ავტორი:

"სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი რეგულაციასთან დაკავშირებით" - რას აცხადებს იაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

"სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი რეგულაციასთან დაკავშირებით" - რას აცხადებს იაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის თაობაზე გააკეთა განცხადება. იაშვილის განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.

წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებულ იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ" - აცხადებს იაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში 26 მარტს, საბერძნეთს, ან ყაზახეთს დაუპირისპირდება. კვარაცხელია კი ესპანეთთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო ნახევარფინალს გამოტოვებს, თუმცა თუ ჩვენი გუნდი ფინალში გავა, "კვარას" უკვე იქ თამაშის უფლება ექნება.