ავტორი:

"არც მე მესიამოვნა დღეს მისი დანახვა რუსეთში. არც ერთი ქართველი არ მინდა რუსეთში იყოს, მაგრამ..." - რას წერს ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძის შესახებ

"არც მე მესიამოვნა დღეს მისი დანახვა რუსეთში. არც ერთი ქართველი არ მინდა რუსეთში იყოს, მაგრამ..." - რას წერს ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძის შესახებ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები. სოსო პავლიაშვილთან ერთად, "სამშობლო" შეასრულა ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ და მიშო სულუხიამ.

საზოგადოებაში ქართველების მოსკოვურ წვეულებაზე სიმღერამ კრიტიკა დაიმსახურა. განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი კი ნუცა ბუზალაძე იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ, ამერიკულ აიდოლში გამოდიოდა და მთელი საქართველო გულშემატკივროდა.

მოგვიანებით, კრიტიკას ნუცამ პოსტით უპასუხა და ბოდიში მოიხადა. ნუცას თქმით, ის მოსკოვში უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე იყო.

ამ თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს მომღერალი ნინი შერმადინი:

"დედაჩემმა, რაც სცენაზე დავდექი, ერთი ანდაზის ზემოქმედების ქვეშ გამზარდა, როცა რამე კონკურსზე გავიდოდი, ან გრან პრის ავიღებდი, ან ვინმე შემაქებდა, ან რამე წარმატებას მივაღწევდი, იმ წამსვე მომაწევდა ბეჭებში. რაც უფრო მაღლა ავდიოდი, მთელი ძალით მექაჩებოდა ძირს. თუმცა მეც ძალიან ბევრი შეცდომა მომსვლია და მისწავლია ჩემს შეცდომაზე, სხვათაშორის უმეცრებით და წინდაუხედაობით მომდიოდა.

შეცდომა უნდა დავუშვათ, უნდა გაგვლანძღოთ, რომ ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ, სინანული და დაფიქრება ვისწავლოთ. რაც უფრო მეტი ადამიანი გვიცნობს, უფრო მეტი ტალახი გვხვდება. უფრო მეტად არ გვპატიობენ შეცდომას.

ჩინური ანდაზაა, იცოდეთ თქვენც მაინც, მინდა გაგიზიაროთ. რაც უფრო მაღლა ადის მაიმუნი ბამბუკის ხეზე, მით უფრო კარგად ჩანს მისი წითელი უკანალი. იმედია. თქვენც მოგეწონათ.

ელენე ბახტაძე, რა ბედნიერებაა შენ რომ გამზარდე. ხო კიდევ ერთი არაბული იგავიც იცოდა, მაგას მერე მოგიყვებით.

რაც შეეხება, ჩემს მეგობარ ნუცას, მაშინ როდესაც ჟიურის 100 წევრი ფეხზე დააყენა, რუსეთი მაშინაც ოკუპანტი იყო, მაშინაც ნაწამები ჰყავდა ქართველი ბიჭები, მაშინაც მტერი იყო, მაგრამ რატომღაც სიამაყით ვაზიარებდით მის გამოსვლას.

ჩემი ლევანო კბილაშვილი, ღმერთმა აცხონოს მისი სული! თავისი ქართული სიმღერით რომ ატირებდა რუსებს და ათაყვანებდა საქართველოს, ისიც ვატრიალოთ საფლავში? მოღალატე იყო?! თუ გაუმარჯოს საქართველოს აძახებინებდა რუსებს.

არც მე მესიამოვნა დღეს მისი დანახვა რუსეთში, გულწრფელად, არც ერთი ქართველი არ მინდა რუსეთში იყოს, მაგრამ ამხელა ზიზღი ნამდვილად არაფერში წერია. დღეს დავწერე პოსტი და წავშალე, მარტო იმიტომ, რომ ჩემზე არ გადმომეტანა ყურადღება და თავი არ გამეპიარბინა ნუცას ხარჯზე.

მართლა რეალურად მოღალატე ადამიანებზე ვიდარდოთ. რაც შეეხება ამ ამბავს, რაც ნუცას დღეს შეემთხვა, დარწმუნებული ვარ, კარგი გაკვეთილია მისთვის და კიდევ უფრო მეტად შეეცდება საქართველოს ღირსეულად წარმოჩენას მომავალშიც. მეტი პოზიტივი,სიყვარული და მიტევება ჯობია, ამ ისედაც ძალიან მოკლე წუთისოფელში.მიყვარხართ", - წელს ნინი შერმადინი.