ავტორი:

"პირველი შემთხვევაა, როდესაც ფილმში ჩვენი დანაშაულებიც არის ნაჩვენები, ჩვენმა ჯარმა რაც გააკეთა. ლაპარაკია ჩვენს პრობლემებზე, შეცდომებზე, კომპლექსებზე..." - რატომ მოჰყვა ასეთი ხმაური ფილმს "იარე, ლიზა"?

"პირველი შემთხვევაა, როდესაც ფილმში ჩვენი დანაშაულებიც არის ნაჩვენები, ჩვენმა ჯარმა რაც გააკეთა. ლაპარაკია ჩვენს პრობლემებზე, შეცდომებზე, კომპლექსებზე..." - რატომ მოჰყვა ასეთი ხმაური ფილმს "იარე, ლიზა"?

რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - "იარე, ლიზას" ჩვენებას, რომელიც გუშინ კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა, საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ დარბაზს და აკრიტიკებენ ფილმის შინაარსსა თუ რეჟისორს მაყურებლები. ამ საკითხს ფეისბუქზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა: "ამ ფილმის ავტორი ქალბატონი დღეს ჩემგან "იცავს" ქართულ კინოს. ეს ფილმი არ მინახავს და ვნახავ აუცილებლად, ვინაიდან მინისტრი ამ ქვეყნის შვილია და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი და ამ აზრის გამოთქმის თავისუფლება (ქალბატონო ნანა!). მით უმეტეს, რომ ბევრი წელი დავახარჯეთ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეთქვა სიმართლე - რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!! ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ფილმი საპირისპიროს არ ამბობს იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენს სიმართლეზე... მაგრამ ვნახავ და მექნება ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მოგეწონებათ, მერე მიმართავთ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით და მოთხოვეთ მორიგჯერ, რომ გამაჩეროს (ასე გესმით თავისუფლება და შექსპირის სონეტები, არავიძემ რომ კარგად იცოდა)... და ვერ მიიღებთ სასურველ პასუხს. ის კი ვიცი, და ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვისაუბრე წინა კვირაში, რომ ფილმი ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან. და ახლა ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება. გასაგებია", - წერს თეა წულუკიანი. წულუკიანის სტატუსს მოჰყვა პოლიტიკოსების, მწერლებისა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლების სტატუსები და ფილმის შესახებ პოლიტიკური დებატები გაიმართა. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რეალურად, რა ხდება ფილმში, რომელსაც ასეთი აურზაური მოჰყვა.

ლია ტოკლიკიშვილი, ფილმ "იარე, ლიზას“ სცენარის ავტორი:

- პირველი ტიტრიდან ბოლო ტიტრამდე, მთელი სიუჟეტით, ეს არის ანტირუსული, ანტიოკუპაციური ფილმი! ეს არის ფილმი იმაზე, რომ აფხაზეთი, რომელიც რუსეთს მიბმული აქვს 30 წლის განმავლობაში, შენკენ შემოატრიალო, დაანახვო შენი ნამდვილი სახე და სული. აჩვენო, როგორ ახოცვინა რუსეთმა ერთმანეთი ორ ხალხს, რომ ლიხნის კრებიდან მოყოლებული, რუსეთი უდებდა ტვინში აფხაზებსაც და ოსებსაც ანტიქართულ განწყობას, რაც მაშინდელი პოლიტიკური ჯგუფების დახმარებით ომით დააგვირგვინა. ეს ფილმი იმაზეა, რომ რუსების ტექნიკით შემოდიოდა აფხაზი ჩვენი სახლების ასაოხრებლად, მერე კი, ჩვენ რომ აგვაოხრეს, აფხაზები აქციეს მოერეხარისხოვან მოქალაქეებად აფხაზეთში. ეს არის ანიმაციაში: როცა ლენინის ძეგლი დაძრწის და იყურება ომით დაბნელებულ ფანჯრებში; ეს არის გმირების სიტყვებში, როცა ამბობენ, რომ რუსეთმა დაიწყო ყველაფერი, რომ რუსი შეესია ახალდაბას აფხაზების სახელით და გაჟლიტა იქაურები, რუსულმა ტექნიკამ ჩამარხა გაგრის მიწაში ასობით ქართველი. ეს არის ფილმი ქართველებისა და აფხაზების ტრაგედიაზე, ჩვენს ერთად დაკარგულ სამშობლოზე, რუსეთის გამარჯვებაზე და ორივე ხალხის დამარცხებაზე აფხაზეთში.

ამ ფილმით უნდა გაიგოს მსოფლიომ, რაც ვერ გაიგო საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლებისგან: რომ ბუჩამდე იყო გაგრა, სადაც რუსული იარაღით გაგვჟლიტეს და დაგვაკარგინეს ქვეყანა.

კინო არის კულტურის სფერო. კინოს თავისი ენა აქვს იმის სათქმელად, რასაც პოლიტიკოსები ტრიბუნებიდან ამბობენ. ჩვენ ასე ვთქვით - ფილმით: ანიმაციით, ტექსტით, სიუჟეტით... ტექსტი დღიურებია, რომლებიც ომის მონაწილეების მონათხრობისგან შედგება. ომის მონაწილეები არიან ჯარისკაცები, დევნილები, როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხრიდან. ქართულ დღიურებთან ერთად, აფხაზური დღიურებიც არის გამოყენებული. ფილმში გაშლილია, ქართველი რას გრძნობს და აფხაზი რას გრძნობს ამ ომის წინააღმდეგ.

დავით ბუხრიკიძე, კინომცოდნე:

- ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმში ჩვენი დანაშაულებიც არის ნაჩვენები, ჩვენმა ჯარმა რაც გააკეთა. ლაპარაკია ჩვენს პრობლემებზე, შეცდომებზე, კომპლექსებზე... როგორც ქართველთა, ასევე აფხაზთა მხრიდან, თანაპროპორციულად წარმოდგენილი, რაც ჩვენმა მებრძოლებმა ჩაიდინეს, ასევე - აფხაზებმაც. ორივე წყაროა გამოყენებული, როგორც აფხაზი პოეტის და მწერლის, ასევე, ქართველი სცენარისტის - ლია ტოკლიკიშვილის...

სიუჟეტი ასეთია: ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც 25 წლის წინათ რეპორტიორად მუშაობდა აფხაზეთის ომში. ამჟამად ის ცნობილი ტელეწამყვანია, რომელიც პირდაპირ ეთერში იღებს ზარს აფხაზი მეომრისგან. ეს ზარი მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება, რის შემდეგ ლიზა იწყებს გრძელ გზას, რათა მნიშვნელოვანი სათქმელი მიიტანოს აფხაზ მეომრამდე... იგი ყველაფერს მიატოვებს - სახლს, დედას, შვილს, ქმარს, ყოფილ საყვარელს... მიდის და მისი სვლა არის დაუოკებელი, ფაქტობრივად, ახალგაზრდა რეპორტიორის განცდებს აცოცხლებს. ლიზას როლს ეკა ტოგონიძე ასრულებს, პარალელურად, ნაჩვენებია ის ახალგაზრდა ლიზაც, რომელსაც შედარებით ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს. ფილმში ძალიან მნიშვნელოვანია დამდგმელი მხატვრის - გოგი მიქელაძის როლი.

- რამ გამოიწვია მაყურებლის ნაწილის პროტესტი?

- ვფიქრობ იმან, რომ პირდაპირ განვაცხადეთ, ჩვენც რაღაცაში რომ ვართ დამნაშავე... უმეტესად ვსაუბრობთ აფხაზების სასტიკ დანაშაულზე, რომლებმაც ახალდაბაში გაუგონარი რამ ჩაიდინეს, 500 ადამიანი დახოცეს, თავები მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს... ბევრი თვლის, რომ სანამ ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ და რუსეთი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საშუალებას არ გვაძლევს, საკუთარ დანაშაულზე საუბარი შეცდომაა...

ფილმში რუსეთზე ტონი ცოტა შერბილებულია. ნაკლებად არის აქცენტი რუსეთზე გამახვილებული, უფრო წინა პლანზე აფხაზურ-ქართული კონფლიქტია წამოწეული, ვიდრე ის რომ რუსეთი ინსპირატორი იყო. წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: