ავტორი:

"სამეფო კარის თამაშები" ქართულად - სკანდალები, ვილა მცხეთაში, დიდი ვენახი და მდიდრული მოგზაურობა შვილებთან ერთად: როგორ ცხოვრობს დავით ბაგრატიონი

"სამეფო კარის თამაშები" ქართულად - სკანდალები, ვილა მცხეთაში, დიდი ვენახი და მდიდრული მოგზაურობა შვილებთან ერთად: როგორ ცხოვრობს დავით ბაგრატიონი

2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დავით ბაგრატიონ მუხრანელმა და ანა ბაგრატიონმა ჯვარი დაიწერეს. სასულიერო პირების განცხადებით, ეს ქორწინება პატრიარქის ოცი წლის ოცნება იყო. მედიაში აქტიურად წერდნენ, რომ ეკლესიას სურდა, საქართველოში მონარქიის აღდგენა, რაც ბაგრატოვანთა ორი შტოს დაკავშირებითა და მემკვიდრის დაბადებით გახდებოდა შესაძლებელი.

დავით ბაგრატიონ მუხრანელი

მოგვიანებით წყვილმა ცხოვრება საზღვარგარეთ გააგრძელა, მაგრამ მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანასა და დავითის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი კი შორენა ბეგაშვილის სკანდალური აღიარება გახდა. ქალმა მედიაში განაცხადა, რომ მას დავით ბაგრატიონთან რომანი ჰქონდა.

ანას პირველი ქმრისგან ორი ქალიშვილი ჰყავს, დავითისთვის კი ეს პირველი ქორწინება იყო.

დავითისა და ანას ჯვრისწერა

გავიდა დრო და სამეფო წყვილი შერიგდა. შემდეგ კი გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი დაიბადა, რომელიც 2013 წლის 3 ნოემბერს მონათლეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა.

გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი 2011 წლის 27 სექტემბერს, მადრიდში დაიბადა. ბაგრატიონები მემკვიდრის დაბადებას დიდი სიხარულით შეხვდნენ. ბავშვის დაბადებით სამუდამოდ შეიკრა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები. ამიტომაც ატარებს პატარა გიორგი გვარს - ბაგრატიონ-ბაგრატიონი.

გიორგის ნათლობა

მემკვიდრის დაბადების მიუხედავად, ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა და ანა და დავითი საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდნენ.

  • სკანდალური სასამართლო

განქორწინების საქმე 2019 წელს სასამართლოში გაგრძელდა. ქონების გაყოფის გარდა, ანა ბაგრატიონი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში სდებდა ბრალს. ქალის ადვოკატი მედიასთან ამბობდა, რომ 2014 წელს საგურამოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე იძალადა, როცა ისინი არაოფიციალური ინფორმაციით, 2012 წელს დაშორებულები იყვნენ, ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგურამოში ბავშვთან ერთად ყოველ კვირას ჩადიოდა. "მათ დარეგულირებული ჰქონდათ ბავშვის ნახვის დღეები, შეასაბამისად, პარასკევი, შაბათი და კვირა საგურამოში ბავშვთან ერთად სისტემატურად ჩადიოდა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის განცხადებით, გარდა ძალადობისა, რომელსაც დავითი უარყოფდა, სადავო გახლდათ სამი ავტომობილი, რომელიც თანაცხოვრების დროს იყო შეძენილი - "მერსედეს კიელი“, "პორშე კაიანია" და "ბეემვე იქს 5″. ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქონების დათმობას არ აპირებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, "მერსედეს ჯიელის“ საფასურის ნახევარი, 15 000 ლარი ანა ბაგრატიონს უნდა ანაზღაურებოდა, "ბმვ იქს 5“ დარჩებოდა დავით ბაგრატიონ-მხრანელს, თუმცა განბაჟების თანხა, რომელიც ანა ბაგრატიონმა გადაიხადა, მისთვის უნდა აენაზღაურებინა. "პორშე კაიანის“ ღირებულება კი, მხარეებს უნდა გაენაწილებინათ.

  • ახალი ქორწინება

ხმაური სასამართლოდან ორ წელიწადში, სამეფო კარის "ფეისბუქ" გვერდზე გაგრძელდა. გავრცელდა დავით ბაგრატიონის საახალწლო მილოცვა. მისალოც ფოტოზე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა. ქართველი პრინცის მეუღლე ირინა ბეგაშვილი გახლდათ, რომელიც სამეფო სახლმა პრინცესად მოიხსენია.

მაშინ წყარო გვიყვებოდა, რომ ირინა ბეგაშვილმა და დავითმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს. მაშინ დავითი ჯერ კიდევ არ იყო ანა ბაგრატიონზე დაქორწინებული, შორენა ბეგაშვილთან კი დაშორებული გახლდათ. დავითისა და ირინას ისტორია დიდხანს გაგრძელდა და წყვილი სწორედ მაშინ დაშორდა ერთმანეთს, როდესაც პრინცმა ანა ბაგრატიონზე იქორწინა.

ოჯახის ახლობელი გვიყვებოდა, რომ ანასთან განქორწინებიდან ძალიან მალე, ირინამ და დავითმა ურთიერთობა აღადგინეს და უკვე წლებია რაც მცხეთაში დავითის აგარაკზე ცხოვრობენ. ურთიერთობა გააოფიციალურეს და პრინცმა მეუღლე საზოგადოებას სოციალური ქსელით წარუდგინა.

წყარო გვიყვებოდა, რომ წყვილს საერთო შვილი ჰყავდათ, რომელიც თითქმის ანასა და დავითის ვაჟის, გიორგის ასაკის იყო. რამდენიმე თვეში დავითმა ქალიშვილის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ჩემი ფავორიტი ქალიშვილი, ანამარია ბაგრატიონ მუხრან - ბატონიშვილი" - წერდა ბაგრატიონ-მუხრანელი.

  • როგორ ცხოვრობს დავითი დღეს?

დავითი და ირინა მცხეთაში საკუთარ ვილაში ცხოვრობენ, სადაც დავითს ვენახები აქვს და მუხრანის სახელობის ღვინოს აწარმოებს. დავითისა და ანას საერთო შვილი გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონი, დედასთან ცხოვრობს და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მამას შაბათ-კვირას სტუმრობს.

დავითი ასევე ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან, ირინასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ასევე მოგზაურობის ამსახველ კადრებს, სადაც ჩანს, რომ მასთან ერთად ორივე შვილი ისვენებს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მეუღლესთან ერთად ხშირად ესწრება უცხოეთში მონარქების წვეულებებს, ცხოვრობს საქართველოში ოჯახთან ერთად და არ ერევა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ წლებია მისი პერსონის გარშემო საქართველოში ინტერესი დიდია, მას არასოდეს უსაუბრია ქართულ მედიასთან.