საქართველოში ფარდა-ჟალუზებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება, ამიტომ ბევრი შეაშფოთა პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ეს პროდუქცია ხშირად ეკოლოგიური საფრთხის შემცველი მასალისაგან არის დამზადებული. სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ ინტერვიუ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ ანზორ საკანდელიძესთან:
- არაერთგზის მითქვამს, როდესაც საქონელი საბაჟოზე შემოაქვთ, აუცილებლად უნდა გაიაროს შემოწმება ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. საქონელს შეიძლება ჰქონდეს ეკოლოგიური უსაფრთხოების სერტიფიკატი, მაგრამ ამ სერტიფიკატშიც ხშირად იმდენია ფალსიფიკაცია, რომ სახელმწიფოები ერთმანეთს უკვე აღარ ენდობიან და ყველაფერს ამოწმებენ.
შემოწმება უნდა ჩატარდეს რადიაციის, რადონისა და სხვა მომწამვლელი, მავნე ნივთიერებების გამოსავლენად. მნიშვნელობა არა აქვს, მზა ნაწარმი შემოაქვთ თუ ნედლეული. როგორც წესი, ინტერიერის მოსაწყობი საშუალებები ჩვენთან, ძირითადად, ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვთ ნედლეულის სახით, აქ მას ჭრიან და აწყობენ. განსაკუთრებით უხარისხოა ჩინური პროდუქცია, ამ ქვეყნიდან შემოტანილი ნედლეული, მასალები, ავეჯი, ბავშვის სათამაშოები იმიტომ არის იაფი, რომ ფალსიფიცირებული, ეკოლოგიურად დაბინძურებული ნედლეულისაგან არის დამზადებული, რომელიც ათასგვარ ავადმყოფობას იწვევს.
- რეალიზატორები უარყოფენ, რომ ეს უხარისხო პროდუქციაა.
- აბა, იმას ხომ არ იტყვიან, უხარისხო პროდუქციას ვასაღებთო? ფასებს მაინც დავაკვირდეთ, პროდუქცია, რომელიც ჩვენთან იყიდება, დასავლეთის ქვეყნებში 2-3-ჯერ უფრო ძვირი რატომ ღირს? როგორ შეიძლება ფასები ასე განსხვავებული იყოს? იაფად რომ იყიდება, ე.ი. საეჭვო ნედლეულისაგან ამზადებენ.
- გამოდის, რომ ჩინურ ნაწარმს ევროპულად ასაღებენ?
- სამწუხაროდ, ასეა. ჩინეთმა, გარდა იმისა, რომ თავის უხარისხო ნაწარმს მთელ მსოფლიოში ავრცელებს, დაიწყო ფალსიფიკაცია. დიდი ასოებით აწერენ რომელიმე ცნობილი ევროპული ფირმის სახელწოდებას, კუთხეში კი, პატარა, მიკროსკოპული ასოებით არის აღნიშნული, რომ ეს ჩინეთში დამზადებული ნივთია. ისეთ დონეზე აქვთ აყვანილი ფალსიფიკაცია, თვით რუსეთიც კი, რომელიც მკაცრად იცავს უსაფრთხოების წესებს და აკრძალული აქვს თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი უხარისხო ნედლეულის შეტანა, ჩინეთს ვერაფერს უხერხებს.
თქვენ წარმოიდგინეთ, რუსული ფირმების სახელით ამზადებენ ბევრ რამეს და შემდეგ რუსეთშივე ყიდიან. ადვილი მისახვედრია, რას იზამენ საქართველოში და სხვა ეკოლოგიურად დაუცველ ქვეყნებში. კარგად იციან, რომ აქ არაფერი მოწმდება - არც საშენი მასალა, არც წამალი, არც კვების პროდუქტები და ამ განუკითხაობით შესანიშნავად სარგებლობენ.
ქვეყანაში, სადაც ბაზარი დაპყრობილი აქვს იაფფასიან და ეკოლოგიურად საშიშ პროდუქციას, აზრი არა აქვს იმის მტკიცებას, რომ ვიღაც მაღალი ხარისხის ნაწარმს უშვებს. სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს შემოწმება და, როდესაც შემოწმება დაიწყება, იმპორტიორებს შეეშინდებათ და ჯანმრთელობისათვის საშიშ პროდუქციას ვეღარ შემოიტანენ.
- ბატონო ანზორ, ჩინური ყოველთვის ხომ არ ნიშნავს უხარისხოს?
- შეიძლება თვითონ ჩინეთში უშვებენ ხარისხიან პროდუქციას, მაგრამ უცხოეთში ძირითადად უხარისხო გააქვთ. ამერიკელები, მაგალითად, ჩინეთიდან შესული საქონლის ნახევარს უკან აბრუნებენ. მკაცრად ამოწმებენ და რაც კარგია, მხოლოდ იმას იტოვებენ. ჩვენთან კი ყველაფერი თავისუფლად შემოდის, მე საშენი მასალების სპეციალისტი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ საშენი მასალა, ავეჯი, რომელიც ჩინეთიდან შემოდის, უხარისხო და ფალსიფიცირებულია.
- როგორც ვიცი, თქვენ გინდოდათ ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ამ პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებდა.
- მე ვხელმძღვანელობ ასოციაციას, რომლის სახელწოდებაა "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე". უკვე ექვსი თვეა ვიბრძვით, რომ ასეთი ლაბორატორია შევქმნათ, ვცდილობთ ჩამოვიტანოთ 8 აპარატი, რომელიც ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, საშენი მასალებისა და ნედლეულის ხარისხს შეამოწმებს. ამისათვის 40 ათასი დოლარიც საკმარისია. ყველაფერი მოგვარებული გვაქვს, მაგრამ დამფინანსებელი ვერ ვიშოვეთ.
არავინ ამ საკითხის მიმართ ყურადღება არ გამოიჩინა, ბიზნესმენებით დაწყებული, სახელმწიფო მოხელეებით დამთავრებული. არჩევნების დროს ორი ბილბორდით ნაკლები რომ გაეკრათ, ახლა ეს აპარატურა ჩამოტანილი გვექნებოდა. ეს ხალხი შეიძლება რამდენჯერმე შევიდეს კაზინოში და 40 ათასი დოლარი იქ დახარჯოს, ამ საქმისათვის კი ვერ გაიმეტეს. იცი, რა მაკვირვებს? - თავიანთ შვილებსა და მომავალზეც რომ არ ფიქრობენ. საფრთხე რეალურია და მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო: საქართველოში შემოდის ჩერნობილში დამზადებული არმატურა, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისათვის, ამ არმატურით აშენებულ სახლში ცხოვრება კი უეჭველ დასნებოვნებას იწვევს.
გრანიტიც კი, რომლითაც შეძლებულ ფენას ხშირად კედლები აქვს მოპირკეთებული, მსოფლიოში აღიარებულია ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებულ მასალად. ის ბევრ ქვეყანაში აღარ გამოიყენება შიდა ინტერიერის მოსაწყობად, რადგან აკრძალეს. უამრავი საშენი მასალა შეიცავს რადონს, რომელსაც არც გემო აქვს, არც სუნი და შეიძლება ისე მოიწამლო, რომ ძალიან გვიან შეიტყო. ფარდა-ჟალუზებზეც ხომ გამოითქვა ეჭვი, ამიტომ ყველაფერი უნდა შემოწმდეს. რა ხანია ვეხვეწებით, ვაფრთხილებთ ყველას, მაგრამ ყურსაც არავინ იბერტყავს. თითქოს ეს მათ არ ეხებოდეს.
- ბატონო ანზორ, თქვენ სათამაშოები ახსენეთ. შობა-ახალი წელი ახლოვდება და ბუნებრივია, ყველას სურს პატარები უსაფრთხო და თანაც ლამაზი სათამაშოებით დაასაჩუქროს.
- ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მსოფლიოში პანიკაა ჩინური საბავშვო სათამაშოების გამო. ამიტომ, სათამაშოები მაინც შევამოწმოთ, ნუ მოვწამლავთ ბავშვებს! 99 პროცენტია საფრთხე იმისა, რომ ეს არის ეკოლოგიურად დაბინძურებული მასალა და არ შეიძლება ბავშვთან მისი მიკარებაც კი. საახალწლოდ ეს პროდუქცია ღარიბ ქვეყნებში განსაკუთრებით კარგად იყიდება, რადგან იაფია. რა გვემართება, რატომ ვართ ასე გულგრილნი, ბოლოს და ბოლოს, მომავალ თაობას მაინც ხომ უნდა გავუფრთხილდეთ?!
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)