ავტორი:

"რანაირი გარეწარი უნდა იყო, ამას წერდე, როცა შს მინისტრმა განაცხადა, რომ მამა თურქეთში ჰყავს გადაყვანილი..." - რას წერს ნინო წილოსანი გომელაურის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ

"რანაირი გარეწარი უნდა იყო, ამას წერდე, როცა შს მინისტრმა განაცხადა, რომ მამა თურქეთში ჰყავს გადაყვანილი..." - რას წერს ნინო წილოსანი გომელაურის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ სტიქიის შემდეგ ეს მისთვის შოვში პირველი ვიზიტია. რაჭის კურორტზე მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან განმარტა, მამა ჰყავს ცუდად და თურქეთში, საავადმყოფოში იმყოფებოდა, რის გამოც ვერ მოახერხა რაჭაში ჩასვლა.

"საავადმყოფოში ვიყავი 2 კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. სამწუხაროდ, ყველამ ყველაფერი იცოდა და ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან", - აღნიშნა გომელაურმა.

გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა სამაშველო ვერტმფრენებზე და "ღამით ფრენის საშუალებებზე" - "ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, თუმცა თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, რომ პილოტებმა გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი", - თქვა შს მინისტრმა.

  • ამ განცხადებიდან მალევე, "ლელოს" წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გომელაური დასასვენებლად იყო წასული:

"შს მინისტრი მთელი ეს დრო არდადაგებზე იყო. მასშტაბური ეროვნული ტრაგედიის მიუხედავად, მას არც კი ჩაუთვლია საჭიროდ პირველივე რეისით უკან დაბრუნებულიყო.დაბრუნებულმა კი ისეთი სისულელე თქვა, სჯობს უკან წავიდეს და აღარ ჩამოვიდეს:"გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები შეძენილი ... შეგვიძლია ვიფრინოთ ... თუმცა თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ გარისკოს პილოტებმაც, არ არის დაშვებული".სანამ ეს მთავრობა გყავთ, ყოველი შემთხვევისთვის, გახსოვდეთ: ტონობით მიწის და ღვარცოფის ქვეშ მოყოლა არ არის ისეთი ტიპის რისკი, რომელიც თქვენს სიცოცხლეს რაიმე საფრთხეს შეუქმნის იმწამს.თურმე ტექნიკა გვქონია, მაგრამ გადაუდებელი გამოყენების საჭიროება სულაც არ ყოფილა", - წერს გეგელია.

  • გეგელიას ამ განცხადებას, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატი ნინო წილოსანი ეხმიანება:

"რანაირი გარეწარი უნდა იყო ადამიანი ამას წერდე, როცა შს მინისტრმა განაცხადა, რომ მამა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თურქეთში ყავს გადაყვანილი ..

და რა ბედნიერებაა რომ ასეთი ადამიანები ჩვენი საზოგადოების მხოლოდ უმცირეს ნაწილს წარმოადგენენ

გრიგოლ გეგელია “ლელო” - შს მინისტრი მთელი ეს დრო არდადაგებზე იყო. მასშტაბური ეროვნული ტრაგედიის მიუხედავად, მას არც კი ჩაუთვლია საჭიროდ პირველივე რეისით უკან დაბრუნებულიყო", - წერს წილოსანი.