ავტორი:

"სიცოცხლის ბოლომდე გვერდით სოხუმელი მეგობრები ედგნენ...." - ჩცდ-ს ყოფილი მსახიობი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა გარდაიცვალა: რას ჰყვება მასზე მეგობარი?

"სიცოცხლის ბოლომდე გვერდით სოხუმელი მეგობრები ედგნენ...." - ჩცდ-ს ყოფილი მსახიობი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა გარდაიცვალა: რას ჰყვება მასზე მეგობარი?

დარე ლაცუზბაია პროფესიით ფილოლოგი, მსახიობი, რომელიც წლების წინ საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით“ გაიცნო, გარდაიცვალა. ქალბატონი დარე ბოლო 15 წლის მანძილზე სიმსივნეს ებრძოდა. სამი წლის წინ, ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ვერაგი სენი დაამარცხა.

მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. წლების წინ, აფხაზეთის ომამდე, ბედნიერად ცხოვრობდა მშობლიურ სოხუმში და ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. ომმა მისი ცხოვრება დაანგრია - ჯერ იყო დევნილობის ხვედრი, შემდეგ სამშობლოდან შორს ცხოვრება და სიმსივნის დიაგნოზი, რის გამოც, ის საქართველოში დაბრუნდა.

დარე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კულტურის მინისტრის - ირინა კუპრავას როლს თამაშობდა. ის ყოველთვის ბედნიერი იყო საკუთარი ეპიზოდური როლით და უხაროდა, რომ ხალხისთვის საყვარელ სერიალში თამაშობდა.

დარე ლაცუზბაიას შესახებ, Ambebi.ge-ს მისი უახლოესი მეგობარი, ცნობილი ექიმი, მანანა მგალობლიშვილი ესაუბრა.

- ქალბატონო მანანა, დარე სამი წლის წინ ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ სიმსივნე დაამარცხა, რა მოხდა ახლა, როდის დამძიმდა მისი მდგომარეობა?

- დარე წლებია, რაც სიმსივნეს ებრძვის, პირველად, დაახლოებით 15 წლის წინ გაიგო და ამის შემდეგ იყო მუდმივი ბრძოლა. ამ პერიოდებში ჰქონდა ცალკეული გამწვავებები, იტარებდა კონტროლს. ბოლოს ისე დამძიმდა, რომ მისი გადარჩენა ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

- თქვენ ბავშვობიდან იცნობთ ერთმანეთს, სოხუმიდან მოდიხართ...

- არც მახსოვს დარე როდის გავიცანი, სოხუმში ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი იყო, უამრავი მეგობარი ჰყავდა. ამავე დროს იყო მოდის პირველი შემომტანი ქალაქში, ყოველთვის გამორჩეულად იცვამდა. ყველას ძალიან უყვარდა. არ მახსოვს არასოდეს ცუდ ხასიათზე ყოფილიყო, შეიძლება რამეზე ენერვიულა, მაგრამ ყოველთვის ოპტიმისტურად იყო განწყობილი. არ მინახავს არასოდეს ვინმეზე გაბრაზებული, ნაწყენი, ამას ხმამაღლა არასოდეს გამოხატავდა.

დარეს დედა გამორჩეული ქალი იყო, ცნობილი პედაგოგი გახლდათ სოხუმში. ძალიან სხვანაირი ქალი იყო, მისი ეშინოდათ და თან ძალიან უყვარდათ. თვითონაც ფილოლოგი იყო, სოხუმის უნივერსიტეტი დაამთავრა.

- სერიალში რომ მიიწვიეს, ალბათ ძალიან უხაროდა?

- დიახ, მაშინაც ჰქონდა დაავადების გამწვავების პერიოდები, მაგრამ ძალიან უხაროდა სერიალში რომ იღებდნენ, უყვარდა ეკრანზე გამოჩენა.

- ბოლოს როდის ნახეთ, როგორ განწყობაზე იყო.

- სახლში იყო, უკვე ძალიან ცუდად. ბოლომდე მის გვერდით იყვნენ სოხუმელი მეგობრები და მეუღლე, ზაზა, რომელმაც სამსახური მიატოვა და მას უვლიდა. დარეს ორი უფროსი ვაჟი ჰყავს. ბოლოს ცოტა ხნის წინ ვნახე, ჩემ დას დავალაპარაკე, ნატო საზღვარგარეთ ცხოვრობს და მასთან საუბარი უნდოდა. ამ დროს უკვე ძალიან მძიმედ იყო, ყოველდღიურ რაღაცებზე საუბრობდა, მაგრამ მაინც სჯეროდა, რომ ადგებოდა.

წაიკითხეთ ასევე: