ავტორი:

"არასდროს შემშინებია. ცრემლები ყოფილა, შიში - არა“ - უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავი, რომელმაც კიევი დაცემას გადაარჩინა: რა არის ცნობილი "ცივსისხლიან" კირილ ბუდანოვზე?

"არასდროს  შემშინებია. ცრემლები ყოფილა, შიში - არა“ - უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავი, რომელმაც კიევი დაცემას გადაარჩინა: რა არის ცნობილი "ცივსისხლიან" კირილ ბუდანოვზე?

37 წლის კირილ ბუდანოვი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მეთაურია. ქვეყნის მთავარმა სამხედრო მზვერავმა და მისმა გუნდმა რუსეთ-უკრაინის 1.5-წლიანი ომის განმავლობაში უამრავი წარმატებული ოპერაცია განახორციელეს, მათ შორის, უშუალოდ ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიაზეც.

მისი წარმატებებიდან, რომლის ნაწილიც არ საჯაროვდება, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ბუდანოვის და მისი გუნდის მიერ დროულად მოპოვებული ინფორმაციით გადარჩა კიევი და არ დაეცა...

დღეს ჩვენს სტატიაში უკრაინული სამხედრო დაზვერვის "ტვინზე“ მოგიყვებით.

"უემოციო, ცივსისხლიან" კირილზე ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მისი ცხოვრების დიდი ნაწილი, საქმიანობიდან გამომდინარე, უცნობი და მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია.

კირილი კიევში დაიბადა და სევასტოპოლში გაიზარდა, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

"გამარჯვების შემდეგ დაუყოვნებლივ სევასტოპოლში გავემგზავრები. ეს ჩემი მშობლიური ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ კიევში დავიბადე, მე სევასტოპოლელი ვარ, იქ გავიზარდე...“ - ამბობს ის.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბუდანოვი ყვებოდა, რომ მზვერავობაზე პატარა ასაკიდან ოცნებობდა. მან მტკიცედ იცოდა, რომ როცა გაიზრდებოდა, სამხედრო პირი გამოვიდოდა.

მისი მეუღლე მარიანა, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია, ერთ დროს ვიტალი კლიჩკოს გუნდში მუშაობდა და სპორტულ სფეროში კორუფციის გამოაშკარავებით იყო დაკავებული.

"არასდროს ვერევი მეუღლის საქმიანობაში, თუმცა თუ ჩემი დახმარება ან რჩევა სჭირდება, ყოველთვის ვცდილობ მის გვერდით ვიყო. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთ-ერთი პირველი მე ვიგებ მის მიერ წარმატებით შესრულებული დავალების ამბავს“, - ამბობს მარიანა.

წყვილი ომის დაწყებიდან მოყოლებული დაზვერვის მთავარ ოფისში ცხოვრობს.

"23 თებერვალს მეუღლე ჩემს ოფისში გადმოვიყვანე. ვიცოდი, რომ შემდეგ დღეს ომი იწყებოდა...“ - ყვება კირილი.

ბუდანოვს სამხედრო განათლება აქვს მიღებული. 2014 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და რამდენჯერმე დაიჭრა კიდეც.

მისი ცხოვრებისა და საქმიანობის 2018-2020 წლების პერიოდი სრულად გასაიდუმლოებულია, თუმცა ამბობენ, რომ მისი კარიერის აღზევება სწორედ ამ წლებში შესრულებული დავალებებით დაიწყო.

არსებობს მოსაზრება, რომ 2021 წელს, როდესაც ქაბული დაეცა და ხელისუფლებაში "თალიბანი“ მოვიდა, ქაბულიდან მოსახლეობის ევაკუაციას ბუდანოვი ხელმძღვანელობდა...

2022 წლის 24 თებერვლიდან ყველა უკრაინელი საჯარო მოხელის დეკლარაცია საზოგადოებისთვის ფარული გახდა. ამიტომ ბუდანოვის ქონებაზე ცნობები არ მოიპოვება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Bihus.Info-ს გამოძიების მიხედვით, კირილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი სკანდალური მოადგილის, ალექსანდრ გოგილაშვილის სახლში ცხოვრობდა, რომელიც ვიაჩესლავ სტრელკოვსკის ცოლის სახელზეა გაფორმებული.

ალექსანდრ გოგილაშვილთან ერთად

ის, რომ ბუდანოვს ურთულესი სამსახური აქვს, საიდუმლო არავისთვის არის. ხშირად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, თუმცა შინაგანი სიმტკიცე და, როგორც თვითონვე ამბობს, ღმერთთან ახლო კავშირი საქმეს უმარტივებს:

"რამდენიმე წესი მაქვს, რომელსაც არასდროს დავარღვევ, საკუთარ თავთანაც კი. ჩემი პროფესიის მიუხედავად, არასდროს ვატყუებ ადამიანებს. შესაძლოა, ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ ტყუილს - არასდროს.

ხშირად ვლოცულობ. სამწუხაროდ, ეკლესიაში მაშინ მივდივარ, როდესაც რამე ცუდი უკვე მოხდა. ჩემი ლოცვები ღმერთს ესმის...

ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება მიწევს ხოლმე. მაგალითად, როდესაც მებრძოლთა ჯგუფს დავალებისთვის ვქმნი, ვაანალიზებ, რომ ნაწილი ვეღარ დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყანა, დავიბრუნოთ სამშობლო და სახელმწიფო.

ძირითადად, საღ და ცივ გონებას ვინარჩუნებ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცრემლი წამომსვლია. იყო ისეთი დანაკარგები, რამაც ცრემლი მომადინა.

არასდროს არაფრის შემშინებია. ცრემლები ყოფილა, შიში - არა“.

კირილს ჯარისკაცები დიდ პატივს სცემენ. მასზე აღტაცებით საუბრობენ და ხშირად იფიქრებთ, რომ ადამიანს კი არა, რომელიმე სამყაროს სუპერ-გმირს ახასიათებენ. მაგალითად, ისინი ჰყვებიან, რომ ბუდანოვს ისეთი სპეცოპერაციები განუხორციელებია, რომელიც უბრალო მოკვდავი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო.

თვითონ ამაზე საუბარს თავს არიდებს და მცირე კომენტარით შემოიფარგლება:

"ერთადერთი, რაშიც შემიძლიათ დაგეთანხმოთ, ის არის, რომ შეუძლებელი არაფერია. მთელი ცხოვრება ამ იდეით ვცხოვრობ. არაფერია ისეთი, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებთ.

ერთმა ბრძენმა თქვა: "საზღვრები არასდროს მინახავს, მაგრამ მსმენია, რომ ისინი ადამიანის გონებაშია“, ეს ქვეყნის შემთხვევაშიც ასეა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

როგორც უკვე ვახსენეთ, კიევი რომ არ დაეცა და დღეს თავისუფალია, ამ საქმეში ბუდანოვის დამსახურება უზარმაზარია. უკრაინის მთავარ დაზვერვას ზუსტად უნდა სცოდნოდა, ოკუპანტების პირველი ამოცანა და ოპერაციის თარიღი.

როგორც უკვე შემდეგში გაირკვა, რუსების გეგმა შემდეგი იყო: 24 თებერვალს, სადესანტო-მოიერიშე რაზმები, რომელიც გოსტომელის აეროპორტთან გადმოსხდებოდნენ, აეროდრომს აიღებდნენ და უზრუნველყოფდნენ, რომ რუსული სადესანტო ოპერაცია მასიური დესანტით გაგრძელებულიყო. ეს ინფორმაცია ბუდანოვის სამსახურმა მოიპოვა და ოკუპანტების დესანტს "თბილი“ დახვედრა მოუწყო:

"ველოდი, რომ დილის 4-ზე უნდა დაეწყოთ. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ცვლიდნენ შემოჭრის თარიღს. ეს ძალიან მადარდებდა, ზუსტად უნდა მცოდნოდა ყველაფერი, რადგან მე ვიყავი დაზვერვის მეთაური, არაფერი უნდა შემშლოდა. 23 თებერვლის 15:00 საათისთვის, როგორც იქნა, გავარკვიეთ, რომ მომდევნო დღის, გამთენიის 4:00 საათზე დაიწყებოდა შემოჭრა. 23 თებერვალს, ჩვენი სპეცსამსახურები გამოვიძახე, აქ შეიარაღდნენ და გოსტომელში გადავისროლეთ. 4:00 საათისთვის უკვე იქ, თავის პოზიციებზე იყვნენ. ეს იყო უმთავრესი მიზანი, რომ გოსტომელში რუსების გადმოსვლა შეეყოვნებინათ. რუსების გეგმაც ეგ იყო, რომ გოსტომელის აეროდრომზე ჩამოსულიყვნენ, იქიდან კი კიევში შემოსულიყვნენ. ეს იყო მათი ერთადერთი გეგმა. თუმცა ვერ განახორციელეს!

მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ასეთ წინააღმდეგობას გავუწევდით. მათ შექმნეს მასობრივი შეტევის ილუზია. არ ელოდნენ მძიმე ბრძოლებს. ეგონათ, რომ შევიდოდნენ კიევის იმ უბანში, სადაც მთავრობის წევრები იყვნენ, შედეგად ისინი შეშინდებოდნენ და გაიქცეოდნენ ან უკიდურეს შემთხვევაში, თავად დაიჭერდნენ და გამოაცხადებდნენ, რომ უკრაინაში ძალაუფლება ხალხის ხელში გადავიდა.

მე თვითონ მყავდა ისეთი ტყვეები, რომლებსაც აღლუმის (გულისხმობს რუსეთის ჯარის ფორმას. - რედ.) ფორმა ეცვათ. ვეკითხებოდი, რად გინდოდათ ეს ფორმა, ისინი კი მპასუხობდნენ, რომ აქ თითქოს ხალხი ელოდებოდათ და მარშით უნდა გაევლოთ. მათ რომ გოსტომელის აეროდრომი დაეკავებინათ, კიევს აიღებდნენ".

ბუდანოვის გუნდი არა მხოლოდ წინასწარ იგებს რუსების გეგმებს, არამედ ისინი მუშაობენ ომის დამნაშავეების ვინაობის გამოაშკარავებაზე. როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, ოკუპანტებმა არაერთი მხეცური დანაშაული ჩაიდინეს. მათ შორის, მარიუპოლში, ირპენში, ბუჩაში და ა.შ.

დაზვერვა ამ ადამიანების გაშიფვრაზე აქტიურად მუშაობს. დღეისათვის უკვე რამდენიმე ათეული ადამიანია ცნობილი, ვინც უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში მშვიდობიან მოსახლეობას აწამებდა, კლავდა, აუპატიურებდა და სხვა საზარელ დანაშაულებს სჩადიოდა.

"ჩვენმა სამსახურმა უკვე დაადგინა ბუჩაში სისასტიკის ჩამდენების ვინაობა. ახლა ჩვენი მიზანია, ამ ხალხს პასუხი ვაგებინოთ. ჩვენს გაგებაში ამ ადამიანების პასუხისგება მხოლოდ ფიზიკური განადგურებით უნდა მოხდეს.

შესაძლოა, ახლა რასაც ვიტყვი, ლამაზად არ ჟღერდეს, მაგრამ ასეა. როდესაც ამბობენ, - "ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და უბრალო ხალხი იქ ასეთი არ არის“, ეს ტყუილია. ყველა სოციალური კვლევა, რაც ჩვენ ჩავატარეთ და ყველა ის კვლევა, რაზეც მე მაქვს წვდომა, აჩვენებს, რომ რუსეთში გამოკითხულთა 73-82% უკრაინაში ომის მომხრეა, ანუ რიგითი რუსი მომხრეა ამ ომის, ნგრევის, სიკვდილისა და სიმხეცის ჩადენის. მათ მართლა სჯერათ, რომ რუსეთი ოკუპანტი კი არა, განმათავისუფლებელია.

ათასობით რუსი გამოვკითხეთ და გეუბნებით, რომ ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როდესაც ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურმა მითხრა, რომ შეგნებულად მოვიდა საომრად, ასრულებდა დავალებას და არ ნანობდა. ეს იყო ნამდვილად ერთადერთი შემთხვევა. ყველა დანარჩენი ამბობდა, რომ აქ საომრად არ მოვიდნენ. მათ უთხრეს, რომ უკრაინაში ფაშისტები არიან და მშვიდობიან ხალხს კლავენ ამ ადამიანების გასათავისუფლებლად მოვიდნენ".

კირილის თქმით, რუსებს ჰგონიათ, ომის წარმოებაში ისინი საბჭოთა კავშირის დონეზე არიან და ზუსტად ეს არის მათი მთავარი შეცდომა.

"მეთოდები, რასაც რუსები იყენებენ, საბჭოურიც აღარა არის. მათ საბჭოური სისტემა დაკარგეს. რუსული სისტემა საერთოდ არ არის იმავე დონეზე, რაც საბჭოთა კავშირში იყო. ამ ომმა ეს კარგად აჩვენა. როდესაც ამბობდნენ, რომ ისეთივე ძლიერები ვართ, როგორც სსრკ, ეს დიდი ტყუილი აღმოჩნდა. მათ თავდაცვის მრეწველობა დაკარგეს. ახლა ისინი უცხოეთზე არიან დამოკიდებულები.

რიგითი უკრაინელები უნდა მოეშვან იმაზე ფიქრს, რომ რუსეთი მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმიაა და ყველას გაანადგურებს, მათ საბოლოოდ უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის, ჯარის, ქვეყნის, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს“.

დაზვერვის მეთაურისთვის გამარჯვება მხოლოდ 2014 წლის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მისთვის მნიშვნელოვანია უკრაინამ ის მიწებიც დაიბრუნოს, რაც 1991 წლისთვის ჰქონდა.

"ჩვენთვის გამარჯვება 1991 წლის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე გასვლაა. შეიძლება კაპიტულაცია პირდაპირი სახით არ იყოს, მაგრამ ჩვენ იმ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. რუსეთი კი სახეს შეიცვლის, ამას ტრანსფორმაციას დაარქმევენ. მის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოები გაჩნდება, ვფიქრობ, იჩქერიას და დაღესტანს. ეს ყველაზე თვალსაჩინო რეგიონებია, სადაც რუსეთს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები. ეს რეგიონები ძალით დამორჩილებულია“, - ამბობს ბუდანოვი.

ზოგადად, უკრაინა ახლა იმას გადის, რაც პატარა საქართველოსთვის არახალია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფიზიკურად რუსეთს ორჯერ ვეომეთ, ჰიბრიდულად კი დღემდე გვებრძვის. ისევე, როგორც უკრაინამ გამოიტანა აგვისტოს ომიდან დასკვნები და რაღაცები ჩვენგანაც ისწავლა, ჩვენც მოგვიწევს ანალოგიურის გაკეთება. გვექნება საერთო გამოწვევები. ერთ-ერთი ასეთია ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნების შემდეგ, როგორი იქნება თანაცხოვრება იმ ხალხთან, ვინც წლებია ამ რეგიონებში რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშაა. ეს არის სერიოზული საკითხი და კომპლექსურ, მრავალწლიან მუშაობას მოითხოვს. ბუდანოვს ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება აქვს:

"ჩემი საქმე გამარჯვების შემდეგაც გაგრძელდება. ტერიტორიების რეინტეგრაცია ძალიან რთული და მრავალწლიანი საკითხია. 3-მილიონიანი რეგიონი უნდა დავიბრუნოთ, იქ ადამიანები 9 წელი რუსული პროპაგანდის ქვეშ ცხოვრობენ. ეს სამი მილიონი ადამიანი შეცვლილი ფსიქიკითაა. ვისი ხელახლა აღზრდაც შესაძლებელი იქნება, თავიდან აღვზრდით. ამ რეგიონებში დიქტატურა არა. მაგრამ მკაცრი ხელი იქნება საჭირო “.

ცივი, უემოციო, სიტყვაძუნწი ბუდანოვის პიროვნების შეფასება მკითხველისთვის მომინდია. ფაქტი ერთია - ბუდანოვი ამ ომის ნამდვილი გმირია...

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე