ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა სააკაშვილის შეწყალების თემას ვერ შემოაცურებდა..." - მამუკა მდინარაძე

"სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა სააკაშვილის შეწყალების თემას ვერ შემოაცურებდა..." - მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა ამ განცხადებას, ალბათ, არ გააკეთებდა, შესაბამისად, მათ შემოაცურეს შეწყალების თემა - ფაქტია, ზურაბიშვილი ამასთან დაკავშირებით ცოტას ნერვიულობს,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის ძმის ოთარ ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მდინარაძის განცხადებით, ზურაბიშვილს გაუჭირდება სააკაშვილის შეწყალება, რადგან არ ჰგონია, ადვილი იყოს ზურაბიშვილისთვის, "პასუხისმგებლობა აიღოს იმ უსასტიკეს რეჟიმზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2003 - 2012 წლებში შექმნა“.

"რთულია იმის მტკიცება, რომ აუცილებლად შეთანხმებული იყო, მაგრამ უფრო მეტი შანსია, რომ ეს ასე იყო და ალბათ, სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა ამ განცხადებას არ გააკეთებდა, ეს ვარაუდია, რადგან მტკიცებით ფორმაში ამას ასე ვერ იტყვი. შესაბამისად, მათ შემოაგდეს თემა, შემოაპარეს, შემოაცურეს ეს თემა, მაგრამ არ მგონია, ადვილი იყოს თუნდაც სალომე ზურაბიშვილისგან, თუნდაც, იმ პირობებში რასაც დღეს აკეთებს და რა პოზიციაზეც არის, პასუხისმგებლობა აიღოს იმ მკვლელობებზე, წამებაზე, იმ უსასტიკეს რეჟიმზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2003 - 2012 წლებში შექმნა, ამიტომ მე მგონია, მაინც გაუჭირდება შეწყალება, თუმცა, ფაქტია, ის ამასთან დაკავშირებით ცოტას ნერვიულობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, კითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია და სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა.

"ვფიქრობ, რთულია იყოს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტ-ქალაქში“.

ასევე იხილეთ: