ავტორი:

"არცერთი არ ვიმსახურებდით ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს. რა აზრი აქვს ბოდიშს?" - კაპიტნის კომენტარი წაგებული მატჩის შემდეგ

"არცერთი არ ვიმსახურებდით ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს. რა აზრი აქვს ბოდიშს?" - კაპიტნის კომენტარი წაგებული მატჩის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დამარცხდა.

შეიძლება ითქვას, რომ ესპანელებმა ქართველებს ნამდვილი კოშმარი მოუწყვეს - მოედანზე მათ ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენ კი - არაფერი.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 0:4 დათმო. მამარდაშვილის კარში პირველი გოლი 22 - ე წუთზე ალვარო მორატამ გაიტანა, 27-ე წუთზე ავტოგოლი კვირკველიამ მიითვალა, 38 წუთზე ქართველების კარი დანი ოლმომ დალაშქრა, მე-40 წუთზე კი ისევ - მორატამ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამდენიმე შეცვლა განახორციელა, მათგან ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა აბურჯანიას ნაცვლად გიორგი ჩაკვეტაძის შემოსვლა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაზე აქტიური იყო, სწორედ მან მოახერხა 49-ე წუთზე ესპანელთა კარის აღება. ის კიდევ ცდილობდა თამაშის გამწვავებას, თუმცა თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშით დავმარცხდით.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა გუნდის კაპიტანმა:

გურამ კაშია: "ძალიან ვწუხვარ გულშემატკივრის წინაშე, რომ ასეთი დიდი შედეგით წავაგეთ. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პერფორმანსი იყო, რაც მითამაშია ეროვნულ ნაკრებში. რა თქმა უნდა, ესპანეთის ნაკრებთან შეიძლება წააგო, მაგრამ ასეთი დიდი სხვაობა, არ მგონია, რომ უნდა ყოფილიყო. ხასიათი ვერ გამოვავლინეთ და შემდეგ თამაშში მინდა ვნახო ის ფეხბურთელები, ვინც ითამაშებენ ისე, რომ უფრო მეტი ხასიათი გამოავლინონ. არცერთი არ ვიმსახურებდით ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს. რა აზრი აქვს ბოდიშს? გული მწყდება, რომ ასეთი ცუდი თამაში ვაჩვენეთ.