ავტორი:

რევოლუცია თუ "ჯოჯოხეთის კარიბჭე"? - განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში და ისტორიული სინოდი, რომელიც ეკლესიის წიაღში ქალების და ლგბტ ადამიანების მომავალს განიხილავს

რევოლუცია თუ "ჯოჯოხეთის კარიბჭე"? - განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში და ისტორიული სინოდი, რომელიც ეკლესიის წიაღში ქალების და ლგბტ ადამიანების მომავალს განიხილავს

5 ოქტომბერს, ვატიკანში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო, რომელიც დახურულ კარს მიღმა იმართება და თითქმის ერთ თვეს გაგრძელდება.

შეხვედრას წინ უძღოდა ორწლიანი გამოკითხვა: სხვადასხვა ქვეყნის რიგით კათოლიკეებს სთხოვდნენ გაეზიარებინათ თავიანთი ხედვა ეკლესიის მომავლის შესახებ.

ამ გამოკითხვების შედეგების საფუძველზე შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქალების ადგილი საეკლესიო იერარქიაში, დამოკიდებულება ლგბტ თემის მიმართ, უქორწინებლობის აღთქმის შედეგები სასულიერო პირებისთვის, ბრძოლა პედოფილიის წინააღმდეგ, აბორტი და სხვა - სხდომაზე წმინდა სინოდი სწორედ ამ თემებს განიხილავს.

ისტორიული შეხვედრის დაწყებამდე რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული სახალხო მესა აღავლინა.

პაპის განცხადებით, დღეს ეკლესიისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, გადასცეს რელიგიური გზავნილები თანამედროვე, რადიკალურად შეცვლილ საზოგადოებას. მისი თქმით, ეკლესია უნდა განიწმინდოს და გახდეს ინკლუზიური.

სწორედ ეს საკითხი გახდა რომის ეკლესიაში განხეთქილების მთავარი მიზეზი. სასულიერო პირების უმრავლესობა ეკლესიის პროგრესულობას არასწორად მიიჩნევს:

"ჩვენი მოვალეობაა, მტკიცედ შევეწინააღმდეგოთ ეკლესიის სწავლებების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს წმინდა სინოდის შეხვედრის შემდეგ“, - თქვა პასტორმა ჯერალდ მიურეიმ.

აღსანიშნავია, რომ სინოდის 365 წევრიდან 54 ქალია. მასში კიდევ ასამდე დამკვირვებელი და სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენელიც მონაწილეობენ. კონსერვატორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ასეთ შემადგენლობას. ისინი ამტკიცებენ, რომ კათოლიკური დოქტრინის საკითხებზე ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ ეკლესიის ხელდასხმულმა მსახურებმა უნდა მიიღონ.

ორშაბათს, ხუთმა კონსერვატიულმა კარდინალმა, პაპს წერილი გაუგზავნეს და სთხოვეს დაედასტურებინა თავისი ერთგულება ეკლესიის მიმართ.

გავრცელებული ინფორმაციით, პაპმა საპასუხო წერილში მიანიშნა, რომ არ გამორიცხავდა მღვდლებისთვის ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის კურთხევის უფლების მიცემის შესაძლებლობას.

სინოდის შეკრება 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ რომის პაპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საჯარო 2025 წლამდე გახდება.

იხილეთ ასევე: