ავტორი:

"ჰამასის ძე", რომელიც ტერორისტებს განუდგა - როგორ იქცა მოსადის აგენტად დაჯგუფების თანადამფუძნებლის შვილი: მოსაბ იუსეფის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და მთავარი როლი მამის დაპატიმრებაში

"ჰამასის ძე", რომელიც ტერორისტებს განუდგა - როგორ იქცა მოსადის აგენტად დაჯგუფების თანადამფუძნებლის შვილი: მოსაბ იუსეფის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და მთავარი როლი მამის დაპატიმრებაში
  • მთავარ ფოტოზე: მოსაბ ჰასან იუსეფის კადრი ფილმიდან "მწვანე პრინცი"

"ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიურ დაჯგუფებაზე, რომელიც არ ცნობს პოლიტიკურ საზღვრებს და სურს გაანადგუროს მთელი რასა, რათა ააშენოს ისლამური სახელმწიფო. არ ვიცი კიდევ რა უნდა ვთქვა ამაზე და არც ის ვიცი, რატომ ვერ ხვდება ამას ყველა“ - ეს სიტყვები მოსაბ ჰასან იუსეფს, "ჰამასის" თანადამაარსებლის, ჰასან იუსეფის შვილს გაეროში გამოსვლის დროს ეკუთვნის.

  • "მამაჩემი არის "ჰამასის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. მე იქ ვიყავი, როდესაც "ჰამასი" დაიბადა - მე ვიყავი მის დაბადებამდე და როგორც უკვე ვთქვი, მისი სიკვდილის შემდეგაც იქ ვიქნები", - განაცხადა მან გამოსვლისას, რასაც გაეროს დელეგატების აპლოდისმენტები მოჰყვა.

"მე არ ვარ პროპაგანდის ნაწილი. მე არავისთვის ვმუშაობ, მხოლოდ ჩემს თავს წარმოვადგენ და ამ უფლებამოსილებით ვლაპარაკობ. „ჰამასი“ დანაშაულს სჩადის ამ თაობის და მომავალი თაობების წინააღმდეგ, ამიტომ ისრაელის დადანაშაულება პრობლემას ვერ მოაგვარებს“, - განმარტა იუსეფმა.

ვინ არის მოსაბ ჰასან იუსეფი?

იუსეფი ტერორისტულ დაჯგუფებას 90-იანი წლების ბოლოს გამოეყო და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებთან ფარულად დაიწყო მუშაობა. მის ანგარიშზე "ჰამასის" რამდენიმე ტერორისტული თავდასხმის გამოვლენა და თავიდან აცილებაა.

იუსეფი მუშაობდა ისრაელის კონტრდაზვერვასთან და მოსადს სხვადასხვა ოპერაციებში ეხმარებოდა - მათ შორის საკუთარი მამის, "ჰამასის" თანადამფუძნებლის შეიხ ჰასან იუსეფის დაპატიმრებაში.

"10 წლის ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და უკვე არ ვემორჩილებოდი „ჰამასს“, დაჯგუფების უმაღლესმა ლიდერმა დამაკავა. მამაჩემი იმ დროს ციხეში იყო და ამ ლიდერს ეგონა, რომ ის მმართავდა. ეს არის მათი დისციპლინა. სწორედ ასეთი უნდოდათ, რომ გავმხდარიყავი... მათნაირი მოძალადე“, - იხსენებს იუსეფი.

2010 წელს მან ავტობიოგრაფია, სახელწოდებით - "ჰამასის ძე“ გამოუშვა.

ამჟამად 45 წლის იუსეფი ცდილობს "ჰამასის" გენოციდური სიკვდილის კულტის ნამდვილი სახე გამოავლინოს. იუსეფი უკვე დიდი ხანია საჯაროდ საუბრობს თავის გამოცდილებაზე, ციხეში გატარებულ პერიოდსა და ეტაპზე, როგორ გახდა ისრაელის დამცველი. 2014 წელს იუსეფი დოკუმენტური ფილმის, "მწვანე პრინცის“ მთავარი პერსონაჟი გახდა.

"მწვანე პრინცის" ჩვენება

ინტერვიუ

ცოტა ხნის წინ, იუსეფისა და ბრიტანელი თოქ-შოუს წამყვანის, პიერს მორგანის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

"საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ "ჰამასს“ ისრაელის სახელმწიფოს განადგურება სურს. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ მიიღონ ისრაელი" - ამბობს იუსეფი.

ინტერვიუერ მორგანს იუსეფმა უამბო, რომ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ისრაელის ციხეში და შეესწრო, როგორ აწამებდა „ჰამასი“ საკუთარ წევრებს ციხეში.

"მათ რეალურად მოკლეს და აწამეს ასობით პატიმარი. და სწორედ ამ დროს ვიწყებ საკუთარი თავისთვის კითხვის დასმას, რა მოხდება, თუ რაღაც მომენტში ჰამასი გახდება მმართველი? რას უზამენ ისინი ჩვენს ხალხს?

"ჰამასი" მოდის ჯოჯოხეთის უფსკრულიდან და მათ უნდა დაკარგონ ძალაუფლება. ეს არის ჩემი მესიჯი, როგორც „ჰამასის“ ყოფილი წევრისა და როგორც ჰამასის ერთ-ერთი დამფუძნებლის შვილისა.

თუ ჩვენ მათ ახლა არ შევაჩერებთ, ომი უფრო მომაკვდინებელი გახდება და მხოლოდ ღმერთმა იცის, რა იქნება შემდეგ“, - თქვა მან.

იუსეფმა დაგმო "ჰამასი“ ადამიანების ფარებად გამოყენებისათვის.

"მე ვარ პალესტინელი ბავშვების კანონიერი წარმომადგენელი. ჩემში მყოფი ბავშვი ლაპარაკობს: არ მინდა, ვინმე ლონდონიდან ან მსოფლიოს სხვა მხრიდან ჩამოსულმა მითხრას, რა არის პალესტინელი ბავშვების ბრძოლა. პალესტინის საზოგადოება გაიტაცეს კრიმინალებმა და ყველა, ვინც მათ მხარეს იჭერს, მათ დანაშაულში მონაწილეობს“, - აცხადებს იუსეფი.

როდესაც მორგანმა მას ფართოდ გავრცელებულ მცდარ წარმოდგენაზე ჰკითხა, სადაც ისრაელი „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტაში დამნაშავედ ცნეს, იუსეფის პასუხი ასეთი იყო:

"ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პრობლემა და უნდა შევწყვიტოთ ისრაელის დადანაშაულება. თუ ვინმემ არ იცის რეალობა, სჯობს, გაჩუმდეს. მათ არ იციან, რა ჯოჯოხეთია პალესტინა. მე ვარ პალესტინა და ვამბობ, - "საკმარისია ჰამასი". საკმარისია კორუმპირებული ხელმძღვანელობა, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს“.

წამყვანი "ჰამასის“ დამხობის შესაძლებლობითაც დაინტერესდა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ სხვა გამოსავალი აღარ იყო. "ჰამასმა“ მოიტანა ღვთის რისხვა. ჩვენ ვაპირებთ მათ ჩამოგდებას ხელისუფლებიდან და ვაპირებთ მათი ლიდერების დევნას. ასევე ვაპირებთ, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარვადგინოთ და მათი დასჯის მოწმე მთელი მსოფლიო იქნება“.

ცნობისათვის, 24 ნოემბრიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, რომლის მიხედვით, პირველ ეტაპზე ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ამის პარალელურად, ისრაელის მთავრობამ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 13 გათავისუფლებული მძევლის სია, რომლებიც წითელი ჯვრის მეშვეობით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ შორის 4 ბავშვი და 72-დან 85 წლამდე ასაკი 6 ქალია.

მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა