ავტორი:

მიკროჩიპებს უკვე ადამიანებზეც გამოცდიან - ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა კვლევის დაწყების უფლება მიიღო

მიკროჩიპებს უკვე ადამიანებზეც გამოცდიან - ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა კვლევის დაწყების უფლება მიიღო

ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა აშშ-ის ეთიკის დამოუკიდებელი კომიტეტისგან მიიღო უფლება, რომ მიკროჩიპები უკვე ადამიანებზე და ადამიანის ტვინზე გამოსცადონ და შესაბამისი კვლევა დაიწყონ.

კომპანიამ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერენ, რომ უკვე დაიწყეს მოხალისეების შერჩევა. Neuralink-ი განიხილავს ყველა ისეთ პაციენტს, რომელსაც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის, ან ზურგის ტვინის დაზიანების გამო მოძრაობის უნარი შეზღუდული აქვს.

  • პარალიზებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, რომ Neuralink-ის საიტზე რეგისტრაცია გაიარონ და კვლევაში მიიღონ მონაწილეობა. კომპანიის განცხადებაში არაა ნათქვამი, კონკრეტულად რამდენი პაციენტის ჩართვას აპირებენ კვლევაში.

სპეციალისტები პარალიზებული ადამიანების ტვინის იმ მონაკვეთში, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, მიკროჩიპს ჩასვამენ.

ჩიპის დახმარებით კი ადამიანს მოძრაობის უნარი აღუდგება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია, პირველ ეტაპზე ადამიანებს კომპიუტერის მაუსის, ან კლავიატურის გამოყენების შესაძლებლობა მისცენ. კვლევის დასრულებას, სავარაუდოდ, დაახლოებით ექვსი წელი დასჭირდება.

თავდაპირველად, "ნეურალინკის" თანამშრომლებს სურდათ, კვლევაში 10 პაციენტი ჩართულიყო, მაგრამ ამერიკის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მათ რაოდენობის შემცირება სთხოვა, რადგან სააგენტო უსაფრთხოების საკითხებზე შეშფოთებას გამოთქვამდა. Neuralink-ს არ დაუსახელებია საბოლოოდ რამდენ პაციენტზე მისცა კვლევის ჩატარების უფლება FDA-მ.

ილონ მასკის პროექტი ამბიციურია. მისი იდეის მიხედვით, Neuralink-ის ჩიპი სწრაფი მინი ქირურგიული პროცედურით მოთავსდება ადამიანის სხეულში და ის არ იქნება გათვლილი მხოლოდ პარალიზებული ადამიანებისთვის მოძრაობის უნარის დაბრუნებაზე.

გარდა პარალიზებული ადამიანების მოძრაობის უნარის დაბრუნებისა, მიზანია, რომ დაეხმაროს მათაც, ვინც ებრძვის ჭარბწონიანობას, ასევე, ვისაც აქვს აუტიზმი, შიზოფრენია, დეპრესია.

მასკის კომპანიამ მიკროჩიპები მაიმუნებზე გამოსცადა. 2016 წელს დაარსებული კომპანიის თავდაპირველი მიზანი იყო, რომ ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოყენება 2020 წელს დაწყებულიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და 2022 წლისთვის გადაიდო. შეფერხება იყო 2022 წელსაც, როცა ცხოველთა უფლებების დარღვევის გამო კომპანიის საქმიანობის შესწავლა საგამოძიებო უწყებამ დაიწყო.

თუ Neuralink-ის ჩიპები ადამიანებისთვის უსაფრთხო გამოყენების შემოწმებას წარმატებით გაივლის, ექსპერტების თქმით, მათი კომერციული გამოყენებისთვის 10 წელზე მეტი დრო იქნება საჭირო.

წყარო: reuters

ნახეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა