ავტორი:

რუსული მედია წერს, რომ დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაშია - "უარს ამბობს მეგობრებთან ურთიერთობაზე, არ დგება საწოლიდან... მისი გვერდით არიან შვილი და ძმა"

რუსული მედია წერს, რომ დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაშია - "უარს ამბობს მეგობრებთან ურთიერთობაზე, არ დგება საწოლიდან... მისი გვერდით არიან შვილი და ძმა"

20 მაისს, რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, დიანა ღურწკაიას ქმარი პიოტრ კუჩერენკო გარდაიცვალა. 46 წლის კაცმა თვითმფრინავის ბორტზე თავი ცუდად იგრძნო, ის მივლინებიდან შინ ბრუნდებოდა. ეკიპაჟმა გადაწყვიტა უახლოეს აეროპორტში დაშვებულიყო, რათა კურჩენკოს ექიმები დახმარებოდნენ, თუმცა მედიკოსების ყველანაირი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსული მედია წერდა, რომ კუჩერენკოს შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონოდა, რადგან რამდენიმე ხნის წინ, მძიმედ გადაიტანა კორონავირუსი, რის შემდეგაც ძალიან დაიკლო წონაში.

ღურწკაიას ქმარი ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიაზე დიანა ფეხზე ძლივს იდგა. იგი, პრაქტიკულად, არავისთან კონტაქტობდა, არ გაუკეთებია კომენტარი მედიასთან.

რუსული მედია წერს, რომ ხელოვანი მეუღლის დაკარგვის შემდეგ ძალიან ცუდად არის. ახლობლების თქმით, ღურწკაია მძიმე მორალურ მდგომარეობაშია.

"ის უარს ამბობს მეგობრებთან ურთიერთობაზე, არ დგება საწოლიდან და არც უახლოესი მეგობრების ზარებს პასუხობს... დიანას გვერდით არიან მისი ვაჟი და ძმა რობერტი, რომელიც პერიოდულად ეკონტაქტება თაყვანისმცემლებს და საუბრობს იმაზე, თუ რა ხდება დის ოჯახში", - წერენ რუსული გამოცემები.

მათთან გაკეთებულ კომენტარში რობერტ ღურწკაიამ აღნიშნა, რომ ვერ წარმოიდგენდა, რომ კუჩერენკოს სიკვდილი ასე მტკივნეულად დაარტყამდა მის დას. დაკრძალვის შემდეგ საჯაროდ დიანა არავის უნახავს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ახლობლებმა მშობლიურ აფხაზეთში წაიყვანეს, რათა დაეცვათ საზოგადოების ზედმეტი ყურადღებისგან.

ღურწკაია ხშირად ამბობდა, რომ მეუღლისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას გრძნობდა. მისი თქმით, სწორედ კუჩერენკომ დაარწმუნა, რომ აუცილებლად უნდა გამხდარიყო დედა, რადგან დიანას სერიოზულად აწუხებდა, გაუმკლავდება თუ არა დედის მოვალეობებს მაშინ, როდესაც თავად სჭირდებოდა დახმარება. "მე უსინათლო ვარ და ეს ჩემი დიაგნოზია. არ მინდოდა, ბავშვს ჩემი ბედი გაემეორებინა", - ამბობდა მომღერალი.

მას შიში ჰქონდა, რომ შესაძლოა, შვილს მემკვიდრეობით გადასცემოდა დედის დიაგნოზი. მოგვიანებით, მისმა ვაჟმა კონსტანტინემ აღიარა, რომ დედის მდგომარეობა არასოდეს აშინებდა. ბავშვობაში ხედავდა, თუ როგორ ზრუნავდნენ მასზე საყვარელი ადამიანები და დროთა განმავლობაში, თავადაც მისთვის საიმედო მხარდამჭერი გახდა.

წაიკითხეთ ასევე: