ავტორი:

"ცოლის მოყვანა მინდა და საამისოდ 10 საათს თუ მომცემთ-მეთქი. მწვრთნელი გაოცდა" - სათვალის შეძენისას დაწყებული სიყვარულის ისტორია და მურთაზ შელიას "სპრინტერული ქორწილი"

"ცოლის მოყვანა მინდა და საამისოდ 10 საათს თუ მომცემთ-მეთქი. მწვრთნელი გაოცდა" - სათვალის შეძენისას დაწყებული სიყვარულის ისტორია და მურთაზ შელიას "სპრინტერული ქორწილი"

ყოფილი მოდელი და ბიზნესვუმენი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს და წერს, რომ მომავალმა ქმარმა მის შესახებ ყველაფერი გაზეთის ფურცლებიდან გაიგო. მოდელსა და ცნობილ ფეხბურთელ მურთაზ შელიას 25 წელია ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ანა, ელენე და დათუნა. ანა შელია უკვე ორი შვილის დედაა, მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძეა. თავის დროზე Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ლიკა იხსენებდა, რომ 18 წლის უკვე ორი შვილის დედა იყო...

"როგორ გავიცანი ჩემი მეუღლე? - მკითხეს ერთ-ერთ ინტერვიუში. აქ მოვყვები. იყო ასეთი მაღაზია "ჩირაღდანი“, სადაც ოპტიკური სათვალეები იყიდებოდა. ერთ დღეს დედასთან ერთად შევისეირნე სათვალის შესაძენად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორტსმენიც დასეირნობდა, რომელმაც შემამჩნია და შორიდან მოვეწონე. თბილისში იშვიათად იყო, სანაკრებო პერიოდში ჩამოდიოდა ხოლმე. გაზეთების კითხვა უყვარდა, ახლაც უყვარს. მოკლედ, მეორე დილას გაზეთი "მერიდიანი“ რომ შეიძინა, გადაშალა, ჩემი დიდი ინტერვიუ შეხვდა (1995 წელი იყო ალბათ) სადაც დეტალურად ეწერა ვინ ვარ, რამდენი წლის ვარ, მგონი მისამართიც კი ეწერა. ცხადია, ძალიან მარტივად მიპოვა და გამეცნო.1997 წელს კი დავქორწინდით".

მურთაზ შელია კი მშვენიერ ლიკა კვარაცხელიაზე დაქორწინების ისტორიას ერთ-ერთ სპორტულ გამოცემასთან ასე იხსენებდა:

"ალბათ ჩემს "სპრინტერულ ქორწილზე“ განაცხადი რომ შემეტანა "გინესის რეკორდებშიც“ მოვხვდებოდი... ჩემი მეუღლე ლიკა კვარაცხელია სამოდელო სააგენტო "ნატალის“ გამორჩეული სახე იყო. შეგვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ, მაშინ ინტერნეტი არ იყო და მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდით. მაშინ "მანჩესტერ სიტიში“ ვთამაშობდი, მწვრთნელს ვთხოვე, ვიცი 2 დღეში ბირმინგემში თამაში გვაქვს, მაგრამ, სხვაგვარად არ გამოვა, ცოლის მოყვანა მინდა და საამისოდ 10 საათს თუ მომცემთ-თქო. მწვრთნელი გაოცდა, მაგრამ დამთანხმდა, ლონდონი–თბილისის ავიარეისით ჩამოვფრინდი, გამთენიის 6 საათზე, 7-ის ნახევარზე ხელი მოვაწერეთ, 7 საათზე ქორწილი დაიწყო და 12 საათზე მე და ლიკა უკან თბილისიდან ლონდონში გავფრინდით. მწვრთნელმა ეს რომ გაიგო, გაოცდა, გაზეთებმა დაწერეს, შელიამ 5 000 კმ. იფრინა და მანჩესტერში 10 საათში ახალმოყვანილი ცოლით დაგვიბრუნდაო..."

მურთაზ შელია მეუღლესთან, შვილებთან, სიძესთან და შვილიშვილებთან ერთად

მურთაზ შელია 1990-იან წლებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წამყვანი მოთამაშე გახლდათ. 1995 წელს სათამაშოდ გადავიდა რუსულ კლუბ ვლადიკავკაზის "სპარტაკი-ალანიაში“, ორი წლის შემდეგ კი ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, სადაც მის ყოფილ თანაგუნდელს თბილისის "დინამოში“, გიორგი ქინქლაძეს თავი დამკვიდრებული ჰქონდა. მან მისი დებიუტი გოლით აღნიშნა "ბირმინგემ სიტის“ წინააღმდეგ, თუმცა ის მატჩი მისმა გუნდმა 2:1 დათმო. ექვსი კვირის შემდეგ მას დაცვის ხაზში შეურთდა კიდევ ერთი ქართველი, კახაბერ ცხადაძე, მაგრამ იმ სეზონში ხშირი ტრავმების გამო ხშირად ვერ თამაშობდა და მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა "ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ. სეზონის ბოლოს "მანჩესტერ სიტი“ დაქვეითდა პირველად მის ისტორიაში. შემდეგ სეზონში შელიამ ითამაშა მხოლოდ სამი მატჩი, მისი ბოლო მატჩი იყო 1998 წლის ოქტომბერში "რედინგის“ წინააღმდეგ, სადაც კარიერისთვის საბედისწერო ტრავმა მიიღო. 2000 წელს შეწყდა კონტრაქტი და შესვენების შემდეგ თამაში განაგრძო თბილისის "ლოკომოტივში“, სადაც 2001 წელს კარიერა დაასრულა.

ბიზნესმენი 2014 წელს თბილისის საკრებულოში გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, "ქართული ოცნების“ კვოტით, თუმცა პოლიტიკური კარიერა არ გაუგრძელებია.

წაიკითხეთ ასევე: