მოძრაობისთვის ხელის შეშლით, მოსკოვს ასევე სურს მონოპოლია დაამყაროს ენერგოდინებებზე, რომლებსაც კრემლი დასავლეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
…
თბილისში არავის სჯერა იმის, რომ მოსკოვის თავდასხმა გარდაუვალია. „რუსეთის ხელისუფლებას სააკაშვილის მოშორება სურს. მან სცადა ამის გაკეთება ძალით, შემდეგ გათვლა ოპოზიციის აქციებზე გააკეთა და ბოლოს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადა, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ის საკუთარ თავს მეორედ სამხედრო ინტერვენცის მოწყობის უფლებას ვერ მისცემს. ამიტომ კრემლი დღეს ცდილობს ქვეყნისადმი ნდობა შეარყიოს, ინვესტორები დააფრთხოს, სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს და ნელ-ნელა ის მოსკოვის ორბიტაზე დააბრუნოს“ - მიაჩნია სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელს ალექსანდრე რონდელს.
რუსეთის ქმედებების მიუხედავად, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობს მთელი სამხრეთ-კავკასიის დაპყრობას, ახალგაზრდა სახელმწიფო მას მთელი ძალით ეწინააღმდეგება. 2008 წელს, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული პატარა ქართული ბაყაყი გაიბერა და შეეცადა რუსი ხარის მასშტაბებისთვის მიეღწია, წამოიწყო რა ინიციატივები, რომელიც ზოგიერთ დედაქალაქში უადგილოდ და არაადეკვატურად მიიჩნიეს. მას შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ რეალობის მკაცრი სკოლა გაიარა და გაიზარდა. „სააკაშვილმა საკუთარი შეცდომებიდან დასკვნები გამოიტანა“ - განაცხადა ერთ-ერთმა ექსპერტმა გეოპოლიტიკის საკითხებში. თავდაცვის განმტკიცებისთვის თბილისში არმიის მოდერნიზაცია დაიწყეს, თუმცა წითელი არმიის შესაძლებლობამდე მას ბევრი უკლია. „ჩვენ ვერ დავამარცხებთ რუსეთს ჩვეულებრივ კონფლიქტში, მაგრამ არც ჩეჩნებივით ბრძოლას ვაპირებთ. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია თავდასხმის შემთხვევაში, ეს არის რუსეთის არმიის წინსვლის შეკავება საკმარისად დიდი დროით იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩვენი დახმარება მოასწროს…“ - ამბობს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. ამის თქმა უფრო ადვილია ვიდრე გაკეთება, თუ გავითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რასაც ქვეყანა ფინანსური მიზეზების გამო შეტევითი ან თავდაცვითი შეიარაღების შეძენის მცდელობის დროს აწყდება, ასევე იმის გამო რომ კრემლი ზეწოლას ახდენს ყველა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც საქართველოსთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების სურვილი აქვს.
„ჩვენს გარდა ყველას ჰყავს დამცველი. ბიძია სემს თუ არ ჩავთვლით… ჩვენი ბუნებრივი მშობელი ევროპა, რომელსაც ასე გვინდა თავი მოვაწონოთ, საკუთარ შვილად არ მიგვიჩნევს. რუსეთი ცდილობს იყოს ჩვენი მამაც და დედაც, სინამდვილეში კი ის ბოროტი დედინაცვალია. ჩვენ არ გვსურს ობლები ვიყოთ“ - უკმაყოფილოა ალექსანდრე რონდელი, რომელიც ისურვებდა რომ დასავლურმა ქვეყნებმა მოსკოვზე საკუთარი ზეწოლის კონცენტრაცია მოახდინონ. ყველა მხრიდან ალყაშემორტმულ რუსულ მონსტრს, თურქეთს და აზერბაიჯანს შორის ქართველები საკუთარ იმედებს ევროპას, აშშ-ს და ნატო-ს უკავშირებენ. დროსთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა ისწვალა დიპლომატიური იარაღის სრულყოფილად გამოყენება და მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ზოგიერთები მას უწოდებდნენ ლიდერს, რომელსაც მომავალი არ ჰქონდა, ვაღიაროთ რომ პოლიტიკურ სივრცეზე კონტროლის მოპოვება მან ოპოზიციასთან გარკვეული ხისტი მოქმედების ფასად შესძლო, იმ ოპოზიციასთან რომელსაც მოსკოვთან ურთიერთობების მოგვარება სურდა.
მარწუხების მოშვება
ახლახან ევროპარლამენტში გამოსვლისას, რუსეთისთვის სეპარატისტული ტერიტორიების ბედზე მოლაპარაკებების შეთავაზებითა და იმის დაპირებით, რომ მათ დასაბრუნებლად არ მოხდება ძალის გამოყენება, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად განიმტკიცა პოზიციები, გააკეთა რა კეთილი ნების ჟესტი. „ჩვენ კვლავ შორს ვართ ევროპისგან. აბსოლუტურად ცხადია, რომ კრემლის დღევანდელი რეჟიმის პირობებში, შეუძლებელი იქნება რუსეთთან შეთანხმება, თუმცა საჭიროა იმ დღისთვის მომზადება, როდესაც ბოლოს და ბოლოს ყველა გაიზრდება“ - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი. ნატო-ს და რუსეთის დაახლოვება, რაც ოფიციალურად დადასტურდა ალიანსის ბოლოდროინდელ სამიტზე ლისაბონში, თბილისში პოზიტიურ მოვლენად აღიქმება იმის გათვალისწინებით, რომ ამან შეიძლება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას შეუწყოს ხელი.
თუმცა ამ მომენტისთვის მიხეილ სააკაშვილის გაწვდილ ხელს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. თბილისში დიპლომატების და მინისტრების გარდა, თითქმის არავინ აცხადებს რომ სჯერა იმ მარწუხების მოშვების სააკაშვილისეული ინიციატივის შესაძლებლობის, რომელიც პატარა კავკასიურ რესპუბლიკას ხუთავს.
ფრონტის ხაზები, რომლებიც ქვეყანას რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტულ რესპუბლიკებთან კონფლიქტებით მემკვიდრეობად ერგო, დღითიდღე უფრო მტკიცე ხდება. „რეალისტები უნდა ვიყოთ. ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი. ცხადია, რომ ჩვენ მოცდა მოგვიწევს ხუთიდან-ოცდახუთ წლამდე“ - აღიარებს უტიაშვილი. სამინისტროების კულუარებში საქართველოს ფედერაციად გარდაქმნის იდეასაც განიხილავენ.
„ვარდების რევოლუციიდან“ შვიდი წლის შემდეგ ბურთი მოსკოვის მოედანზეა, რომელსაც სააკაშვილის წინადადებაზე „კი“-ს ან „არა“-ს თქმა მოუწევს. ამავდროულად დასავლეთისკენ მიმართული ჯორჯ ბუშის ქუჩის, ახალგაზრდა და დინამიური მინისტრების და „მშვიდობის ხიდის“ გარდა, რომელიც ლუვრის ტერიტორიაზე ღირსეულ ადგილს დაიკავებდა, ჩვენ ვხედავთ ღარიბ სოფლებს, დაძველებულ მატარებლებსა და ავტომობილებს - ქართულ მედალს ორი მხარე აქვს. როგორც ალექსანდრე რონდელმა სთქვა - „დღეს ჩვენთვის ყველაზე მთავარია ის, რისი გადარჩენაც აუცილებელია - საქართველოს პრო-დასავლური ორიენტაცია“.
იზაბელ ლასერი