ავტორი:

"მოლოდინი იყო, რომ ზღვა მკვდარ ცხოველებს გამორიყავდა, მაგრამ უცნაურია, რატომ აფხაზეთში?" - რა ხდება შავ ზღვაში კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ

"მოლოდინი იყო, რომ ზღვა მკვდარ ცხოველებს გამორიყავდა, მაგრამ უცნაურია, რატომ აფხაზეთში?" - რა ხდება შავ ზღვაში კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ

სოციალურ ქსელში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ვიდეოკადრები ვრცელდება, რომელშიც ზღვის სანაპიროზე გამორიყული მკვდარი ცხოველების გვამი მოჩანს. ოკეანოლოგი ნოდარ წივწივაძე არ გამორიცხავს, ეს ფაქტი პანიკის დათესვას ემსახურებოდეს. მისივე თქმით, კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, დაბინძურება, რომელიც ზღვას მოაქვს, წესით, საათის ისრის საწინააღმდეგოდ უნდა გავრცელებულიყო და აფხაზეთის სანაპიროზე ნაკლებმოსალოდნელია, თუმცა სპეციალისტი არაფერს გამორიცხავს. ინფორმაციის სიმწირის გამო რესპოდენტთან მხოლოდ ვერსიებზე ვსაუბრობთ.

ნოდარ წივწივაძე, ოკეანოლოგი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ნაპირდაცვის პრობლემების შემსწავლელი მეცნიერი:

"მოლოდინი იყო, რომ ზღვა მკვდარ ცხოველებს გამორიყავდა, მაგრამ უცნაურია - რატომ აფხაზეთში? დაბინძურება, როგორც წესი, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ვრცელდება, თუმცა არაფერია გამორიცხული - შესაძლოა, იყო შტორმი და ტალღურმა ნაპირგასწვრივმა დინებამ წამოიღო აფხაზეთისკენ. წესით, რუმინეთი-ბულგარეთის მერე, თურქეთში უნდა გავრცელებულიყო. ამას ნახვა და გარკვევა უნდა - რა დაიხოცა, რამდენი და როდიდან მოდის... ასე შორიდან და ინფორმაციის გარეშე ლაპარაკი რთულია. ყველაფერია შესაძლებელი, მაგალითად, ნახტომ-ნახტომითაც კი წამოვიდეს დაბინძურება, მაგრამ გაურკვეველია, რატომ მოხდა ასეთი ცირკულაცია. წესით, არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, ყველაფერი ხდება. ჩვენი გარემოს ეროვნული სააგენტო აფხაზეთში არ მუშაობს, რუსები კი ამ მხრივ რამეს თუ აკეთებენ, ეჭვი მეპარება. საჭიროა დააკვირდნენ წყლის მოძრაობებს, ტალღურ მოძრაობებს, დონეებს და ა.შ.

პანიკის დათესვა არაა საჭირო, კაცმა არ იცის, შედეგი როგორი იქნება - ზღვა გაანეიტრალებს, ან დაძირული ბაქტერიები, რომლებიც მათ დესტრუქციას ახდენს და შეიძლება არც არაფერი მოხდეს. სხვა ბაქტერიები, ციანობაქტერიები, რომლებიც, პრაქტიკულად, უნდა ყოფილიყო კახოვკის წყალსაცავში, ისინი აუცილებლად წამოვა, ეს უკვე მზაპროდუქციაა - ფოსფორის და აზოტით მკვებავი პროდუქტები, რომლებიც ბუნებრივი ბაქტერიების რანგშია აყვანილი, ის ზედაპირზე მოჰყვება წყალს. შესაძლოა, ციანობაქტერიები (წყალმცენარეები, რომლებიც ფარდაგივით ეფინება წყლის ზედაპირზე და, პრაქტიკულად, სპობს ყველაფერს, ლპობაც დაიწყება და დესტრუქციაც, ის ტოქსიკური ორგანიზმებია) წამოჰყვეს დინებას, შტორმს.

აფხაზეთში რატომ წამოიღო დაბინძურება, ესაა უცნაური და გამოსარკვევი. შესაძლოა, მონიტორინგი არ მიმდინარეობდა, არავინ იკვლევდა, თორემ, რასაკვირველია, მოსახლეობა წინასწარ უნდა გაეფრთხილებინათ. კვლევაში ყველანი უნდა იყვნენ ჩართულნი - სანეპიდსადგურები, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სანაპირო დაცვა, ეკოლოგიური და სხვა სამსახურები, ვინაიდან ინფექცია თუ აფეთქდა, ის მთელი შავი ზღვის აუზს მოედება და ეს არავის აწყობს.

დავუშვათ, ეს კახოვკის კატასტროფის შედეგია, გააჩნია, გვამების რაოდენობას, იმას, რა გამორიყა, 1 ღორი და ძროხა არაფერია, არაა საშიში. შესაძლოა, ცხოველთა ნეშტი სულაც არ არის უკრაინიდან წამოსული, არც ისაა გამორიცხული, წვიმების გამო მდინარეებმა ჩამოიტანა, ეს უფრო მგონია, ვიდრე უკრაინიდან, ძალიან საეჭვოა და იმიტომ. ეს ყველაფერი აფხაზურმა მხარემ უკეთ იცის და არც ისაა გამორიცხული, სულაც პანიკის დასათესადაც არაფერი თქვეს. ვინაიდან ინფორმაცია არ მაქვს, გადაჭრით ვერაფერს გეტყვით.“

როგორც რესპოდენტი წინა ინტერვიუში გვეუბნებოდა, დაბინძურებას საქართველოს ზღვის სანაპიროებამდე სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ, რაც შესაძლოა მთელი აგვისტო-სექტემბერიც გაგრძელდეს (რაც მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული).

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ: "ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე განახორციელებს“.

უწყების განმარტებით, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს. კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად.

მიღებული შედეგები ეცნობება საზოგადოება ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე“,- ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: