ჟურნალისტობა სახიფათო პროფესიათა შორის ერთ-ერთია. გარდა იმისა, რომ ამ პროფესიის ადამიანებს ხშირად მსოფლიოს ცხელ წერტილებში უწევთ საქმიანობა, რაც მათ სიცოცხლეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს, ისინი მშვიდობიანობის დროსაც არ არიან დაცული - იმიტომ, რომ სვამენ მწვავე კითხვებს, იძიებენ ხელისუფლების, ბიზნესის თუ სხვა სფეროს წარმომადგენელთა შავ-ბნელ საქმეებს... მედიის წარმომადგენლები საჯარო პირების მხრიდან ვერბალური თუ ფიზიკური თავდასხმის ობიექტები ხშირად ხდებიან, განსაკუთრებით, ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში. სამწუხაროდ, მათ შორის საქართველოც არის.
არასასურველი კითხვით შეწუხებული ესა თუ ის სახელმწიფო მოხელე გადაცემის წამყვნსა თუ რეპორტიორს სიტყვიერად ხშირად უპირისპირდება. ბოლო წლებში ტენდენცია უარესობისკენ შეიცვალა. დაინტერესებულმა ჯგუფებმა აგრესია საზოგადოების ნაწილშიც დათესეს - დაარწმუნეს ჰომოფობიური ჯგუფები იმაში, რომ მედია მიკერძოებული და ტენდენციურია, რომ სხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების და ქვეყნის “მტრების“ მხრიდან ფინანსდება, რომ რეპორტიორები რეალობას ამახინჯებენ და საზოგადოებისთვის ერთგვარ საშიშროებას წარმოადგენენ.
თუმცა ამის საპირისპიროდ, ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ იმ ქვეყნის რეალობა, სადაც მედია კონტროლირებადია, არავინ ლაპარაკობს ადამიანების პრობლემებზე, რიგ საჯარო მოხელეთა თავგასულობაზე და ა.შ. არავინ გიყვებათ, მაგალითად, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედაზე, რომელსაც საკვების ფულიც კი არ აქვს ან უსამართლობასთან შეჭიდებულ რიგით მოქალაქეზე...
სწორედ საზოგადოების რადიკალიზაციის მცდელობებმა მიგვიყვანა 2021 წლის 5 - 6 ივლისამდე, როდესაც ძალადობრივმა ჯგუფებმა საკუთარი მოვალეობის შესრულებისას მედიის წარმომადგენლები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, სცემეს და მიზანმიმართულად გაუნადგურეს ტექნიკა.
5 ივლისს, "თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით საქართველოში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, თუმცა ღონისძიებების გამართვას საფრთხე შეუქმნეს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა.
5 ივლისს "ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრები ათობით მედიის წარმომადგენელს თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკა.

სახელმწიფომ ვერ თუ არ უზრუნველყო ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა. შედეგად, "თბილისი პრაიდი“ იძულებული გახდა, ღონისძიება გაეუქმებინა. ულტრამემარჯვენე და ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დაწვეს.
რადიკალებმა პარლამენტის წინ რკინის ჯვარი აღმართეს.

იმავე დღეს, “ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა დაარბიეს სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას“ და ლგბტქ+ უფლებადამცველი ორგანიზაციის "თბილისი პრაიდის“ ოფისები. ისინი “თბილისი პრაიდის” ოფისში, რომელიც ქუჩიდან მესამე სართულზე მდებარეობს, აივანზე აძვრნენ და ოფისის კარი შეამტვრიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს დაიწყო გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობის, 2 სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურების 3 ფაქტზე. ამავე დღეს შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით დადგინდა, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, 55 პირის, მათ შორის, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენლის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები. 5-დან 30 ივლისის შუალედში საქართველოს პროკურატურამ 31 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა მედიის 53 წარმომადგენელს. ამ 53 დაშავებულიდან უმეტესობა კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ნაწილს კი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დაუზუსტებელია აპარატურის დაზიანების შედეგად გამოწვეული მატერიალური ზარალიც.

საბოლოო ჯამში, მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტებზე მოახდინა რეაგირება და გამოძიება დაიწყო, თუმცა მისი მიმდინარეობა, ბრალდებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, არ აღმოჩნდა ყოველმხრივი და სათანადოდ ეფექტიანი. გარდა ამისა, გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუკვეთია ძალადობის ორგანიზატორები.
მოკლედ, ამ მასშტაბური ძალადობის ფაქტებზე ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღია, დასავლელი პატრნიორები კი მიიჩნევენ, რომ ძალადობა სწორედ ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებმა და პოლიციის უმოქმედობამ წაახალისა. მომხდარის გამო დაკავებულთა შორის არცერთს ბრალი არ ედება ძალადობის ორგანიზებაში.
ეს მაშინ, როდესაც თავად დაკავებულთა უმეტესობა ამბობდა, რომ პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაში მოძღვრის, პატრიარქის ან ეპისკოპოსის კურთხევით მონაწილეობდა. მათი დიდი ნაწილი უმუშევარი ან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეა, რამდენიმე რეგიონიდან ჩამოვიდა თბილისში აქციაში მონაწილეობის მისაღებად, დაკავებულთაგან ორი - წარსულში ნასამართლევია.
ნაცემი მედიის წარმომადგენლებს შორის იყვნენ “ტვ პირველის ოპერატორი“ ლექსო ლაშქარავა და ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია.


ისინი თბილისის ცენტრში განვითარებულ ძალადობრივ პროცესებს აშუქებდნენ, როცა მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის სადარბაზოში თავდასხმის ობიექტები გახდნენ. სასტიკად გაუსწორდნენ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
მან გარდაცვალებამდე გაიხსენა თავდასხმა. ინტერვიუ საკმაოდ მძიმე მოსასმენია:
“ვეღარც ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე... მარტო თავში მირტყამდნენ ფეხებს, ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს, გაბუჟებული ვიყავი. ხმას არ ვიღებდი, მერე თვითონვე შეწყვიტეს - გეყო ახლაო“, - იხსენებდა ოპერატორი.
11 ივლისს ლექსო ლაშქარავა თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ფაქტს საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე გამოხმაურების მთელი კასკადი მოჰყვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი უნდა გამართულიყო, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა 5 ივლისს დაფიქსირებული ძალადობის გასაპროტესტებლად პერფორმანსი მოაწყვეს.

მედიასაშუალებების ორგანიზებით, პარლამენტთან პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა. 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა საბოლოოდ ვერ მოხერხდა.
შსს-მ 19 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია პირი, რომელმაც ლექსო ლაშქარავას და მის თანმხლებ პირებს "ჰეროინი" მიჰყიდა. მისი გარდაცვალების მიზეზად კი ნარკოტიკული თრობა დასახელდა.
ჟურნალისტიკა დატოვა 5 ივლისს ლექსო ლაშქარავას პროფესიულმა მეწყვილემ - მირანდა ბაღათურიამ. მან მოგვიანებით მომხდარი თავდასხმა ემოციურად გაიხსენა:
“მგონია რომ ამ ფაქტით სრულიად მედია კორპუსი განადგურდა... ლექსო გადამეფარა და ეს კიდევ ათმაგად მძიმეა ჩემთვის. იყო საშინელი ძალადობის მსხვერპლი. მას 20-მდე ადამიანი ურტყამდა საკმაოდ დიდი ხანი. მინდა ვუთხრა ყველას, რომელიც ამართლებდა ჩვენს მიმართ ძალადობას, მრცხვენია, ძალიან მრცხვენია...“ - თქვა მირანდა ბარათურიამ "ტვ პირველის" ეთერში.
ლაშქარავასა და ბაღათურიაზე თავდასხმის ეპიზოდზე პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა. მათ 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
"პირველი არხის" ოპერატორს ილია თვალიაშვილს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს თბილისში გაუსწორდნენ. მას დაზიანებები თვალებსა და თავის არეში მიაყენეს, დაუდასტურდა ტვინის შერყევა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აგდებენ ძირს ტექნიკით აღჭურვილ ილიას ძალადობრივი დაჯგუფების წარმომადგენლები და მას წიხლებით სცემენ. შედეგად ოპერატორს ორივე თვალი დაუზიანდა. მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც ხანგრძლივ მკურნალობას გადიოდა.

“ძირს დამაგდეს და რამდენი ადამიანი მისწორდებოდა, ვერ გეტყვით, ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი - ტანზე და ზოგი კიდევ, თვალებს მთხრიდა. მეუღლე იმ პერიოდში იყო ორსული, დღედღეზე ველოდებოდით ბავშვს. პოლიციამ რომ გამიყვანა, მანქანაში როგორ ჩამსვეს, არ მახსოვს, პოლიციის მანქანაში გონზე მოვედი და რაციაში წივილ-კივილის ხმა ისმოდა, ჩემი ჟურნალისტი ყვიროდა, ოპერატორი მომიკლეს, რაღაც ტერიტორიას უთითებდა, იქ გდია ჩემი ოპერატორი, მკვდარი არის და მიშველეთო. ოღონდ, ეს ჩვეულებრივი ადამიანის ყვირილი არ იყო. წარმოიდგინეთ, ჩემი ორსული მეუღლე ამ ყველაფერს რომ უსმენდა, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნებოდა. პოლიციას რომ იქიდან არ გავეყვანე, ეს ადამიანები ისე მცემდნენ და ისე მომკლავდნენ, ქალბატონო მოსამართლევ, დამიჯერეთ ვერც ერთი გაიგებდა, რომ მკვდარი ვიყავი, ისე უმოწყალოდ მირტყამდნენ. ერთი რაც მახსოვს, თავში მომხვდა ძლიერად, ასფალტზე დავარტყი თავი, მერე აღარაფერი მახსოვს“, - განაცხადა თვალიაშვილმა 2022 წლის 11 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილისა და "ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე (მირანდა ბაღათურია და ლექსო ლაშქარავა) განხორციელებული ჯგუფური ძალადობის საქმეზე განაჩენი 2022 წლის აპრილში გამოაცხადა. მოსამართლე ნინო ელიეშვილმა საქმეში ბრალდებული ყველა პირი დამნაშავედ ცნო და ხუთ-ხუთ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძეს 117-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გადაუკვალიფიცირა 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. მოსამართლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საქმეში არ იყო წარმოდგენილი.
ამასთანავე, "ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისთვის ხუთ-ხუთი წელი შეეფარდათ დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, გია გიგუაშვილს, თორნიკე დავლაშერიძეს და აკაკი ნაკაშიძეს.

ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ორი პირი - გიორგი მაღრაძე და გიორგი წარუაშვილი სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა მათ ერთი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეუფარდა.
“კალათბურთის ბურთი რომ დაიჭირო და ახტუნაო, ჩემი თავი ეგრე ჰქონდათ ფეხქვეშ გაგდებული“- განაცხადა თვალიაშვილმა “ნეტგაზეთთან“ საუბარში მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მან ვერც 2022 წელს შეძლო ოპერატორის პროფესიას დაბრუნებოდა.
“საია“ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს თავის ანგარიშში აფასებს, სადაც აღნიშნულია რომ რადიკალური ჯგუფების მობილიზება და ძალადობრივი განცხადებები ჯერ კიდევ 4 ივლისს დაიწყო, რაც ძალადობისთვის ერთგვარ მზადებას ჰგავდა. მას შემდეგ, რაც “პრაიდი“ დაანონსდა, არაერთი განცხადება გაკეთდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ. ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე "ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საყოველთაო მობილიზებას და კვირეულის ჩაშლას გეგმავდა. კვირეულის ფარგლებში ნებისმიერი ღონისძიებისთვის ხელის შეშლის, განსაზღვრული ადგილების დაკავების მოწოდებით გამოდიოდა "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილიც.
4 ივლისს, "თბილისი პრაიდის“ გასაპროტესტებლად "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა“ და პარტია "ქართული იდეის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და კარვები გაშალეს.
მათ რამდენჯერმე მკაფიოდ აღნიშნეს, რომ მომდევნო დღეს პოლიციის ფუნქციების შეთავსებას, "ღირსების მარშის“ მონაწილეებისთვის პლაკატების წართმევას და ტერიტორიიდან მათ გაყვანას გეგმავდნენ. გურამ ფალავანდიშვილმა კი არაერთხელ გაიმეორა, რომ სავარაუდო იყო დაპირისპირება და სიტუაციის ესკალაცია, ასევე, მოსალოდნელი იყო მსხვერპლი.
მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა "ქართული მარშის“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი შიხიაშვილმაც, რომელმაც არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა, აქციაზე დაპირისპირება მომხდარიყო.
6 ივლისს, წინა დღით მომხდარი ფაქტების გამო და სახელმწიფოს უმოქმედობის გასაპროტესტებლად მიმდინარე აქციაზე, ლგბტქ+ აქტივისტებმა პარლამენტის წინ დროშა გაშალეს და ცაში ფერადი კვამლი გაუშვეს, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, აქციის გასაშუქებლად ადგილზე მისულ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ ოპერატორს, ბექა მშვილდაძეს.
“პირდაპირ გვაგინებდა. ბიჭებს გავხედე და ვკითხე: ეს ჩვენ გვაგინებს-მეთქი? გავხედე ამ კაცს და ვკითხე, ეს სიტყვები ჩვენ გვითხარი- მეთქი?“ - იხსენებს ambebi.ge-თან ოპერატორი ბექა მშვილდაძე.
“რომელი საათი იყო არ მახსოვს, შუა დღე იყო, გაგვიშვეს გადაღებაზე... მივედით პარლამენტის წინ, ვაშუქებდით აქციას. ბევრი ხალხი არ იყო, 20 კაცამდე იქნებოდა, მაგრამ თითქმის ყველა ცოტა აგრესიულად იყო განწყობილი. რა უნდოდათ, სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები, მაგრამ ეკლესიის სახელით რომ გამოდიან ხოლმე, ეგ მწყინს ყველაზე მეტად. იმიტომ რომ, ის მაინც უნდა იცოდნენ, მე რას წარმოვადგენ ეკლესიაში და რას ვაკეთებ.
ერთი კაცი იყო დაბლა და ასე, პირდაპირ გვაგინებდა. ბიჭებს გავხედე და ვკითხე: ჩვენ გვაგინებს-მეთქი? გავხედე ამ კაცს და ვკითხე, ეს სიტყვები ჩვენ გვითხარი-თქო? ჩვენ შეგვაგინე-მეთქი? დაბლა ვიხედებოდი იმ დროს, და სანამ ამ კაცმა პასუხი გამცა, ვიღაც ბიჭმა უკნიდან ისე დამარტყა, წავიქეცი. რა თქმა უნდა, საქმიანობაშიც შემეშალა ხელი.
იქ მყოფი ყველა ჟურნალისტი და ოპერატორები მე მეკითხებოდნენ, რა მოხდა, ვინ დამარტყა და რატომ... მე არაფერი ვიცოდი, არც დამინახავს.
თავდამსხმელს ვერც შევხედე, იმ მომენტში დაბლა ვიხედებოდი. შემდეგ ვნახე განყოფილებაში, ვინც დამარტყა... მთელი დღე დაკითხვაზე ვიყავი. ზოგადად, მედიის წარმომადგენლების მიმართ იყო აგრესია. წინა დღესაც და იმ დღესაც, ძალიან დიდი აგრესია მოდიოდა ჩვენი მისამართით. ჩემი მეგობრებიც სცემეს...“
მოგვიანებით ოპერატორზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს, ირაკლი ყავლაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბექას გარდა, აქციაზე, სადაც პარალელურად ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია მიმდინარეობდა, მედიის სხვა წარმომადგენლები და რამდენიმე პოლიციელიც დაშავდა.
პოლიცია მოძალადეებს, რომლებიც მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ, უკვე აქტიურად აკავებდა.
ჯამში, რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 31 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს. საბოლოოდ, გამამტყუნებელი განაჩენი 27 პირის მიმართ დადგა, თუმცა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ დაწყებულა.
2023 წლის ივლისში "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მომხდარი თავდასხმებიდან 2 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ განცხადა, - სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდაო.
"რაც შეეხება ორგანიზატორებს, სამართლებრივად ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე იყო შეუძლებელი. რატომ? იმიტომ, რომ არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება. დანაშაულის ორგანიზება - ეს არის სამართლებრივი კატეგორია. ორგანიზატორი არ იკვეთება. როდესაც ვიღაცები საუბრობენ, რომ ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან სამართლებრივად, ვინ იყო ორგანიზატორი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, 5 ივლისის მოვლენებისას იყო სპონტანური ძალადობა და ამიტომ გაუჭირდა შსს-ს რეაგირება.
თუმცა, ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბერში იმჟამინდელი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი, საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა ზურაბ მახარაძის მიმართ დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.
"5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ამდენი ხნის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია. დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა“.
ნინო ლომჯარია ითხოვდა ხელისუფლებისგან, რომ სულ ცოტა ამ 2 პირის მიმართ დაეწყო გამოძიება, სწორედ ძალადობის ორგანიზების მიმართულებით.

"5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია. მათი მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას…“ - აცხადებდა იმხანად ნინო ლომჯარია.
მედიაექსპერტების თქმით, ის, რომ სათანადოდ არ წარიმართა მომხდარის გამოძიება, არ გამოვლინდნენ და არ დაისაჯნენ ორგანიზატორები, ეს რადიკალურად განწყობილ ადამიანებს კიდევ მეტი აგრესიისა და ძალადობისკენ უბიძგებს, რისი მოწმეც მიმდინარე წელსაც არაერთხელ გავხდით.
გაფრთხილება მედიას თუ პირადი ანგარიშსწორება? - რას აჩვენებს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე
პოლიტიკოსთა რეაქციები კრიტიკულ კითხვებზე და აგრესია მედიის მიმართ?
ვერბალური და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე
მუშაობის პროცესში მედიაზე ზეწოლა დღესაც ხდება, შესაბამისად, საკითხი ისევ აქტუალურია. სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა “ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center“-მა “დოიჩე ველე“ აკადემიასთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.
პროექტის “ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის'' ფარგლებში, “ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალისტური საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს, საჭიროების შემთხვევაში უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.
დღეს ცენტრი 13 მიმდინარე ქეისზე მუშაობს. მნიშვნელოვანია ის, რომ მათი იურისტები უფასო იურიდიულ დახმარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებშიც ახორციელებენ:
“ბოლო პერიოდში, როგორც საჯარო წყაროებიდანაც არის ცნობილი, უსაფრთხოების კუთხით არსებობს გარკვეული ტენდენციები, რომ ჟურნალისტების უფლებები არ არის დაცული და ვფიქრობთ, რომ ამ საკითხზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს.
უმეტეს შემთხვევაში, პრობლემა არის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.
ამ ეტაპზე "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აქვს 13 მიმდინარე ქეისი, რომელიც შეიცავს სავარუდო დანაშაულის ნიშნებს ჟურნალისტების მიმართ. გარკვეულ საქმეებზე ჟურნალისტებს უკვე აქვთ დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული. ამაში ჩართულია ორგანიზაციის 3 იურისტი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ისინი მათ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ.
რჩევის სახით მოგიწოდებთ, რომ პირველ რიგში, ბუნებრივია, უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები. თუმცა, თუ იქნება სახეზე კონკრეტული გადაცდომა, უმნიშვნელოვანესია მტკიცებულებების შეგროვების ნაწილი! ეს აუცილებელია, ვინაიდან, არსებობს მტკიცებულებების ნაკლებობის ტენდენცია. უნდა შეიკრიბოს მტკიცებულებები და შემდგომ მიმართოთ შესაბამის უწყებებს", - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center“-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი კაკუბავა.
იხილეთ ასევე:
სპეცპროექტზე მუშაობდნენ: თეონა რამაზაშვილი და ნათია დოლიძე