ჰამლეტ გონაშვილის შვილი მამის სახელს არასდროს იყენებს

ჰამლეტ გონაშვილის შვილი მამის სახელს არასდროს იყენებს

ჰამლეტ გონაშვილის უფროსი შვილი დიტო გონაშვილი საკუთარი მამის სახელის გამოყენებას ყოველთვის ერიდებოდა და ახლაც ასეა, არასდროს თავად არ იტყვის, რომ ამ დიდებული მომღერლის შვილია. დიტო გონაშვილს თავისი ცხოვრება აქვს, თუმცა მისი ცხოვრება მაინც ვერ მიდის ჰამლეტ გონაშვილს გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მამა 12 წლის ასაკში დაეღუპა, დღევანდელი გადასახედიდან მას უფროს მეგობარს ადარებს.

ჟურნალ "ბომონდის" დეკემბრის ნომერთან ერთად მკითხველი საჩუქრად ჰამლეტ გონაშვილის დისკს მიიღებს, რომელიც "ჩვენი ხმების საგანძურის" ფარგლებში უკვე გამოიცა.

დიტო გონაშვილს მამის გახსენება ვთხოვეთ...

- ასეთი ცნობილი ადამიანების შვილები ბავშვობიდან თავს კომფორტულად არ გრძნობენ, რადგან მათ ყოველთვის ახსენებენ, ვისი შვილები არიან. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

- ვერ ვიტყვი, რომ მამაჩემის ჩრდილში ვარ. მგონი, ჩემს შემთხვევაში პირიქით ხდება და საერთოდაც, რაც უფრო კარგ სახელს დატოვებს ადამიანი, მით უკეთესია მისი შვილებისთვის.

რა თქმა უნდა, ძნელია ერთი მხრივ, რადგან უფრო მეტი მოგეთხოვება, ვიდრე ვიღაცის შვილს. უფრო მეტად ხარ ყურადღების ცენტრში.

მამა 3 წლის ასაკიდან მახსოვს. სკოლის ასაკიდან კი გავაცნობიერე, რომ ჰამლეტ გონაშვილის შვილი ვარ და ყველა სხვა თვალით მიყურებდა. ყველამ იცოდა, ვინ იყო მამაჩემი და რას წარმოადგენდა. დღესაც ყველამ იცის და ეს კმაყოფილების გრძნობას მიჩენს.

- მამის სახელი თუ გამოგიყენებიათ როდისმე?

- პირადად მე არასდროს. ძალიან არ მიყვარს იმის თქმა, რომ ჰამლეტის შვილი ვარ. ხშირად ჩემ გვერდზე მყოფებს გამოუყენებიათ ეს ფაქტორი და უთქვამთ, იცით, ეს ვისი შვილიაო. ყურადღებას რომ გაქცევენ, მერე უფრო გექმნება დისკომფორტი, უფრო მეტად აკონტროლებ შენს საქციელს და ა.შ.

- როგორი მამა იყო ჰამლეტ გონაშვილი?

- ჩემთვის მამა იყო ყველაფერი, როგორც ყველა ბავშვისთვის. 12 წლის ვიყავი, მამა რომ დაიღუპა. იმ გადასახედიდან ძალიან ძნელია თქვა, როგორი იყო მამა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვიტყვი, რომ შემიძლია, უფროს მეგობარს შევადარო. ყოველთვის ცდილობდა კონტაქტში შემოსვლას ჩემთან და ჩემს ძმასთან, თუმცა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ნათესავებისა და მეგობრების შვილებთანაც.

- განსაკუთრებული ამბის გახსენება თუ შეგიძლიათ?

- ყველა ამბავი, რაც მამასთან დაკავშირებით მახსენდება, განსაკუთრებულია. მამა, გარდა იმისა, რომ ფენომენალური მომღერალი გახლდათ, იყო უაღრესად განათლებული ადამიანი. შეეძლო, საათობით ელაპარაკა ნებისმიერ ციხესიმაგრეზე, ბუჩქზე და ყვავილზეც კი. მამასთან ერთად ძალიან მიყვარდა მგზავრობა, რადგან გზას საერთოდ ვერ ვგრძნობდი. პატარა ვიყავი და არ ვიღლებოდი თბილისიდან ბათუმამდე, რადგან ათას საინტერესო ამბავს მიყვებოდა. სურამის ციხის ლეგენდა ყველამ ვიცით, მაგრამ ისე ვრცლად გიყვებოდა, რომ იმ დროში გამოგზაურებდა. ჩემთვის, მაგალითად, ეს ძნელია. არ შემიძლია ასე საინტერესოდ მოყოლა. გული მწყდება, რომ არ მაქვს ისეთი გადმოცემის უნარი, როგორიც მამას ჰქონდა.

- სიმღერის ნიჭი?

- ეს, როგორც ყველა ქართველს, მეც მაქვს, მაგრამ ნიჭთან ერთად მაქვს სინდისიც (იცინის), ამიტომ არ ვმღერი, სუფრასთანაც კი არ მიყვარს სიმღერა, ჯერჯერობით ისე ვერავინ დამათრო, რომ სუფრასთან ამამღეროს. ჰამლეტ გონაშვილის შვილი რომ ხარ, კარგად უნდა იმღერო და არა ისე, როგორც ნებისმიერი ქართველი მღერის, თორემ ერი ვართ ასეთი, ყოველი მეორე მღერის.

- რით არ ჰგავხართ, ეს გავიგეთ და რა საერთო თვისება გაერთიანებთ მამასთან?

- ამაზე სხვები თუ ილაპარაკებენ, ჯობია. ალბათ უფრო ხასიათით ვგავარ, ბუნებით, ბევრს უთქვამს, მამაშენიც ასე იტყოდა ან ასე გააკეთებდაო. მანერებით მამსგავსებენ, შესაძლოა, სულაც ჩემმა საქციელმა ათქმევინოთ ასეთი რამ.

- დიტო, მამის შემოქმედებაზეც უნდა ვილაპარაკოთ. რამდენადაც ვიცი, ჩანაწერებს გასუფთავება სჭირდება.

- 90-იან წლებში, როცა ქვეყანა აფხაზეთის ომის შემდგომი კრიზისიდან გამოვიდა და ხალხმა ცოტა მოიცალა ხელოვნებისთვის, ჩემს მეგობრებთან ერთად მამის ჩანაწერები შეძლებისდაგვარად გავასუფთავე. თუმცა ამ ჩანაწერების ჯეროვნად გასუფთავებას ძალიან დიდი თანხა სჭირდება, უნდა გაიგზავნოს უცხოეთში, სადაც ამ პროცედურას არ ეყოფა არც ათი და არც 50 ათასი დოლარი. სურვილი ძალიან დიდი მაქვს, რომ მომავალ თაობას დარჩეს ეს ჩანაწერები და მოუსმინონ, მაგრამ მე ნამდვილად ვერავისთან ვერ მივალ და ვერ შევეხვეწები, გრანტი გამომიყავით-მეთქი. ეს საგანძურია და მგონია, რომ ქვეყანამ უნდა მოიცალოს ამისთვის. ეს მხოლოდ მისი ოჯახის წევრების საზრუნავი არ არის.

- საგანძური ვახსენეთ და სწორედ პროექტ "ჩვენი ხმების საგანძურის" ფარგლებში, ჟურნალ "ბომონდთან" ერთად გამოვიდა ჰამლეტ გონაშვილის დისკი.

- ამ დისკში შევიდა მამას ათი სიმღერა. პროექტის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი და მგონი, სხვანაირად შეუძლებელიც კია, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, ამ წუთას რა დისკი გამოიცა, ჰამლეტ გონაშვილისაა თუ სხვა შემსრულებლის, მთავარია, რომ ბევრ ოჯახში შევა ეს მუსიკალური დისკები და ექსპონატად დარჩება.

- როგორ ფიქრობთ, თუ გრძელდება დღეს საქართველოში ჰამლეტ გონაშვილის ტრადიცია?

- ჰამლეტს რომ ეტყოდნენ ხოლმე, თქვენ ასეთი და ისეთი ხართო, მახსოვს, არ უყვარდა ამ კომპლიმენტების მოსმენა. ის თავის საქმეს აკეთებდა და სიმღერა მისი სულიდან და გულიდან ამოდიოდა. ვერავინ იტყვის, რომ ჰამლეტი, უხეშად რომ ვთქვათ, შეკვეთებზე მღეროდა.

როცა მამას ეტყოდნენ, გენიოსი ხარო, ის ყოველთვის ამბობდა, მე კი არა, გენიოსები იყვნენ სარაჯიშვილი და თარხნიშვილიო. ასე რომ, ვინ აგრძელებს ჰამლეტ გონაშვილის ტრადიციას, ამას მე ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ყველა ღირსეულს ისევე აღიარებენ, როგორც თავის დროზე მამაჩემი აღიარეს.

- დიტო, ვიცი, რომ ჰამლეტ გონაშვილის დისკები უცხოეთშიც იყიდება.

- უამრავ ქვეყანაში, ამერიკიდან დავიწყოთ და ავსტრალიით დავამთავროთ, თუმცა ჩვენ ამასთან კავშირი არ გვაქვს. აქედან არც მის ოჯახსა და არც სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც იყო ჰამლეტ გონაშვილი, არანაირი შემოსავალი არ რგებია. ცნობილი ამბავია, რომ საბჭოთა კავშირის დროს ორი დედანი კეთდებოდა, ერთი აქ რჩებოდა, მეორე მოსკოვში იგზავნებოდა.

ჰამლეტის პირველი დისკი საზღვარგარეთ 80-იან წლებში გამოსცა ცნობილმა გერმანულმა ხმის ჩამწერმა კომპანია "იარომ". ჩანაწერები გერმანელებს რუსებმა მიჰყიდეს. არსებობს ასეთი კომპანია "რუსული დისკი", რომელიც საბჭოთა "მელოდიის" სამართალმემკვიდრედ მიიჩნევა. ამ კომპანიასთან მრავალწლიანი მიწერ-მოწერა გავმართეთ და საქმეში ადვოკატებიც კი ჩაერთნენ, რომ აეხსნათ მათთვის, ჰამლეტ გონაშვილი არ არის რუსულ საცავებში ჩაკარგული მომღერალი, ის ქართველი შემსრულებელია. "რუსული დისკის" წარმომადგენელმა გვითხრა, ჩვენ კეთილი საქმის გაკეთება გვინდოდაო. საბოლოოდ, მივაღწიეთ იმას, რომ გერმანულმა კომპანიამ შეწყვიტა კონტრაქტი რუსულ ხმის ჩამწერ სტუდიასთან.

ინტერნეტში რომ შეხვიდეთ, უამრავ გვერდს ამოგიგდებთ, თავისი სათაურებითა და სტატიებით ჰამლეტ გონაშვილის შესახებ, სადაც წერია, რომ ეს არის გენიალური მომღერლის ჩანაწერები. ზოგან ისიც კი არ წერია, რომ ჰამლეტ გონაშვილი ქართველია.

მამაჩემის სიმღერები გამოყენებულია ერთ-ერთ უცხოურ დოკუმენტურ ფილმში, ასევე გამოიყენეს იაპონიაში პოდიუმზე. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჰამლეტ გონაშვილის სიმღერა ჟღერს ინგლისურ საშინელებათა ფილმში, რომელიც ვამპირებზეა გადაღებული და თავადაც მაქვს ნანახი. ასეთი ეპიზოდია, ვამპირი მისდევს ვიღაც ქალს, ამ დროს საიდანღაც ისმის მამაჩემის ხმა, ვამპირს კბილები უპატარავდება და ადამიანად იქცევა... იაპონურ ანიმაციურ ფილმში, რომელშიც სამყაროს აღსასრულია წარმოდგენილი, უცბად ჰამლეტ გონაშვილის სიმღერა ისმის და კადრში ჩანს, როგორ ამოდის სიცოცხლის ხე. ვინც მოუსმინა, ყველა მიხვდა, რომ ეს არ არის ამქვეყნიური ხმა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჰამლეტის შვილი ვარ.

- დიტო, თქვენს შვილებს როგორი დამოკიდებულება აქვთ ბაბუას შემოქმედების მიმართ?

- უფროსი 12 წლისაა, უმცროსი 6-ის. პატარები არიან, მაგრამ ორივემ იცის, კახურად რომ ვთქვათ, ვინ იყო მათი პაპა (იღიმება). ჩემი უფროსი შვილი ერთხელ მაღაზიაში შევიდა, წიგნის ყიდვა უნდოდა, მაგრამ იმდენი ფული არ ჰქონდა, რაც წიგნის შესაძენად იყო საჭირო. სახლში გახარებული მოვიდა, მამა, გამყიდველს რომ ვუთხარი, ჰამლეტ გონაშვილი ვარო, წიგნი იმ თანხად გამომატანა, რაც მქონდაო (იცინის). ძალიან კმაყოფილი იყო, პასუხისმგებლობა ჩემს შვილებზეც არის, როგორ გაამართლებენ ბაბუის სახელს.

- თქვენ რა გზა აირჩიეთ?

- მე საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დავამთავრე. შემდეგ დიდი პერიოდი პარლამენტში ვიმუშავე, ახლა კი კერძო ბიზნესი მაქვს. ჩემი ძმა რამდენიმე კომპანიაში მუშაობს. ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ, ხან აღმა მივუყვებით ცხოვრების გზას, ხან დაღმა, თუმცა არც ჩემს ძმას უყვარს იმის თქმა, რომ ჰამლეტის შვილია. ეს ერთმაც და მეორემაც შეიძლება, საკუთარ თავს ვუთხრათ. ამის გამო პატივისცემას ვერ მოვითხოვ. ასე რომ მოვიქცე, მამის ხსოვნას მივაყენებდი ჩრდილს. ჰამლეტ გონაშვილი ჩემი მამაა და ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ მისი ადგილი ჩვეულებრივ ადამიანებს შორის არ არის.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"