ავტორი:

"თუ გაეროს გენმდივანს უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?!" - რას ამბობს სუს-ის უფროსი 2022 წელს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?

"თუ გაეროს გენმდივანს უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?!" - რას ამბობს სუს-ის უფროსი 2022 წელს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?

მე არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა და სადაც სავარაუდოდ, რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი, ვლადიმერ ევტუშენკოვი და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებენ.

კითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ ივანიშვილს უცხო ქვეყნიდან უსმენენ, ლილუაშვილი პასუხობს: "თუ გაეროს გენმდივანს უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?!"

ამასთან, ლილუაშვილი აცხადებს, რომ "დაზვერვის მეთოდები შეცვლილია და მას არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები".

"მოსმენების გამოძიებას აწარმოებს გენერალური პროკურატურა, ჩვენ რა პროცედურაზეც დაგვიძახებენ და დაძახებულიც ვიყავით, ყველგან აქტიურად და პოზიტიურად მივიღეთ მონაწილეობა და იმედია, ბოლომდე გავა. თუმცა, მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ იცოდეთ, დღეს დაზვერვის მეთოდები არის შეცვლილი, აბსოლუტურად დამყარებულია ახალ ტექნოლოგიებზე, ციფრულ დაზვერვას არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ გაეროს გენერალურ მდივანს მოუსმინეს, ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს, ევროპარლამენტარებს, თუმცა, არავინ ვართ გიჟები, ვივარაუდოთ, რომ მაინცდამაინც იმ გეოგრაფიული ნიშნის ქვეშ მყოფო სპეცსამსახურები ახორციელებენ ამას ევროპაში ან მის გარეთ. თუმცა, ყველა ლიდერმა დანანებით აღნიშნა მოსმენის მავნე შედეგების შესახებ. მე იმას ვუსვამ ხაზს, რომ დღეისათვის ელექტრონული დაზვერვის ფორმები გაცდა იმ მასშტაბებს, რასაც გეოგრაფია ჰქვია და ნებისმიერი დაშორებიდან, ანტარქტიდიდანაც კი შეიძლება სუბიექტმა მოუსმინოს ობიექტს,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, ვინ მოუსმინა გრიგორი კარასინს და ზურაბ აბაშიძეს, ასევე ევტუშენკოვს, ლილუაშვილი პასუხობს, რომ მათ ამის მექანიზმები არ აქვთ და ვისაც აქვს, ალბათ ის მოუსმენდა.

"გამიკვირდა მაინც და მაინც საქართველოს მაგალითზე გამოხატეთ აღშფოთება, თუმცა, მე შემძრა ამ ფაქტმა, რომ იმ გაერთიანებაში, სადაც შევდივართ, ეს საკითხი ჯერჯერობით დაურეგულირებელია, ვინაიდან, ტექნოლოგიური განვითარება , ალბათ, წინ ასწრებს ფიზიკურ შესაძლებლობას, რომ პრევენციული მეთოდებით ებრძოლო ამ დაზვერვას. ვინ გამოვიძიო ახლა? რომელი კომპანიის კერძო ოფისში და რომელ ქვეყანაში დავიწყოთ გამოძიება, საიდან მოხდა მოსმენა, სად წავიდეთ, რომელ სამსახურს მივმართოთ, პოლონეთია, ანტარქტიდაა თუ სად წავიდეთ? მე არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა, გავრცელებული ჩანაწერები არის ძალიან პრიმიტიულ დონეზე, ძალიან ღია ტექსტებით გამოხატული ურთიერთობა, რომელიც არ უკავშირდება არც ზეგავლენებს, არც დანაშაულს და ა.შ.

რა ვიცი ახლა გაეროს გენმდივანს თუ უსმენენ ბიძინა ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ. არ არის ლოგიკა ამაში?"- განაცხადა ლილუაშვილმა.

  • კითხვაზე გამორიცხავს თუ არა ახალი ჩანაწერები გაჩნდეს ივანიშვილის, ლილუაშვილი პასუხობს - "არ ვიცი, შეიძლება ჩემი საუბრებიც გამოვიდეს, შეიძლება სხვისიც. არ ვიცი, ვერ გეტყვით".

" სხვათა შორის ერთ ერთი პოლიტიკური (პარტიის) ლიდერებმა ერთმანეთს გამოუქვეყნეს ჩანაწერები, რომელშიც ჩვენ არც მიგვიღია მონაწილეობა და არც მხარეებს გასჩენიათ პრეტენზია", - განაცხადა ლილუაშვილმა.

  • ცნობისთვის, 2022 წელს სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება.

სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

წაიკითხეთ ასევე: