ავტორი:

"მისი სიცოცხლე ბევრჯერ გადავარჩინე, ეს შეცდომა იყო, მამაჩემი უნდა დაისაჯოს" - "ჰამასის" თანადამფუძნებლის ვაჟი

"მისი სიცოცხლე ბევრჯერ გადავარჩინე, ეს შეცდომა იყო, მამაჩემი უნდა დაისაჯოს" - "ჰამასის" თანადამფუძნებლის ვაჟი

"ჰამასის" თანადამფუძნებლის, ჰასან იოსეფის შვილმა, მოსაბ ჰასან იოსეფმა ისრაელს მამის მოკვლის "ნებართვა“ მისცა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტერორისტული ორგანიზაცია დარჩენილ მძევლებს არ გაათავისუფლებს, "ჰამასის" ყველა ლიდერი უნდა დაისაჯოს.

  • "ასე გაგრძელება არ შეიძლება. "ჰამასს" უნდა ჰქონდეს გარკვეული ვადა, რომლის ამოწურვამდეც ყველა მძევალი უნდა დააბრუნოს. თუ ეს განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება, მაშინ ისრაელმა "ჰამასის“ უმაღლესი ლიდერები უნდა დასაჯოს. ლიდერებში მამაჩემსაც ვგულისხმობ. 10 თუ 15 წლის წინ მისი სიცოცხლე ბევრჯერ გადავარჩინე, ეს შეცდომა იყო - ამით ყველაფერი გაუარესდა. ის უნდა დაისაჯოს თავისი ქმედებებისთვის“ - ამბობს იოსეფი.

მისივე განცხადებით, ჰამასის ლიდერების მოკვლა და ისრაელელი მძევლების დაბრუნება ტერორისტული ორგანიზაციის დამარცხების გარანტი იქნება.

მოსაბ ჰასან იოსეფი 1978 წელს დაიბადა. ის შეიხ ჰასან იოსეფის ოჯახში უფროსი ვაჟი იყო და მის მთავარ მემკვიდრედ ითვლებოდა. მამის ბრძანებების შესრულება მოზარდობის ასაკში დაიწყო. 10 წლის იყო, როცა პირველად დააკავეს - ებრაელებს ქვებს ესროდა.

იოსეფმა რამდენიმე წელი გაატარა ისრაელის ციხეში. 1996 წელს იგი ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმატორი გახდა. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კოდური სახელით "მწვანე პრინცი".

მისგან მიღებული ინფორმაციის წყალობით, სადაზვერვო სამსახურებმა თავიდან აიცილეს ათობით ტერორისტული თავდასხმა და დააკავეს "ჰამასის“ მრავალი ლიდერი.

2007 წელს იოსეფმა ახლო აღმოსავლეთი დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი შეერთებულ შტატებში მიიღო - ის ახლა ამერიკის მოქალაქეა.