ავტორი:

"მე მათ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ ამ ამბავს სპექტაკლის ელემენტები ჰქონდა... პუტინი შეიძლება ერთ-ერთი რეჟისორი იყო" - მამუკა არეშიძე პრიგოჟინის ამბოხზე

"მე მათ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ ამ ამბავს სპექტაკლის ელემენტები ჰქონდა... პუტინი შეიძლება ერთ-ერთი რეჟისორი იყო" - მამუკა არეშიძე პრიგოჟინის ამბოხზე

კრემლი არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში და პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა, - ამის შესახებ ამერიკული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშშია აღნიშნული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამბოხებამ გამოავლინა რუსეთის უსაფრთხოების ძალების სისუსტე და აჩვენა პუტინის უუნარობა, გამოიყენოს თავისი ძალები დროულად შიდა საფრთხის მოსაგერიებლად და კიდევ უფრო დაანგრია მისი მონოპოლია ძალაზე. პრიგოჟინის აჯანყების თაობაზე საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა, ზოგიერთი მოსაზრებით "ვაგნერელების" ამბოხს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი.

რა მოხდა სინამდვილეში, როგორი გაგრძელება ექნება ამ ამბავს და როგორ შეიცვლება კავკასიელი ლიდერების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე მამუკა არეშიძეს დავუკავშირდით.

მამუკა არეშიძე:

- მე მათ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ ამ ამბავს სპექტაკლის ელემენტები ჰქონდა, სპექტაკლის მიღმა კი მასშტაბური ვაჭრობა იმართებოდა. პრიგიჟინმა 65 000 კაცით ბახმუტი ვერ აიღო, მთელი 9 თვის განმავლობაში და 25 000 ათასი კაცით როგორ აიღებდა მოსკოვს, სადაც უამრავი ძალოვანი ინფრასტრუქტურაა განლაგებული, შესაბამისი სამხედრო კონტიგენტით?! რაში მდგომარეობს ვაჭრობა და რაში რა გაიცვალა, ჯერ მიჭირს ამის თქმა, ეს ამბავი მოგვიანებით გაირკვევა. .

- რუსებმა მხოლოდ სპექტაკლითვის ჩამოაგდეს 7 საფრენი აპარატი, მოკლეს 12 მფრინავი, ორჯერ დაბომბეს ვორონეჟი და ააფეთქეს ნავთობტერმინალი?

- რუსებისთვის არასოდეს არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი არც ადამიანების სიცოცხლე და არც მატერიალური რესურსი. უამრავი ადამიანი იღუპება იმის გამო, რომ ჯარში კორუფცია ჰყვავის და არასწორად იგეგმება სამხედრო ოპერაციები. პრიგოჟინის აჯანყებას რომ სპექტაკლის ელემენტები ჰქონდა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პუტინმა თავის მიმართვაში პრიგოჟინი საერთოდ არ ახსენა, თითქოს არც არსებობდა. მხოლოდ მოღალატეობრივ ფაქტად შეაფასა ამბავი და თქვა, რომ დამანაშავეები დაისჯებოდნენ. ისეთმა პროპაგანდისტმაც კი, როგორიც სოლოვიოვია, ძალიან ბუნდოვანი შეფასება გააკეთა. რაღაც სისულეები ილაპარაკა, მისტიკაში გადავარდა... სხვებმაც ასევე იბოდიალეს. მე იმის თქმა მინდა, რაღაც სხვა ხდება იმის მიღმა, რასაც ჩვენ ეკრანზე ვუყურებთ. რა ხდება სინამდვილეში, ახლა ამის თქმა ძალიან რთულია.

- ეკრანზე ჩანს, იმიჯშელახული პუტინი და "თიხის ფეხებზე" მდგარი კრემლი. ამის ჩვენება, ფართო საზოგადოებისთვის ვის ინტერესებში შედიოდა?

- ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც ჯერ არ ჩანს. არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვში იმაზე უარესის მოლოდინი ჰქონდათ, ვიდრე პუტინის იმიჯის შელახვა და რუსეთის სამხედრო ძალების სისუსტის გამოვლინებაა. შეიძლება, ამ დაპირისპირების ფონზე, პუტინს ოლიგარქების წინააღმდეგ საბრძოლველად ხელ-ფეხი გაეხსნა, შეიძლება პირიქით, სამხედროების წინააღმდეგ გაეხსნა ხელ-ფეხი. ჯერჯერობით უცნობია. ერთი რამ ცხადია, ამ ჯანყის ფონზე ოლიგარქების თვითმფრინავებმა, მათ შორის, თავად პუტინის თვითმფრინავმაც, ძალიან აქტიურად დაიწყეს მოძრაობა, რუსეთის საჰაერო სივრცეში. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსული სახელისუფლებო წრეების კულუარებში ძალიან დიდი აქტიურობა იყო. ეს ამბავი რომ კარგად გავიგოთ, სახელისუფლებო წრეებში შექმნილი ვითარება უნდა გავითვალისწინოთ. იქმნება განცდა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მყოფ პირებს, უკრაინასთან და ზოგადად, დასავლეთთან დაპირისპირების კუთხით, ერთი პირი აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. უნდა ითქვას, რომ მოსკოვში დღემდე არიან დასავლეთზე ორიენტირებული პირები. რუსეთის გავლენის ჯგუფები რამდენიმე ნაწილად არიან დაყოფილნი, მათ შორის, ძალიან სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს ე.წ. პატრიოტების ჯგუფი. ესენი ძალიან სერიოზულად არიან დაპირისპირებულები ხელისუფლებაში მყოფ ჩინოვნიკებთან. მოდით ასე ვთქვათ, კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ბრძოლა. პუტინი დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა ურთიერთობების დაბალანსებას, პრიგოჟინის დაჯგუფებასა და თავდაცვის სამინისტროს შორის, მაგრამ ბოლოს ეს შეუძლებელი გახდა.

რუსეთის ხელისუფლებაში, პუტინის მოწინააღდეგე ძალებიც არიან. უბრალოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ პუტინი ჯერ კიდევ საჭიროა, ბალანსის შესანარჩუნებლად. საბოლოო ჯამში, პუტინი ლიბერალების დაკრულზე ცეკვავს. იცით, როგორი სიტუაციაა? მაგალითად, შესაძლებელია, ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა მეორესთან სატელეფონო საუბრისას თავს იმის უფლება მისცეს, რომ პუტინი გალანძღოს და სატანა უწოდოს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ პუტინმა ეს ყველაფერი, რომელიმე ბალანსიდან გამოსული ჯგუფის თავში ჩასარტყმელად გააკეთა. თუნდაც, კონსერვატორებისთვის. დიდის ამბით, რომ გამოაცხადა პრიგოჟინმა, რუსების სისხლის ვერ დავღვრიო, მოსკოვისკენ რომ დაიძრა, მაშინ არ იცოდა, ამის გაკეთება რომ მოუწევდა?! ძალიან კარგადაც იცოდა! უბრალოდ, მიიღო ის შეთავაზება, რაც სჭირდებოდა და ამიტომაც გაჩერდა.

ლუკაშენკო ვინ იყო ამ სიტუაციაში? უბრალოდ, ამბის მიმტან-მომტანი! პრეზიდენტი კაცია და სირცხვილია, მისი ამ როლში ყოფნა, მაგრამ რეალობა ასეთია. პრიგოჟინთან მოსალაპარაკებლად, ლუკაშენკომდე თავდაცვის მინისტრისა და დაზვერვის უფროსის მოადგილეები გავიდნენ კავშირზე, მაგრამ ისინი არაფრად არ ჩააგდო. მათი რანგი არ მიიჩნია საკმარისად. როგორც კი ლუკაშენკოს პირით მიიღო ის გარანტიები, რაც სჭირდებოდა, მაშინვე დასთანხმდა. ორასი კილომეტრიღა ჰქონდა დარჩენილი მოსკოვამდე და ამხელა არმადა მოაბრუნა უკან. ერთი რამეც მინდა გითხრათ, მთელი ამ ამბით, მოსახლეობის განწყობებიც გაიზომა. რა გაირკვა? მოსახლეობის დიდი ნაწილი არის პრიგოჟინის მხარდამჭერი. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, "ვაგნერს" გზად გასავლელი ჰქონდათ ტვერის რაიონი. ამ რაიონის გუბერნატორი პრიგოჟინის მეგობარია. ამის შესახებ მოსკოვშიც გადასარევად იცოდნენ. ისიც ნიშანდობლივია, რომ ტვერის გუბერნატორს არც კომენტარი გაუკეთებია და საშტაბო მუშაობა არ ჩაუტარებია. ე.ი. სამთავრობო სტრუქტურებშიც კი არ იყო საქმე ისე, როგორც ზოგიერთს ეგონა.

- საბოლოოდ, ვინ იყო ამ სპექტაკლის მთავარი რეჟისორი?

- ძალიან კარგი კითხვაა. ჩემი აზრით, ამ სპექტაკლს ერთი რეჟისორი არ ჰყავდა. საინტერესო ნიუანსზე მინდა მიგანიშნოთ, ბოლო დროს პრიგოჟინმა აქტიურად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ უკრაინელები კარგი მეომრები არიან და კარგი სამხედრო ხელმძღვანელობა ჰყავთ. ეს მაშინ ასე იკითხებოდა - პრიგოჟინი უკრაინის არმიის ხარისხს მაღლა სწევდა იმისთვის, რომ საკუთარი ჯარის განსაკუთრებყლობა ეჩვენებინა, რომ თითქოს ასეთ ძლიერ ჯარს სძლია ბახმუტში. ახლა ჩანს, რომ ეს მთლად ასე არ იყო. პრიგოჟინის გარკვეული კონტაქტები, ფრონტის ხაზს იქით, უკვე შემჩნეულია. გაგიკვირდებათ და ამ გაგანია ომის დროს, ბერლუსკონის გასვენებაშიც კი იყო ჩასული. მოსკოვში უკვე ჭორაობენ იმის შესახებ, რომ ბერლუსკონის გასვენებაში ის მისთვის საჭირო ადამიანებს შეხვდა და გარანტიებიც მიიღო. ე.ი. როდესაც ამ სპექტაკლის რეჟისურაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა მონაკვეთზე, სხვადასხვა აქტივობა შეინიშნებოდა. საბოლოოდ კი ის მივიღეთ, რაც მივიღეთ. საბოლოო ჯამში, პუტინის იმიჯიც დაზარალდა და ისიც ნათელი გახდა, რომ რუსეთს შეტევის შემთხვევაში თავდაცვისთვის სახარბიელო რესურსები არ აქვს. განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: