"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეკა ბესელიას ლევან გაჩეჩილაძესთან მისი დაპირისპირების გამოძიებამდე, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობის საკითხის გამოძიებას ურჩევს.
როგორც ბურჯანაძემ გაზეთ "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ბესელიას ინიციატივა, რომ "სახალხო ქომაგის" ინსტიტუტმა გამოიძიოს ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის დაპირისპირება, "სახალხო კრებას" მხარედ აქცევს.
"თუ ასეთი პრინციპულები ვართ, ბესელიას, როგორც ოქრუაშვილის პარტიის ყოფილ გენერალურ მდივანს ვურჩევ, დაიცვას თანმიმდევრობა და ჯერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობის საკითხი გამოიძიოს, ხოლო შემდეგ გადავიდეს 2008 წელს მომხდარ ფაქტზე", - განაცხადა მან.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ინტერესდება, როცა ოქრუაშვილმა თავის ცნობილ "მონანიებაში" განაცხადა, რომ "სააკაშვილმა პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა" და ამ დაკვეთის შემდეგ პრეზიდენტთან ერთად კიდევ ერთი წლის განმავლობაში მუშაობს, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის მკვლელობის ორგანიზების თანამონაწილეა.
ბურჯანაძის თქმით, საგამოძიებო კომისიამ, შექმნის შემთხვევაში, ჯერ ოქრუაშვილის ფაქტი უნდა გამოიძიოს. პარლამენტის ყოფილი სპიკერი პირობას დებს, რომ ამ კომისიის შექმნისა და კითხვებზე საპასუხოდ სააკაშვილის მისვლის შემთხვევაში, ის გამოძიებას ყველაფერს მოუყვება.