ავტორი:

ქალები და თინეიჯერები, ქვების სროლისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით... - რა არის ცნობილი ისრაელელი მძევლების სანაცვლოდ გათავისუფლებულ პალესტინელ პატიმრებზე?

ქალები და თინეიჯერები, ქვების სროლისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით... - რა არის ცნობილი ისრაელელი მძევლების სანაცვლოდ გათავისუფლებულ პალესტინელ პატიმრებზე?

პარასკევს საღამოს ისრაელის ციხეებიდან 13 ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.

  • ისრაელის მძევლების პალესტინელ ტყვეებზე გაცვლის შეთანხმება ყატარის შუამავლობით იქნა მიღწეული და საომარი მოქმედებების ოთხდღიან პაუზას გულისხმობს.

ზავის პირველ დღეს "ჰამასმა" გაათავისუფლა 13 ისრაელელი მძევალი, ისინი ისრაელში დაბრუნდნენ. ტაილანდის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ასევე გაათავისუფლეს მათი ქვეყნის მოქალაქეების ჯგუფი, რომლებიც ასევე მძევლად აიყვანეს ღაზაში.

გაცვლის ფარგლებში, პალესტინელი პატიმრების ჯგუფი, რომელიც 24 ქალისა და 15 თინეიჯერი ბიჭისგან შედგებოდა, გაათავისუფლეს. ისინი ისრაელის ციხეებში იმყოფებოდნენ - ქვების სროლიდან მკვლელობის მცდელობამდე ბრალდებით.

გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრები ისრაელის მიერ შედგენილი 300 ქალისა და არასრულწლოვანთა სიიდან შეირჩა. სიაში მყოფთა დაახლოებით მეოთხედი ნასამართლევია, დანარჩენი კი ციხეში ელოდება სასამართლო პროცესს. მათი უმეტესობა თინეიჯერი ბიჭია, მათგან 40% 18 წლამდე ასაკისაა. სიაში ასევე მოხვდა ერთი თინეიჯერი გოგონა და 32 ქალი.

გათავისუფლებული პატიმრების ავტობუსები გადაიყვანეს ბეიტუნიას საგუშაგოზე, პალესტინის ქალაქ რამალას სიახლოვეს, დასავლეთ სანაპიროზე.

ადგილზე გათავისუფლებულების ნათესავები შეიკრიბნენ, რომლებიც ემოციურად შეხვდნენ ავტობუსებიდან ჩამოსულ პატიმრებს. ადგილზე ფრიალებდა პალესტინის დროშები, მათ შორის ჰამასის მებრძოლი ფრთის რამდენიმე დროშაც და ისმოდა სიმღერები.

მანამდე, საგუშაგოსთან ახლოს გზის გასწვრივ, ცრემლსადენი გაზის ძლიერი სუნი იდგა, იტყობინებიან იქ მყოფი BBC-ის კორესპონდენტები ლუსი უილიამსონი და ჯორჯ რაიტი. არმიამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ესროლა ბიჭებისა და მამაკაცების ჯგუფს, რომლებიც სამხედროებს ქვებს ესროდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ჰამასის დროშებიც ფრიალებდა, უმეტესობა საუბრობდა პალესტინის ერთიანობაზე და დამღლელი ომის შუაგულში სიმშვიდეზე.

"ეს არის იმედის ნიშანი პალესტინელებისა და ისრაელებისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება და მკვლელობები შეჩერდება“, - განუცხადა BBC-ს მოჰამედ ხატიბმა, რომელიც ბრბოს შორის იყო.

ავტობუსების ფანჯრებიდან მოცეკვავე პატიმრები ჩანდნენ, რომელთაგან ერთს პალესტინის დროშა ჰქონდა შემოხვეული.

ისრაელისთვის გათავისუფლებული პატიმრები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ; პალესტინელებისთვის, რომლებიც მათ შეახვედრად შეიკრიბნენ, ისინი ისრაელის ოკუპაციის მსხვერპლნი არიან და მათი გათავისუფლება სიმბოლურია.

  • საერთო ჯამში, ყატარის შუამავლობით მიღწეული დროებითი ზავის პირობებით, ისრაელის ციხეებში 50 ისრაელელი მძევალი და 150 პალესტინელი ქალი და მოზარდი უნდა გათავისუფლდეს.

პალესტინის მხარის მონაცემებით, ისრაელში დაახლოებით 7000-8000 პალესტინელი იმყოფება ციხეში.

"მათგან 3000-ზე მეტი ეგრეთ წოდებულ „ადმინისტრაციულ პატიმრობაშია“ - იმის ცოდნის გარეშე, თუ რა ბრალდებები აქვთ ან არ მონაწილეობენ სასამართლო პროცესებში" - განუცხადა CNN-ს ინტერვიუში პალესტინელმა პატიმართა კომისარმა კადურა ფარესმა. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ისინი უსაფრთხოების მიზნით არიან დაკავებული.

ხელისუფლების ცნობით, ჰამასმა 200-ზე მეტი მძევალი აიყვანა სამხრეთ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რომლის შედეგადაც 1200 ადამიანი დაიღუპა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ისრაელის ციხეებში ბრალის გარეშე მყოფი პალესტინელების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ.

როგორც BBC აღნიშნავს, ითვლება, რომ თითქმის ყველა პალესტინის ოჯახს დასავლეთ სანაპიროზე ჰყავს ნათესავი, რომელიც ისრაელმა წარსულში ერთხელ მაინც დააკავა.

წაიკითხეთ ასევე: