ავტორი:

აფხაზეთში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ჩინოსანთა ძვირადღირებული მანქანების გარშემო სკანდალი არ წყდება - მარტო "მინისტრი" 124 755 - დოლარიანი მანქანით გადაადგილდება

აფხაზეთში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ჩინოსანთა ძვირადღირებული მანქანების გარშემო სკანდალი არ წყდება - მარტო "მინისტრი" 124 755 - დოლარიანი მანქანით გადაადგილდება

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკოსების ირგვლივ სკანდალები არ წყდება. ამჯერად საქმე სამხედრო მაღალჩინოსნებს შეეხება. 8 ნოემბერს ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა "ტელეგრამ-არხზე" დაწერა, რომ აფხაზეთში საქართველოდან 50-მდე შეიარაღებული ადამიანის დივერსიული ჯგუფი შევიდა. პროპაგანდისტი წერდა, რომ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროდან შიდა წყარომ მიაწოდა.

აფხაზ საზოგადოებას ძალიან არ მოეწონა ის ფაქტი, რომ შესაძლო "დივერსია“ ტერიტორიაზე ხდებოდა და ადგილობრივი "ხელისუფლება“ არა მოქალაქეებს, არამედ თავდაცვის სამინისტროს აწვდიდა ინფორმაციას ამის შესახებ. საბოლოოდ, დივერსიაც და სოლოვიოვის პოსტიც ფეიკი გამოდგა, რამაც აფხაზები დაცინვის ხასიათზე დააყენა...

უკვე 9 ნოემბერს მორიგი სკანდალი გასკდა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვით ე.წ აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები უძვირფასესი მანქანებით გადაადგილდებიან.

მაგალითად, ე.წ. თავდაცვის მინისტრის სახელზე, სამინისტროს სახსრებით, ფიქსირდება 124 755 -დოლარიანი Toyota LC 200. გენშტაბის ხელმძღვანელსა და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს შედარებით მოკრძალებული Toyota Land Cruiser Prado-ები ჰყავთ, რომლებიც 103 000 დოლარი ღირს.

ამ ინფორმაციაზე წერილს ავრცელებენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები:

"გვინდა გაცნობოთ, რომ სოცქსელებით ჩვენს ხელში აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანუა ვ.ი-მ 2023 წლის 2 აგვისტოს დაამტკიცა.

დოკუმენტს ვაქვეყნებთ სასამართლო განცხადების მონაცემებით. ჩვენ ვიცით ვ.ი ანუასა და სხვა ოფიცრების მიღწევები აფხაზეთის სამამულო ომის დროს, მაგრამ როდესაც ადამიანები წყდებიან რეალობას და სურთ, 9-11-მილიონრუბლიანი მანქანებით სიარული, ვთვლით, რომ ისინი ვერ ხედავენ, რა მდგომარეობაშია ყაზარმული ფონდი, თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალი, და შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება. ძვირადღირებული მანქანების ყიდვის ნაცვლად, ჯობია თანამედროვე უპილოტო საფრენ აპარატებზე ფიქრი, რომელიც თანამედროვე ბრძოლის წარმოების პირობებში ასე აუცილებელია. ასეთ პირობებში ძალიან უადგილო და ცინიკურადაც კი ჩანს მთავრობის მცდელობები, რომ ჩვენს მეწარმეებს არმიის მოდერნიზების ფული მოსთხოვონ. უკანასკნელი ხმამაღალი ოპერაცია ვიღაც დივერსანტების წინააღმდეგ და ძალოვანი სტრუქტურების ურთიერთქმედება კიდევ უფრო იმედგამაცრუებელია. ინფორმაციის არაკომპეტენტური მოწოდება არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეების დეზორიენტაციას ახდენს, არამედ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისაც და ჩვენ ძალოვან სტრუქტურებს იმიჯს უფუჭებს. ეს ძალოვანი ბლოკის ხელმძღვანელების დაბალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ამ სიტუაციამ გამოავლინა აუცილებლობა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ძირეული რეფორმებია ჩასატარებელი“.

ცნობისთვის, ამ ყველაფერს ისიც ამძიმებს, რომ ოკუპანტი რუსეთი ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით ამცირებს.

რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის“ გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3.6 მილიარდი რუბლი იქნება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიასთან გამართული თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება "სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგების საფუძველზე“ მიიღეს, ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ადრე რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებისთვის 4.05 მილიარდი რუბლი იყო. შესაბამისად, დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (4.8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე