ავტორი:

ტუჩებში კოცნის შემდეგ დაწყებული სკანდალი დამთავრდა?- ლუის რუბიელესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, თუმცა გამოძიება გრძელდება

ტუჩებში კოცნის შემდეგ დაწყებული სკანდალი დამთავრდა?-  ლუის რუბიელესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, თუმცა გამოძიება გრძელდება

ლუის რუბიელესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან კვირას საღამოს, TalkTV-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

”მე ვერ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას”, - აღიარა რუბიელესმა სატელევიზიო გადაცემაში “Piers Morgan Uncensored”.

მოგვიანებით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუბიელესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და უეფას ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩემ წინააღმდეგ დაწყებული ღია პროცედურების შემდეგ, ცხადია, რომ მე ვერ დავბრუნდები ჩემს თანამდებობაზე", - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.

მისი თქმით, ამ კონფლიქტის გახანგრძლივება და შემდგომი ლოდინი პოზიტიურს არაფერს მოუტანს არც ესპანეთის ფედერაციას და არც ესპანურ ფეხბურთს.

”მე მჯერა სიმართლის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვო”, - განაცხადა რუბიელესმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მან ინგლისის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. მაგრამ დაჯილდოების ცერემონიაზე ყველას ყურადღება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის საქციელმა მიიპყრო - რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, ჯენიფერ ერმოსოს უკითხავად აკოცა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. სამშაბათს, ესპანეთის ნაკრების მოთამაშემ, ჯენიფერ ერმოსომ პროკურატურაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.

ფეხბურთელი გოგონა მანამდე აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი გამარჯვებით გამოწვეული ემოციებს გამო მოხდა.

"კოცნა ნამდვილად მოულოდნელი იყო, თუმცა ყველაფერი ემოციის გამო მოხდა - მეტი არაფერი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს აჟიოტაჟს არ გამოიწვევს”, - ამბობდა თავდაპირველად ფეხბურთელი.

აგვისტოს ბოლოს, ეროვნული სასამართლოს პროკურატურამ რუბიალესის მიერ შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე წინასწარი გამოძიება დაიწყო, მაგრამ ხელისუფლებას საქმის გასახსნელად თავად ფეხბურთელის განცხადება სჭირდებოდა.

"სექსუალური ძალადობის საქმის აღძვრისთვის აუცილებელია დაზარალებულმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა სასამართლოში შეიტანოს სარჩელი ან მიმართოს პროკურატურას“, - აცხადებდნენ პროკურორები.

როგორც ცნობილია, დისციპლინურ გამოძიებას აწარმოებს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაც (FIFA), რომელმაც რუბიალესი საფეხბურთო საქმიანობას სამი თვით ჩამოაშორა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იხილეთ ასევე: