პიროვნება, რომლეზეც ალექსანდრე იაშვილმა თავის განცხადებაში მიუთითა და განაცხადა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ "ეროვნული ნაკრები შეცდომაში შეიყვანა", გახლავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერი, გიორგი კაციტაძე.
ამის თაობაზე კაციტაძემ თავად განაცხადა. ის აცხადებს, რომ ნაკრები შეცდომაში შეიყვანა და ამის გამო ბოდიშს იხდის.
"პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ჩემი შეცდომისთვის და არ შემეძლო პირადად არ მეთქვა ეს საჯაროდ. 2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობად მიღება ახლაც მიჭირს.
იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემს სისწორეში დავარწმუნე, არადა, არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით, რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე.
ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგავად შრომობს.
იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს, გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები. მზად ვარ, რომ ჩვენ გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე და საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო და ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითიც ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე", - ნათქვავამია გიორგი კაციტაძის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში 26 მარტს, საბერძნეთს, ან ყაზახეთს დაუპირისპირდება. კვარაცხელია კი ესპანეთთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო ნახევარფინალს გამოტოვებს, თუმცა თუ ჩვენი გუნდი ფინალში გავა, "კვარას" უკვე იქ თამაშის უფლება ექნება.
ასევე იხილეთ: