ავტორი:

"კარგი ამბავია ამ ბიჭზე - კეთილი ადამიანების დახმარებით, უკრაინაში მასთან ჩავიდა დედამისი" - რას წერს ჟურნალისტი უკრაინაში მძიმედ დაჭრილ სპარტაკ ლეკიაშვილზე?

"კარგი ამბავია ამ ბიჭზე - კეთილი ადამიანების დახმარებით, უკრაინაში მასთან ჩავიდა დედამისი" - რას წერს ჟურნალისტი უკრაინაში მძიმედ დაჭრილ სპარტაკ ლეკიაშვილზე?

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი, 24 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ის უკრაინის ინტერნაციონალურ ბატალიონში იბრძოდა, 10 მაისს საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყვა და უმძიმესი ჭრილობა მიიღო. სასწაულით გადარჩა, მაგრამ ახლა პარალიზებულია: დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ვერ ხედავს, კიდურებიდან მხოლოდ ხელებს ამოძრავებს, ფეხებს ოდნავ. მას ახლა შეყვარებული - ვიქტორია უვლის, რომელიც ამბობს, რომ სპარტაკს არ მიატოვებს, რადგან მისი და მისი ქვეყნის დასაცავად იბრძოდა.

რამდენიმე დღის წინ სპარტაკის დედა ნათია ლეკიაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობდა, რომ სოციალური პრობლემების გამო უკრაინაში ჩასვლას და შვილთან ყოფნას ვერ ახერხებდა:

"სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ კი ამ რთულ პერიოდში ჩემი შვილის გვერდით მამყოფა, მაგრამ ძალიან რთული სოციალური მდგომარეობა მაქვს. ყველაფრისთვის მზად ვარ - თირკმელს გავყიდდი, ჩემს თვალებს დავითხრიდი, ოღონდ კი სპარტაკმა გაახილოს თვალი, მაგრამ... სოციალურ ქსელში ერთი ქალბატონი გამომეხმაურა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ქალიშვილიც უკრაინაშია, სამხედრო ექიმია და იქნებ რამეში დაგეხმაროთო. ეს ქალბატონი ქეთი ლეშკაშელის დედა აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ქეთის ჩემი შვილისთვის პირველადი დახმარება აღმოუჩენია, ჩემი შვილის გაჩერებული გული მას აუმუშავებია. ქეთიმ მითხრა, რომ დავხედე ისეთი ლამაზი, ისეთი ვაჟკაცური იყო, ჩემს თავს ვუთხარი, არაფრის ფასად არ გავუშვებ-მეთქი. ბახმუტიდან ხარკოვში ქეთიმ ჩამოიყვანა, მასზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთა. პულსი რომ აუმუშავდა, მერე ექიმებს გადააბარა. სამი დღე ყოფილა კომაში. უკრაინელი ექიმები მეუბნებიან, სასწაული იყო ამის გადარჩენა, ძალიან ძლიერი ორგანიზმი ჰქონიაო" - ამბობდა ნათია ლეკიაშვილი.

გუშინ გვიან ღამით ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნათიამ შვილთან ჩასვლა მოახერხდა:

"კარგი ამბავია ამ ბიჭზე - სპარტაკ ლეკიაშვილზე (უკრაინაში იბრძოდა, მძიმედ დაიჭრა, პარალიზებული იყო და შეყვარებული უვლიდა, ვერც ადგილზე მკურნალობდნენ და ვერც საზღვარგარეთ უშვებდნენ, უკრაინაში ბინადრობის უფლების არქონის გამო, მისი შეყვარებული კი სათანადო საბუთების მოგროვებას (სამხედრო ნაწილიდან, დაბადების ადგილიდან) ვერ ახერხებდა, რადგან სპარტაკს ვერ ტოვებდა უმეთვალყურეოდ) - კეთილი ადამიანების ჩართულობითა და დახმარებით, უკრაინაში მასთან ჩავიდა დედამისი, ქალბატონი ნათია. ეს ამბავი დღეს მოხდა. დიდი მადლობა ყველას, თბილისშიც და საქართველოს გარეთაც, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში და, იმედი მაქვს, პროცესი შეუქცევადი გახდება და სპარტაკი მალე დაიწყებს სათანადო მკურნალობას - როცა ახალი გამოჩნდება რამე, გაგაგებინებთ" - წერს ბერულავა.

წაიკითხეთ ასევე: