კეტლინ ფოლბიგს "ავსტრალიის ყველაზე საშინელი სერიული მკვლელის“ სახელი მას შემდეგ შეარქვეს, რაც დამნაშავედ სცნეს ვაჟების - ქეილებისა და პატრიკის და ქალიშვილების - სარას და ლორას მკვლელობაში. ამ დანაშაულისთვის კეტლინს ციხეში 20 წლის გატარება მოუწია.
ფოლბიგს, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, 2003 წელს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თითოეული ბავშვი 1989-დან 1999 წლამდე მოულოდნელად გარდაიცვალა. სასამართლო პროცესზე გამოძიება ამტკიცებდა, რომ დედამ საკუთარი შვილები დაახრჩო.

ბოლოდროინდელმა გამოძიებამ, რომელიც ახალ სამეცნიერო კვლევას დაეფუძნა, დაადგინა, რომ ბავშვები ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპნენ.
შედეგად, NSW-ის გუბერნატორმა ხელი მოაწერა სრულ შეწყალებას და ქალბატონი ფოლბიგის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ბრძანა.
ფოლბიგის 2003 წლის სასამართლო პროცესი ეყრდნობოდა ირიბ მტკიცებულებებს, განსაკუთრებით დღიურებს, რომლებშიც კეტლინი დედობის სირთულეებზე წერდა.
მიუხედავად ამისა, ბავშვების დახრჩობის ფიზიკური მტკიცებულება არ არსებობდა.
ბოლო კვლევებისას, იმუნოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ფოლბიგის ქალიშვილებს გენეტიკური მუტაცია ჰქონდათ - სახელწოდებით CALM2 G114R - რასაც გულით უეცარი სიკვდილი შეიძლება გამოეწვია.
ასევე გამოვლინდა მტკიცებულება, რომ მის ვაჟებს გააჩნდათ განსხვავებული გენეტიკური მუტაცია, რომელიც უეცარ ეპილეფსიასთანაა დაკავშირებული.
კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ კაროლა ვინუესას განცხადებით, უჩვეულო გენეტიკური თანმიმდევრობა კეტლინ ფოლბიგის დნმ-ში თავიდანვე აშკარა იყო. მისივე თქმით, ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება რეფორმები სამეცნიერო პროგრესის გათვალისწინებით.