საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურის კირილ ბუდანოვის მეუღლის მოწამვლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ გასულ წელს რუსთავის ციხეში ისიც მძიმე მეტალებით მოწამლეს:
"უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში გასული წლის მარტში ვიყავი მოწამლული. რუსებს ყველგან ერთი ხელწერა აქვთ!
ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, რომ 2008 წელს იმავე ნივთიერებებით მოწამლეს უკრაინის იარაღის ექსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგეი ბონდარჩუკი, რომელიც ძალიან გვეხმარებოდა უკრაინიდან თავდაცვის საშუალებების მიღებაში. მაშინ მე ის ვახტანგ გორგასლის ორდენით დავაჯილდოვე" - წერს სააკაშვილი.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურის კირილ ბუდანოვის მეუღლე მძიმე მეტალების მოწამვლის დიაგნოზით კლინიკაში გუშინ მოხვდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, მარიანა ბუდანოვა ამჟამადაც საავამდყოფოში იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ გადაიყვანეს.
"მკურნალობის კურსი მთავრდება, შემდეგ კი ექიმების კონტროლის ქვეშ იქნება“, - უყვება "ბაბელს“ წყარო თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან (ГУР).
მან ასევე აღნიშნა, რომ ნივთიერება, რომელიც ბუდანოვას ორგანიზმში აღმოჩნდა, "არანაირად არ გამოიყენება ყოფით ან სამხედრო საქმეში".
"ამ ნივთიერების ორგანიზმში აღმოჩენა კონკრეტული ადამიანის მიზანმიმართულ მოწამვლაზე მიუთითებს“, - აცხადებს წყარო.