"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის თავმჯდომარის გიორგი თარგამაძის განცხადებით, 2011 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
როგორც ინტერნეტმედია კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ძირითად სფეროებში დაფინანსება შემცირებულია. კერძოდ, შემცირებულია დაფინანსება განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.
მისივე განმარტებით, მათი მოთხოვნა, რომ რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია თბილისელი პენსიონერების პენსიას გათანაბრებოდა, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.
თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლების არგუმენტი იყო, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება თავის რაიონებში პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა გადარიცხულიყო, რაც არ მომხდარა.
თარგამაძემ აღნიშნა, რომ 2011 წლის ბიუჯეტში გაზრდილია, გაორმაგებულია პრეზიდენტის და მთავრობის ფონდები და ისინი 100 მილიონამდე გაიზარდა. მან ამ ფონდებს შავი ხვრელები უწოდა.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ ასევე არ არის პრიორიტეტული 2011 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობა.