ავტორი:

"როდესაც ხალხის პროტესტი დაინახა, The Killers -ის ვოკალისტი გაბრაზდა, იკითხა - აბა, მე ამერიკიდან ვარ და თქვენი მტერი ვარო?" - LOUDspeakers- ის სოლისტი ლევან ლაუდაძე

"როდესაც ხალხის პროტესტი დაინახა,  The Killers -ის ვოკალისტი გაბრაზდა, იკითხა - აბა, მე ამერიკიდან ვარ და თქვენი მტერი ვარო?" -  LOUDspeakers- ის სოლისტი ლევან ლაუდაძე

15 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე The Killers-ის კონცერტი სკანდალით დასრულდა მას მერე, რაც ჯგუფმა სცენაზე დრამერად რუსი ახალგაზრდა აიყვანა. მსმენელთა თქმით, მუსიკოსმა დრამერს ჰკითხა, საიდან იყო, რაზეც მან უპასუხა, რომ რუსეთის მოქალაქეა, ამას კი დარბაზიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით The Killers-ის მუსიკოსმა ხალხს მიმართა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ძმები არიან და დრამერს დაკვრის საშუალება მისცა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

"ქილერსის" warm up-ზე დაკვრა საამაყო გვეგონა, მაგრამ რუსის დრამზე აყვანით და მცდელობით, რომ რუსები და ქართველები ჩაეხუტებინათ, ძალიან იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ. უნდა იცოდე სად ჩადიხარ! რუსეთი მტერი და ოკუპანტია!!!" - ეს განცხადება ბენდ LOUDspeakers - ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ბენდმა თავისი გამოსვლა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით დაიწყო.

ambebi.ge - ის LOUDspeakers- ის სოლისტი, ლევან ლაუდაძე ესაუბრა:

- დაკვრას რომ მოვრჩით და გამოვიცვალეთ, გვინდოდა The Killers-ის მოსმენა ცოცხლად. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ მართლა მსოფლიო დონის ჯგუფია, აგერ ბოლო 20 წელია, ის აგრეთვე ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის კიდევ ცალკე ემოციებთან არის დაკავშირებული. ორივეს ძალიან გვიყვარდა და გვინდოდა, რომ ცოცხლად მოგვესმინა. კონცერტი დაიწყო თბილად, ხალხი ჰყვებოდა სიმღერებს, ჩვენც მათ შორის. შემდეგ უცებ, ერთი შეხედვით გაურკვეველი სიტუაცია მოხდა, - ვიღაც ადამიანი სწევდა პლაკატს და ითხოვდა, - ამოვალ და დრამზე დავუკრავო. საბოლოოდ, ვოკალისტმა ჯერ ეროვნება ჰკითხა ამ ადამიანს, რა საჭირო იყო საერთოდ ეს, შეეძლო ეგრევე აეყვანა სცენაზე, არადა, ეროვნება ჰკითხა რამდენჯერმე, როცა გაარკვია, რომ რუსი იყო, ხალხს ჰკითხა, ავიყვანო რუსიო? ხალხმა პასუხად "ბუუ..."-ს ძახილი დაუწყო. მოკლედ, პროტესტის მიუხედავად, ვოკალისტმა ბრენდონ ფლაუერსმა მაინც აიყვანა ეს რუსი, დააკვრევინა მთელი სიმღერა, რის შემდეგ პროტესტი არ განელებულა. მსმენელთა გარკვეულმა ნაწილმა საერთოდ დატოვა დარბაზი, ჩვენც მათ შორის. როგორც ვიცი, მთელი კონცერტის განმავლობაში პროტესტი მსმენელის მხრიდან გრძელდებოდა.

უშუალოდ ჩვენს ემოციებს რაც შეეხება, - მაგალითად LOUDspeakers-ს კონცერტი რომ ჰქონდეს სომხეთში და მე იქ დავიწყო ლაპარაკი, - სომხები და აზერბაიჯანელები ძმები ხართ - მეთქი, ანუ საერთოდ, ბოდიში და, ფეხებზე დავიკიდო, რა ისტორია აქვთ, რა გამოუვლიათ და მშვიდობის მტრედობა მოვინდომო... წარმოიდგინეთ, რა მოხდება, რა, ჩემი სიტყვა შეარიგებს ამ ხალხს?!...

სად ჩადიხარ უნდა იცოდე! რუსეთისგან რომ არის ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20%, მაგაზე ინფორმაცია თუ არ გაქვს, ე.ი. ფეხზე გკიდია სად ჩადიხარ, უბრალოდ, ფულის გასაკეთებლად ჩადიხარ. საერთოდ არ ითვალისწინებ იმ ქვეყნისა და ადამიანების ყოფას, გამოდიხარ და ამბობ, - ჩვენს კონცერტზე, ყველანი დები და ძმები ვართო. ამის შემდეგ კი, გვერდით დიდი მონიტორები იყო, რომელზეც გამოჩნდა ვოკალისტის ემოციები, როცა ხალხის პროტესტი დაინახა, - ისე შეეცვალა სახე, ისე გაბრაზდა, იკითხა, - აბა, მე ამერიკიდან ვარ და თქვენი მტერი ვარო?

შემდეგ The Killers-მა პოსტი გამოაქვეყნა. იმ პოსტიდანაც კარგად ჩანს, რომ საბოლოოდ ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა, ადეკვატურად ვერ გაიაზრეს ყველაფერი, საერთოდ სად იყვნენ, რა გააკეთეს და როგორ მოიქცნენ. მე ბენდის გარდა, სხვისკენ თითის გაშვერას ვერ დავიწყებ, არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ეს თითქოს წინასწარ იყო ვიღაცასთან შეთანხმებული, მაგრამ უშუალოდ ბენდმა რაც გააკეთა, ეს იყო მათთვის სირცხვილი და ქართველი ხალხისთვის შეურაცხყოფა. გვიხაროდა, რომ მათი კონცერტის წინ უნდა გვემღერა, მთელი თვე ვემზადებოდით აქტიურად ამ დღისთვის, დავხარჯეთ ფული, დრო, ვრეპეტიციობდით ყოველ დღე და საბოლოოდ მივიღეთ, აი, ეს შედეგი.

ჩვენ, ზოგადად, აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინას, ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას როგორც ჩვენთან, ისე - უკრაინაში. გვინდა ევროპა და ევროკავშირი. ანალოგიურად, რა თქმა უნდა, წინასწარ გათვლილი მქონდა და ახლაც აუცილებლად ვიტყოდი უკრაინის მხარდამჭერ სიტყვას, თან მითუმეტეს, ასეთ დიდ სივრცეში, უამრავი ადამიანის წინ. ამას შემდეგ მოჰყვა The Killers-ის გამოსვლა და დიდი იმედგაცრუება.

ვიმეორებ, ჩემი აზრით, ბენდის და მისი მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა, რომ ზოგადად არ იცოდნენ, სად ჩადიან, როდესაც ასეთ მეგა ჯგუფს უსმენ, მისგან თუნდაც ერთი ფრაზა, რომ "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას" დიდი სტიმულის მომცემი იქნებოდა, მით უმეტეს, ძალიან ბევრი ადამიანი იყო მისული იმ კონცერტზე, დიდი ფულიც ჰქონდათ გადახდილი და რაღაცნაირად გვეიმედება ზოგადად ასეთი მასშტაბური სახელები და ადამიანები...

თუ ბენდმა არ იცოდა თვითონ, მაშინ აუცილებელია, რომ ორგანიზატორებმა აუხსნან, სად ჩამოდიან და უთხრან, რომ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომ აგერ უკრაინაში ომი მიმდინარეობს... ამასთანავე, შესთავაზონ ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადება.

- ან სულ გაჩუმდე, მხოლოდ იმღერო და წახვიდე!

- გეთანხმები, ეკა, ან, უბრალოდ, შენი საქმე გააკეთო და წახვიდე. ამათ კი ისეთი პროვოკაციული რამ ჩაიდინეს, მომხდარი საქართველოს ფარგლებს უკვე გასცდა, მეეჭვება, რომ The Killers-ის სახელი არ შებღალოს ამ ყველაფერმა, თან არამარტო საქართველოში. The Killers კი არა, ლენონი რომ გააცოცხლონ და "ბითლზი" აღადგინონ, თუ მსგავსად მოიქცევიან, იგივე დაემართება ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას პატივს არ სცემს და ჩვენი ქვეყნის რეალობა და მძიმე მდგომარეობა არ ადარდებს საერთოდ.

ჩვენი მსმენელიც იყო იქ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის პროევროპულად განწყობილი. ეწინააღმდეგება რუსეთს და გვინდა ვიცხოვროთ დალაგებულ ევროპულ ქვეყანაში. ზუსტად ასე ფიქრობენ ისინიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღემდე ამდენი მსმენელი არ გვეყოლებოდა - ჩვენი გზავნილები მიდის მათთან და უკანაც გვიბრუნდება ანალოგიურად სწორი დამოკიდებულება.

ბოლო წლებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ LOUDspeakers- ის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავარი მესიჯები გავაჟღეროთ, მითუმეტეს, მასშტაბურ კონცერტებზე და ამ მხრივ არ იყო გამონაკლისი გუშინდელი კონცერტიც. The Killers-მა მსმენელისგან მიიღო ის პასუხი, რაც დაიმსახურა, ჩემი აზრით, კიდევ დაინდო ხალხმა...

იხილეთ ასევე: