მან მხოლოდ ერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ისეთი შთამბეჭდავი სახე შექმნა, რომ ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა, შესაბმისად, მისი ამბები მუდმივად აინტერესებთ საქართველოში.1992 წელს ეკრანებზე თემურ ბაბლუანის "უძინართა მზე" გამოვიდა. დათო კაზიშვილმა თავისივე მოსახელე გმირის როლი განასახიერა. მისი გმირი 90-იანი წლების საქართველოში ყველაზე პოპულარულ სახედ იქცა. რეჟისორი თემურ ბაბლუანი ფილმს შვიდი წლის განმავლობაში იღებდა და ექიმი მამის ხსოვნას მიუძღვნა.
90-იანების საქართველოში დათოს გმირს ბაძავდნენ საუბარში, ჩაცმაში, მანერებში... მიუხედავად იმისა, რომ მისი კინოკარიერა არ განვითარდა, დათო კაზიშვილი პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს. არ კონტაქტობს მედიასთან, არ უყვარს ინტერვიუები, მაგრამ პერიოდულად სოციალურ ქსელში ჩნდება მის შესახებ პოსტები, რომელშიც წერენ, რომ თითქოს ის ბერად აღიკვეცა ან ფინანსურად უჭირს და დახმარება სჭირდება.
ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათო კაზიშვილი მდუმარე ბერია და მას ფინანსურად ძალიან უჭირს. საზოგადოების ნაწილმა მისთვის ფულის შეგროვება გადაწყვიტა. მართალია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსახიობი მედიასთან არ კონტაქტობს, მაგრამ შევეცადეთ, მისგან პირადად გაგვეგო, მისი სასულიერო ცხოვრების შესახებ.
ის Ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საერო ცხოვრებით ცხოვრობს და ახლა ოჯახი ჰყავს. დათო საზოგადოებას მადლობა უხდის ყურადღებისთვის, მაგრამ მისი თქმით, ფინანსური დახმარება არ სჭირდება.
- დათო, ალბათ გაიგებდით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ თქვენს ფოტოს რამხელა ამბავი მოჰყვა. წერდნენ, რომ მდუმარე ბერი ხართ...
- ვიღაც სულელმა დაწერა, როგორ შეიძლება, ეს რა იყო... არ ვარ მდუმარებაში და არც ბერი ვარ.
- კომენტარებში წერდნენ, რომ გორში ცხოვრობთ ქირით და ძალიან გიჭირთ. ხალხი აპირებს თანხა შეგიგროვონ.
- ბევრად უფრო კომფორტულად ვცხოვრობ, ვიდრე ვიმსახურებ. არა, ნამდვილად არ არის საჭირო, გაგახაროთ ღმერთმა, არაფერი არ მიჭირს, მადლობა ღმერთს. ყველაფერი პირიქითა... დიახ, გორში ვცხოვრობ, აქ ცოლ-შვილი მყავს, შემიყვარდა და შევრჩი აქაურობას.
- გორში რას საქმიანობთ?
- სპორტსმენი გახლავართ, შესაბამისად, ახლა კრივის მწვრთნელი ვარ. კიდევ ერთხელ გეტყვით, ხალხს მადლობა გადაეცით, მიხარია, რომ ვახსოვარ, არ შეწუხდნენ, დიდი მადლობელი ვარ.
მეორედ დაოჯახების შემდეგ დათოს თეკლა შეეძინა. მონასტერში წასვლას და ბერად აღკვეცის გადაწყვეტილებას მაშინ მსახიობი სწორედ თეკლას დედასთან განშორებას უკავშირებდა, რადგან ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა...
ბერობის გზიდან ერისკაცობაში დაბრუნდა და რამდენიმე წლის წინ მესამედ დაოჯახდა. დათო კაზიშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და 2019 წლის მარტში მესამე შვილი შეეძინა.
წაიკითხეთ ასევე: