ავტორი:

"თამარმა მეგობრებს მისწერა, რომ სარდაფში იყვნენ... შემდეგ კონტაქტი გაწყდა" - ხუთსულიანი ოჯახი, რომელიც "ჰამასის" ტერორისტების მსხვერპლი გახდა: რას წერს მედია ტრაგიკულ ამბავზე?

"თამარმა მეგობრებს მისწერა, რომ სარდაფში იყვნენ... შემდეგ კონტაქტი გაწყდა" - ხუთსულიანი ოჯახი, რომელიც "ჰამასის" ტერორისტების მსხვერპლი გახდა: რას წერს მედია ტრაგიკულ ამბავზე?

ისრაელში ჰამასის ტერორისტებმა ხუთსულიანი ოჯახი მოკლეს. 35 წლის თამარ კედემ-სიმან ტოვი, მისი ქმარი იონათანი და მათი სამი მცირეწლოვანი შვილი შაბათს, საკუთარი სახლის სარდაფში მოკლეს. შემთხვევა ნირ ოზში, ღაზას გარეუბანში მოხდა.

ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, თამარმა ავსტრალიაში მცხოვრებ მეგობრებს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ კარგად იყო და საფრთხე არ ემუქრებოდა.

”გამარჯობა მეგობრებო, ახლა ჩვენი სახლის სარდაფში ვიმყოფებით. ყველანი კარგად ვართ" - წერდა თამარი. შეტყობინება ადგილობრივი დროით 2:45 საათზე არის გაგზავნილი.

თუმცა როდესაც თამართან კონტაქტი შეწყდა, მეგობრები, იშაი და მორ ლაკობები მასთან დაკავშირებას ყველანარი გზით ცდილობდნენ.

"საშინელება იყო, მათთან დაკავშირებას ვცდილობდით... მივწერეთ, დავურეკეთ კიდეც. ყველა ნაცნობს შევეხმიანე, ვინ ისრაელში იმყოფებოდა, მაგრამ თამარისგან არაფერი ისმოდა“,- განუცხადა მორმა Morning Herald-ს.

მეგობრებს ისრაელის მთავრობამ კვირას დაუდასტურა, რომ ჰამასის ტერორისტები ოჯახის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და თამარი ქმართან და შვილებთან ერთად მოკლეს.

თამარის სოციალური მედიის პროფილის თანახმად, იგი ერთ დროს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის ოფისის მრჩევლად მუშაობდა. მსახურობდა ჯარში და 15 წლის განმავლობაში ნირ ოზში ცხოვრობდა. მისი მეუღლე ოპერაციების მენეჯერი და ხორბლის მწარმოებელი იყო. წყვილს სამი შვილი ჰყავდა - 6 წლის ტყუპი გოგონები და 4 წლის ვაჟი, ომერი.

შეგახსენებთ, შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2000-ზე მეტი. „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 370 პალესტინელი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ომი გამოცხადა.

წაიკითხეთ ასევე: