ავტორი:

ეპატაჟურია, სხვადასხვა დროს წვრთნიდა ტოტის, სალაჰას, რონალდოს... მტრობს "იუვენტუსს" და საფეხბურთო სამყაროში ის დიდად არ უყვართ - ვინ გაწვრთნის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის"?

ეპატაჟურია, სხვადასხვა დროს წვრთნიდა ტოტის, სალაჰას, რონალდოს... მტრობს "იუვენტუსს" და საფეხბურთო სამყაროში ის დიდად არ უყვართ -  ვინ გაწვრთნის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის"?

ბევრისთვის მოულოდნელად, საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის“ მწვრთნელი რუდი გარსია გახდა.

კლუბის ოფიციალურ საიტზეც კი ამ ამბავს ორხაზიანი სიახლე დაეთმო. ჯერჯერობით უცნობია, სპალეტის წასვლის შემდეგ, რა პერიოდით ჩაიბარებს გარსია იტალიურ კლუბს და ასევე უცნობია, რატომ შეჩერდა არჩევანი ფრანგ მწვრთნელზე.

რუდი გარსიამ "პარტენოპეის" ჩაბარების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"იტალიაში დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა. ისეთი ამბიციური და მოტივირებული ვარ, როგორც არასდროს. ვეცდები, იტალიის ჩემპიონის ფერების მაღლა ტარება გავაგრძელო", - დაწერა გარსიამ სოციალურ ქსელში.

ის ბოლო ორი თვე უსამსახუროდ იყო დარჩენილი - აპრილში "ალ-ნასრი“ დატოვა, სადაც ცდილობდა კრიშტიანო რონალდოსთან კარგი ურთიერთობა დაემყარებინა, თუმცა მისი მცდელობა არცთუ წარმატებული გამოდგა, მეტიც, ამბობდნენ, რომ გარსია რონალდოს რჩევით გაუშვეს, რომ თითქოს კრიშტიანო უკმაყოფილო იყო მწვრთნელის მუშაობით და გუნდის თამაშის სტილით: ის მიიჩნევდა, რომ "ალ-ნასრს“ შეუძლია უფრო მაღალ დონეზე თამაში და ტიტულის მოგება. რონიმ და გარსიამ დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით იმუშავეს ერთად.

გარსიამ საუდელები ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე დატოვა, როდესაც "ალ-ნასრმა“ "ალ ფეიხთან“ 0:0 ითამაშა და "ალ-იტიჰადს“ სამი ქულით ჩამორჩა. თუმცა მწვრთნელის გაშვებამ შედეგი ვერ გამოიღო - "ალ-ნასრმა“ შემდეგ სამ ტურში პრინციპულ მოწინააღმდეგეს "ალ-ჰილალს“ ვერ მოუგო და სეზონის ბოლომდე კიდევ ორჯერ დაკარგა ქულები.

  • რა მოხდა "ნაპოლიში“

იტალიური მედია წერდა, რომ კლუბის პრეზიდენტი ლუჩანო სპალეტის კონტრაქტის თაობაზე ვერ შეუთანხმდა. გუნდმა მწვრთნელის წასვლის შესახებ იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებამდე რამდენიმე ხნით ადრე შეიტყო. მის შემცვლელად რაფაელ ბენიტესი, ლუის ენრიკე და ჯან პიერო გასპერინი სახელდებოდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საერთოდ სხვა მწვრთნელი მოიყვანეს.

სხვათა შორის კლუბი შესაძლოა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმაც დატოვოს, რომელმაც ჩემპიონური შემადგენლობა შემოიკრიბა: მის პერიოდში მოვიდნენ "ნაპოლის“ მეგავარსკვლავები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია. ჯუნტოლის დასაქმებით "იუვენტუსი“, "მანჩესტერ იუნაიტედი“ და "ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებული.

  • "ნაპოლის“ შემდეგი სეზონი დიდი გამოცანაა

59 წლის ფრანგი სპეციალისტის კარიერა 2001 წელს დაიწყო. მისთვის უცხო არც იტალიის ჩემპიონატია, სადაც თითქმის 3 წელი იმუშავა.

10 წლის წინ ( 2013-2016 წლები) გარსია "რომას“ წვრთნიდა. მაშინ მან აურელიო ანდრეაცცოლი ჩაანაცვლა. მანამდე კი ორი წლით ადრე "ლილის“ საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა.

პირველ სეზონში გარსიას "რომამ“ ფანტასტიკურად დაიწყო: 10 მატჩში 10 მოგება, 24 გატანილი და 1 გაშვებული გოლით. თუმცა მოგვიანებით აურია და მოგებების სერია გაიფუჭა.

ანტონიო კონტეს დაუნდობელი "იუვენტუსი“ რომ არა, მაშინ "რომა“ ჩემპიონი გახდებოდა. 85 ქულა მოაგროვეს იმ სეზონში. თუმცა "იუვემ“ 17 ქულით გაასწრო.

აღსანიშნავია, რომ იმხანად 85 ქულა კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო, თუმცა შემდეგ ეს შედეგი ლუჩანო სპალეტიმ გააუმჯობესა.

მეორე სეზონიც "რომამ“ მეორე ადგილით დაასრულა.

მესამე სეზონში რომაელები კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდნენ და ხელმძღვანელობამ გარსია თავის დამხმარეებთან ერთად გაათავისუფლა.

რუდი ეპატაჟური პერსონაჟია, რომელიც იტალიელ გულშემატკივრებს მისი საქციელისა და გამონათქვამების გამო დაამახსოვრდათ. მაგალითად, ის ამბობდა, რომ "იუვეს“ საჯარიმო 17-მეტრიანიაო. მისი თქმით, "ფეინოორდის“ გულშემატკივრებმა "რომასთან“ მატჩისას სტადიონზე იმდენი ნივთი ისროლეს, რომ მაღაზიის გახსნა და ამ ნივთების გაყიდვა შეიძლებოდა.

მას კარიერის განმავლობაში მოუწია ფრანჩესკო ტოტისთან, მოჰამედ სალაჰთან, ედენ აზართან, კრიშტიანო რონალდოსთან და ა.შ. მუშაობა, ახლა კი მოუწევს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მრწყინავი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გაწვრთნას...

როგორც ამბობენ, ის გამოირჩევა "იუვენტუსსა" და მის გულშემატკივრებთან მტრული დამოკიდებულებით. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით, ნეაპოლელების "მოთხოვნებს" უკვე აკმაყოფილებს...

საინტერესოა, რომ გარსიას შემდეგ "რომა“ სპალეტიმ ჩაიბარა, ახლა კი სპალეტის გარსია ცვლის - ბედის ირონიაა, არა?

შემდეგ იყო საფრანგეთი, სამი სეზონი "მარსელში“, ორი - "ლიონში“. საინტერესო შედეგებით არ გამოირჩეოდა - მიუხედავად იმისა, რომ "მარსელმა“ 77 ქულა აიღო, ლიდერთა სამეულში მაინც ვერ მოხვდა.

ევროპის თასებზე დამაჯერებელი იყო - "მარსელი“ ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა მადრიდის "ატლეტიკოსთან“ 0:3 დამარცხდა.

თუმცა შემდეგ სეზონში კოშმარი მოხდა - ევროპის ლიგის ჯგუფში, სადაც "აინტრახტი“, "ლაციო“ და "აპოლონი“ იყვნენ, "მარსელმა“ მხოლოდ 1 ქულა აიღო.

რუდი გარსია უმეტესად 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას იყენებს, მაგრამ რიგ შემთხვევაში, ალტერნატივად 4-3-3 სქემასაც ირჩევს.

როგორც ამბობენ, საფეხბურთო სამყაროში ის დიდად არ უყვართ.

მაგალითად, "ლიონის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ჟუნინიო პერნამბუკანომ, როდესაც რუდი გარსიასა და კრიშტიანო როლანდოს ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს, განაცხადა, - ფრანგი სპეციალისტი ყველაზე ცუდი ადამიანია, ვისაც ფეხბურთში შევხვედრივარო...

"რუდი გარსია ყველაზე გულისამრევი ადამიანია, ვისაც ფეხბურთში ყოფნისას შევხვედრივარ. გუნდის გაწვრთნა არ იცის და მხოლოდ შიშის დანერგვით ცდილობს კოლექტივის მართვას. პატივს მხოლოდ იმ ადამიანებს სცემს, რომლებსაც ძალაუფლება გააჩნიათ და სარგებელს ელოდება. ამიტომაც, გამორიცხულია რამე ისეთი გააკეთოს, რაც კრიშტიანოს არ მოეწონება. მეტიც, თუ რონალდოს მოუნდება, დილით საუზმეს მოუმზადებს და საწოლშიც მიართმევს. ყველაფერს გააკეთებს, რათა ოცნება აისრულოს და პორტუგალიელის მეგობარი გახდეს.

ამ კაცისთვის გუნდის წარმატება და გასახდელში ჰარმონიის არსებობა მეორეხარისხოვანია. მთავარია, ყურადღების ცენტრში იყოს, თუნდაც მისი გუნდი აგებდეს და კრიზისში იყოს. როგორც ანგარიშიან ხალხს სჩვევია, ყოველთვის ცდილობს მასზე გავლენიან ხალხს ასიამოვნოს..." - თქვა ბრაზილიელმა. წყარო

"რომას“ პირველ სეზონში, როდესაც დედაქალაქელების შეჩერება მხოლოდ უნაკლო "იუვენტუსმა“ შეძლო, "რომას" იმჟამინდელი ვიცე-კაპიტანი დანიელე დე როსსი იხსენებდა:

"როდესაც გავიგე, რომ "რომამ“ გარსია აიყვანა, ინტერნეტში დავიწყე ძიება და შემხვდა ვიდეო, სადაც ის გიტარაზე "პორომპომპეროს“ უკრავდა. მაშინ ნაკრებში ვიყავი, პირლოს დავუძახე და ვუთხარი: ნახე, ვინ ავიყვანეთ!.. რაღაც ეჭვები მქონდა, მეგონა, რომ ის მხოლოდ იმის გამო ავიყვანეთ, რომ ვერ შევუთანხმდით მადზარიისა და ალლეგრის. ვფიქრობდით, რომ გარსია კლუბის მეოთხე არჩევანი იყო. მაგრამ ახლა ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ეს "პორომპომპერო“ მოვიყვანეთ. ეს შესაძლოა, "რომას“ ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდეს".

ნეაპოლში არ იქნებიან წინააღმდეგ, თუ ჯოვანი დი ლორენცოც 1 წლის შემდეგ იგივეს იტყვის...

ისე კი, სიმართლე რომ ითქვას, ამ ეტაპზე ასე ჩანს: დე ლაურენტისმა ნაცვლად იმისა, რომ სპალეტის წარმატება განევითარებინა, ეკონომიური ვარიანტი აირჩია, თუმცა მის ამგვარ საქციელს "ნაპოლის“ ფანები შეჩვეული არიან.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე