"ტვ პირველი" ყოფილი ქმრის მიერ მოკლული მარიტა მაზიაშვილის დედასთან პირველ ინტერვიუს აქვეყნებს. ქალი ამბობს, რომ მისი შვილი ნიკოლოზ ლაჩაშვილმა სახლიდან, სავარაუდოდ, მოტყუებით გაიყვანა.
"ჩემი შვილის მოძებნა დავიწყე დაახლოებით ღამის 11 საათზე, თეკო ტიროდა ბებო დედას ვერ ვპოულობო. ვრეკავ არ მპასუხობდა, შემდეგ ვიღაც უცხო ბიჭი იღებს ტელეფონს, ვკითხე, რა გინდათ ამ ტელეფონთან-თქო. მითხრა, სასაფლაოზე დედაჩემი იყო და თქვენი შვილის ტელეფონი იპოვაო. ვეხვეწებოდი, რომ ჩემს შვილს ტელეფონი არ დაუკარგოთ-თქო.
დარწმუნებული ვარ, მარიტა მოატყუა, აბა რატომ გავიდოდა მასთან ჩემი შვილი, მოტყუებით გაიყვანა სასაფლაოზე. ჩემი შვილი ეჭიდავებოდა ალბათ, ცოცხალი შვილი მყავდა, ის არ მოაკვლევინებდა თავს. ალბათ დაარტყა, გათიშა და მოკლა" - ამბობს დედა.
ოჯახის ინფორმაციით, იმ დროს როცა ლაჩაშვილს ცხედარი კუკიიდან გლდანის ნაგავსაყრელზე მიჰყავდა, ორჯერ შეემთხვა ავარია.
"ცხედარი ხომ იცით რა მძიმეა და ეს ერთიბეწო ბიჭი როგორ მოერია, ვიღაც დაეხმარა. ამბობენ ავარიაც მოუვიდაო, ვერავინ დაინახა? ამ დროს ჩემი შვილი იყო მანქანაში, წაიყვანა სადღაც და მიაგდო" - ჰყვება "ტვ პირველთან" საუბარში მარიტა მაზიაშვილის დედა.
ნიკოლოზ ლაჩაშვილი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაიკითხეთ ასევე: