ავტორი:

ვის მიიჩნევენ ორგანიზაციის "ტვინად" და "სიკვდილის მაცნედ" და ვინ გადაარჩინა სიკვდილს ნეთანიაჰუს თანხმობით გაგზავნილმა ანტიდოტმა - რა არის ცნობილი "ჰამასის" ლიდერებზე?

ვის მიიჩნევენ ორგანიზაციის "ტვინად" და "სიკვდილის მაცნედ" და ვინ გადაარჩინა სიკვდილს ნეთანიაჰუს თანხმობით გაგზავნილმა ანტიდოტმა - რა არის ცნობილი "ჰამასის" ლიდერებზე?

მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ მასიური და კოორდინირებული თავდასხმა დაიწყო, თავდასხმის ორგანიზატორების მიმართ ინტერესი გაიზარდა.

  • BBC-მ "ჰამასის" ლიდერების სია გამოაქვეყნა - როგორც პოლიტიკური ფიგურების, ისე სამხედრო მეთაურების. ვინ არიან დაჯგუფების ხელმძღვანელები:

მუჰამედ დეიფი

დეიფის ნამდვილი სახელი მუჰამედ დიაბ ალ-მასრია (ასევე ცნობილია როგორც აბუ ხალედი, ან ალ-დეიფი). ის 1965 წელს ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ჰანიუნისში, პალესტინელი დევნილების ოჯახში დაიბადა.

პალესტინელები მას ჰამასის "ტვინს“ უწოდებენ, ისრაელში კი "სიკვდილის მაცნის“ სახელით იცნობენ.

დეიფი ღაზის ისლამურ უნივერსიტეტში სწავლობდა. სტუდენტობის წლებში ცნობილი იყო თეატრის სიყვარულით და სასცენო ჯგუფიც კი ჩამოაყალიბა.

დეიფი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც "ჰამასის“ რიგებს შეუერთდა. 1989 წელს ის ისრაელის ხელისუფლებამ 16 თვით დააპატიმრა - "ჰამასის" სამხედრო აპარატში მუშაობის ფაქტის გამო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ზაქარია ალ-შორბაგთან და სალაჰ შეჰადესთან ერთად "ჰამასისგან" განცალკევებული ჯგუფი, ალ-ქამასი შექმნა. 2000 წელს ისრაელმა იგი კვლავ დააპატიმრა, მაგრამ დეიფმა გაქცევა მოახერხა. მას შემდეგ მის შესახებ დანამდვილებით თითქმის არაფერია ცნობილი.

2014 წელს, ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაციის დროს, ისრაელის სამხედროებმა მისი ცოლი და ორი შვილი მოკლეს.

მარვან ისა

მარვან ისა, ანუ "ჩრდილოვანი კაცი“ მუჰამედ დეიფის მარჯვენა ხელია.

ახალგაზრდობაში ის კალათბურთით იყო გატაცებული, მაგრამ სპორტული კარიერა არ გამოუვიდა, რადგან 1987 წელს ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა "ჰამასთან" კავშირის ბრალდებით დააკავა.

ღაზის სექტორში შეჭრის დროს, 2014 და 2021 წლებში, ისრაელის თვითმფრინავმა ორჯერ გაანადგურა მისი სახლი სარაკეტო დარტყმებით. შედეგად, ისას ძმა მოკლეს.

აბდულა ბარღუთი

აბდულა ბარღუთი, მეტსახელად "ინჟინერი“ 1972 წელს, ქუვეითში დაიბადა. 1990 წელს საცხოვრებლად იორდანიაში გადავიდა.

იორდანიის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, სწავლა სამხრეთ კორეის უნივერსიტეტში ელექტრო-ინჟინერიის ფაკულტეტზე განაგრძო, სწორედ აქ ისწავლა ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადება.

ვარაუდობენ, რომ ბარღუთი პირადად არის პასუხისმგებელი ათობით ისრაელელის მკვლელობაზე. ისრაელის მართლმსაჯულების ისტორიაში მას ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა: 5200 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ისმაილ ჰანია

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მე-3 პრემიერ-მინისტრი. ამ პოსტზე ის 2006-2007 წლებში მოღვაწეობდა.

ისმაილ აბდელ სალამ ჰანია, მეტსახელად აბუ ალ-აბდი, 1963 წელს დაიბადა ღაზის სექტორში განთავსებულ შატის ლტოლვილთა ბანაკში, სწავლობდა გაეროს სკოლებში, რომლებიც ლტოლვილებისთვისაა განკუთვნილი. 1987 წელს დაამთავრა ისლამური უნივერსიტეტის არაბისტიკის ფაკულტეტი. მოგვიანებით დაუახლოვდა "ჰამასის" დამფუძნებელს, შეიხ აჰმედ იასინს. ისმაილ ჰანია დაქორწინებულია და ჰყავს 13 შვილი.

2006 წლის 16 თებერვალს "ჰამასმა" ჰანია პალესტინის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ერთი წლის შემდეგ, პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ჰანიეს მთავრობა დაითხოვა, მაგრამ "ჰამასმა" ეს გადაწყვეტილება არალეგიტიმურად გამოაცხადა და მინისტრთა კაბინეტმა მუშაობა გააგრძელა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰანიე ტერორისტად გამოაცხადა.

ხალედ მაშაალი

ხალედ მაშაალი, იგივე აბუ ალ-ვალიდი, "ჰამასის" პოლიტბიუროს თავმჯდომარე.

მეშაალი "ჰამასის" ერთ-ერთი დამაარსებელია. 1996-2017 წლებში "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელობდა.1978 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი ასწავლიდა ფიზიკას ქუვეითში.

1997 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის დაზვერვას (მოსადს) ხალედ მაშაალის მოკვლის გეგმის შემუშავება სთხოვა. ამ დროს მაშაალი იორდანიაში იმყოფებოდა.

1997 წლის 25 სექტემბერს, ისრაელის დაზვერვის აგენტებმა ამანის ქუჩაში მაშაალს ყურში შხამი შეასხეს. თავდამსხმელები მცველებმა დაიჭირეს. იორდანიის მეფე ჰუსეინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ანტიდოტი მოსთხოვა, მაგრამ ნეთანიაჰუმ თავდაპირველად ამაზე უარი თქვა.

მკვლელობის მცდელობამ ძლიერი პოლიტიკური ელფერი შეიძინა. საბოლოოდ, კონფლიქტში აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ჩაერია და დაარწმუნა ნეთანიაჰუ, რომ ანტიდოტი მიეცა, სწორედ მისი საშაულებით გადარჩა ხალედ მაშაალი.

მაჰმუდ ზაჰარი

მაჰმუდ ზაჰარი დაიბადა 1945 წელს ღაზაში, პალესტინელი მამისა და ეგვიპტელი დედის ოჯახში. ადრეული ბავშვობა ეგვიპტის ქალაქ ისმაილიაში გაატარა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო კაიროს აინ შამსის უნივერსიტეტში, 1971 წელს მიიღო ზოგადი მედიცინის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1976 წელს ზოგადი ქირურგიის მაგისტრი გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ექიმად ღაზის საავადმყოფოებში.

ზაჰარი "ჰამასის" პოლიტიკური ფრთის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ წევრად ითვლება. ისრაელის სპეცსამსახურებმა ღაზის სექტორში, მის სახლთან თითქმის 500-კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს. თავდასხმას შეეწირა მისი უფროსი ვაჟი, ხალედი.

იხილეთ ასევე: