საახალწლო დღესასწაულის შემდეგ, 2000-ზე მეტი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი და მათი მეპატრონე უმუშევარი რომ რჩება, ეს უკვე ცნობილია. თუმცა, ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ რიგებს კერძო ტაქსის მძღოლებიც შეუერთდებიან. მათ უკვე გამოუცხადეს, თუ მუშაობა გინდათ, ერთწლიან ლიცენზიაში 1300 ლარი უნდა გადაიხადოთო. ტაქსის მძღოლები იმასაც ამბობენ, ახალი წლიდან ბენზინიც ძვირდება და 3 ლარი გახდებაო.
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების ზრდამ და ბენზინის ფასის მატებამ კერძო ტაქსებით მომსახურება, დაახლოებით, 40-50%-ით გააძვირა. მძღოლები ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, იანვრიდან შინ ჯდომა მოუწევთ. მათ არც ლიცენზიაში 1300 ლარის გადახდა შეუძლიათ, რადგან ბანკიდან ვალი აქვთ აღებული და მანქანებიც ამ სესხით იყიდეს.
დათო: "სულს გვხდიან, ეს ძაღლის გაგდებულები. გამოგვიცხადეს, არც თქვენ გაწყენინებთ და მარტო მარშუტკების მძღოლებს კი არა, უმუშევრად დარჩენა თქვენც გემუქრებათო. დღეში 10 ლარი თუ ვიშოვე, მაგაზეც მადლობელი ვარ. 4 სულიანი ოჯახი ჩემ კისერზეა, საიდან მოვიტანო 1300 ლარი?!. ისედაც ათასი სისულელე მოიგონეს, ხან რა ჯარიმა მომივა სახლში, ხან - რა. ამბობენ, ამდენი ტაქსი რა საჭიროაო. სამაგიეროდ, თავის ხალხს ახეირებენ და ერთი ორი კაცი გაიხარებს საქართველოში, დანარჩენებს ხელგაწვდილ მათხოვრებად დაგვტოვებენ ან სულს ამოგვხდიან შიმშილით. ჩემს შვილს რომ მოშივდება, ვერ ვაგებ პასუხს, რას გავაკეთებ. რა უნდათ, ნეტა გამაგებინა, რას გვერჩიან? ხალხმა თავისთვის რაღაც გავაკეთეთ, არც სამსახურს ვთხოვ ამ მთავრობას, არც - ფულს და არც არაფერს. ახლა არსებობს იმ ერთადერთ საშუალებასაც მისპობენ?
- ბენზინის ფასის მატებამ ტაქსების ფასის გაზრდა გამოიწვია?
- კი, აბა, რა... ტყუილად ხომ არ ვივლი, მოხალისე კი არა ვარ?! მეც ოჯახი მყავს და ჭამა მინდა. ხალხს რომ ვეუბნები, 3 ლარის მაგივრად, 5 ლარი მომეცი-თქო, კარს მიჯახუნებენ: ჩემს ხარჯზე მოინდომეთ გაკეთებაო. დღეში 3-4 კლიენტს ვკარგავ. თუ გამოუვალი სიტუაცია არ არის, ხალხი ტაქსში არ ჯდება. ახლა იმას ვფიქრობ, ის 1300 ლარი საიდან მოვიტანო...
ტარასა: "ისედაც უმუშევრად ვართ დარჩენილები, დილიდან ვდგავარ და ერთი კლიენტიც არ გამოჩნდა. 5 ლარს რო ვეუბნები მეტრომდე ჩაყვანაში, კარს მიხურავენ და ამბობენ, ფეხით ჩავალთო. ახლა ეს 1300 ლარი საიდან მოვიტანო, არ ვიცი. რომც ვიშოვო, გარანტია მაქვს, რომ ეს მთავრობა მამუშავებს?! შეიძლება, ხვალ დამიბრეხვოს - მანქანის მოდელი, ფერი ან გამოშვების წელი არ ემთხვევა ტაქსის სტანდარტსო... რა მოუვათ თავში, კაცმა არ იცის. მე შენ გეტყვი და ფანტაზიის უნარი აკლიათ?! სათავისოდ ყველაფერი აქვთ, ერთი ხალხის სასარგებლოდ მოიფიქრონ რამე და ამისთვისაც ეყოთ ფანტაზია, ხომ შეიძლება?! რომ იცოდეთ, ავტობუსების ფასებსაც მოუმატებენ და საგარეუბნო მარშუტკებისასაც, მაგათი მძღოლები გააფრთხილეს, ახალ წლამდე ფასი არ მოუმატოთ, თორე აგაფეთქებთო.
- ოფიციალურად გააფრთხილეს?
- არა, ოფიციალურად როდის იყო, ვინმეს აფრთხილებდნენ, ასეთი რაღაცები ქუჩის დონეზე ხდება.
არტურა: "ერთი, მაგათ თავში ჩამახედა, რას გვიპირებენ, ნეტა. გვაიძულებენ, სოფლებში წავიდეთ, რა. ამ მთავრობას ჰგონია, ხალხი ჭურში ზის, მთელ მსოფლიოში ბენზინის ფასი იკლებს და ჩვენთან იმატებს, ლოგიკა სად არის? გვადებილებენ, რა?! ამ მომატებულმა ბენზინის ფასმა ისედაც დაგვიფრთხო კლიენტი და ახლა ამბობენ, 3 ლარი გახდებაო, გამოდის, მეც უნდა მოვუმატო, ამით კლიენტს სულ დავკარგავ. ან ის 1300 ლარი საიდან მოვიტანოთ, ამდენი ფული ერთად, კარგა ხანია, არ მინახავს. გამოდის, სახლში უნდა დავჯდე. ორ სტუდენტ შვილს ეს მთავრობა შემინახავს, მარტო მაგათ უნდათ ცხოვრება?! ეგ კი არა, იმ დღეს ნაგვის ურნასთან კაცი ქალს სცემდა, გავაჩერე ტაქსი, გადმოვედი, გავაშველე, ვკითხე, რაზე სცემ-თქო, მითხრა, დღეს ჩემი რიგი იყო და ჩემი საჭმელი შეჭამაო. საცხობიდან ყრიან ჩამოწერილ პროდუქტს და მორიგეობა ჰქონია დაწესებული 3 კაცს.... ნაგვის ურნიდან ხაჭაპურსა და პურს იღებენ და მაგაზე იჩხუბეს... ამ დონეზეა მისული უკვე ხალხი. მე გეუბნები, ეს მთავრობა მაისში უკვე აღარ იქნება. თუ გინდა, ამაზე მე და შენ "მაზიანი"დავდოთ. ამათი თავხედობა, ერთ დღესაც, ხალხს ყელში ამოუვა. შუქს ჩაუჭრიან, გაზს გადაუკეტავენ და პურს რომ ვეღარ მიუტანს შვილებს სახლში, მერე ყველა ერთად, კეთილს ვინებებთ და პარლამენტის კარს შევამტვრევთ."
ნინო ხარშილაძე
გაზეთი "ვერსია"