რა წერილი მისწერა ღმერთს იური მეჩითოვმა

რა წერილი მისწერა ღმერთს იური მეჩითოვმა

ცნობილი ფოტოგრაფი იური მეჩითოვი ახალ თაობას ფოტოხელოვნებას ასწავლის. წუხს იმაზე, რომ ბიჭები ამ საქმეს ხელს აღარ ჰკიდებენ და ჯგუფში მხოლოდ ერთი ბიჭი ჰყავს. ახლახან თავისი ახალი ალბომი გამოსცა სახელწოდებით "101 პორტრეტი", რომელშიცც მისი დედის ფოტოსაც ნახავთ. მასთან ინტერვიუც სწორედ მშობლებზე საუბრით დავიწყეთ.

- სამწუხაროდ, მამაჩემი, მიხეილ მეჩითოვი 2003 წელს წავიდა ამ ქვეყნიდან ვარდების რევოლუციის დროს. მტკივნეული იყო ჩემთვის მისი დაკარგვა, 73 წლის იყო. ძალიან მაგარი მექუდე იყო. ადამიანებთან ურთიერთობა სწორედ მისგან ვისწავლე. მასთან მოდიოდნენ ცნობილი და უბრალო ხალხიც. მასთან ატელიაში ხშირად მივდიოდი. გამოთქმა "კაცი ვარ და ქუდი მხურავს" ჯერ კიდევ ფასობდა მაშინ და ბევრი ადამიანი იკერავდა ქუდს. ვის აღარ ნახავდით მამაჩემის ატელიაში. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს. მისი გაკეთებული სიკეთე ყოველთვის წინ მხვდებოდა და დღესაც მხვდება.

- თქვენც გიკერავდათ ქუდებს?

- კი. მე კი ვამბობდი, რად მინდა-მეთქი, მაგრამ ახლაც შენახული მაქვს მისი შეკერილი ქუდები. კარგია ის, რომ მისი საქმიანობა ჩემმა შუათანა ძმამ გააგრძელა. მისი შეკერილი ქუდიც მაქვს.

- დედაზე რას გვეტყვით?

- დედაჩემი, ემილია მანონიანი, ახლაც ცოცხალია ღვთის წყალობით და თუ ყველაფერი კარგად იქნა, გაისად მის 80 წლისთავს აღვნიშნავთ. სხვათა შორის, ახლახან ჩემი ალბომი გამოიცა "101 პორტრეტი", რომელშიც დედაჩემის პორტრეტსაც ნახავთ. ხელში ახალგაზრდობის დროინდელი ფოტო უკავია... ჩემი მშობლები თვითონ ბავშვები იყვნენ, მე რომ გავუჩნდი და დიდი არაფერი მოეთხოვებოდათ.

- დედას პროფესიაზე არაფერი გითქვამთ...

- მამაჩემი ის კაცი არ იყო, ცოლი სამუშაოდ გაეშვა. კაცი იყო და თავად მუშაობდა. დღეს რომ ქალები ინახავენ კაცებს, მასე კი არ იყო საქმე?!

- თქვენც ხომ არ გადმოიღეთ ეს ტრადიცია ოჯახში?

- ჩემს ცოლსაც არ უმუშავია, სხვათა შორის. ცოტა ხანი მუშაობდა. არც გაუპროტესტებია. მაშინ ისეთი დრო იყო, ადამიანები სამსახურში ყავის დასალევად და საქსოვად რომ დადიოდნენ. ჩემი თამილა სხვა შეგნების ადამიანია და ასეთ სამსახურს არც დათანხმდებოდა.

- და თავი მთლიანად თქვენ მოგიძღვნათ?

- ასე გამოვიდა. ახლა როცა ვჩხუბობთ, კი მსაყვედურობს, შენ გამო ეს დავთმე, ამაზე უარი ვთქვიო, მაგრამ როცა მენდელსონის მარში გესმის, მაშინვე უნდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი უსათუოდ პრეტენზიებით დამთავრდება.

მამაჩემი, როგორც გითხარით, სულ მუშაობდა და ცოტა დრო ჰქონდა ჩემთან ურთიერთობისთვის. დედაჩემი უფრო მკაცრი იყო. ერთხელ მახსოვს კისლოვოდსკში ვისვენებდით. 11 წლის ვიყავი და ვიფიქრე, რამეს გავაკეთებ დაუკითხავად, სულ დამჯერი შვილი ხომ არ ვიქნები-მეთქი და წავედი საბანაოდ. დედაჩემმა ატეხა დიდი ამბავი, გაქრა ბიჭიო. სახლში რომ მივედი, ოთახის ჩუსტით მცემა. მას მერე მშობლების მიმართ შიში და მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა. დღეს შვილები მეზრდებიან და მაინც ვთვლი, რომ ჯობია ნაკლებად აუკრძალო, თვითონ უნდა ნახოს კარგი და ცუდი და არჩევანი გააკეთოს. მეტი თავისუფლება უნდა მისცე არჩევანის გასაკეთებლად. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემნაირი დედიკო, ასე მგონია, არავის ჰყავს. დღეს ჩუსტით რომ სცემო შვილს, შეიძლება სასამართლოში გიჩივლოს (იცინის). თუ მოიგო, ციხეშიც ჩაგსვამენ შვილის გალახვისთვის.

- დღევანდელი თაობა დუმილის უფლებასაც იყენებს, გაკვეთილი რომ არ იცის...

- (იცინის) მშვენიერი გამოსავალია.

- სკოლისგან რა გამოცდილება მიიღეთ?

- ჩემი ბედნიერება დაიწყო იქიდან, რომ არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა, მერე ბებიები დამამახსოვრდა კარგად, უამრავი სიკეთე მახსოვს მათგან და მერე მასწავლებლები. მე მყავს ისტორიის მასწავლებელი, რომელთან დღემდე ვურთიერთობ. კვირა არ გავა, არ ვინახულო სვეტლანა ივანოვნა. ზედმეტად საფუძვლიანად გვასწავლიდა ამ საგანს, არქეოლოგიურ გათხრებსაც კი გვაწარმოებინებდა, ინტერესი რომ ჩაენერგა ჩვენში. ისე შემიყვარდა ეს პროცესი, სულ ნიჩბით დავდიოდი, სადაც გათხრა შეიძლებოდა, ყველგან ვთხრიდი (იცინის). ჩემი პირველი მასწავლებელიც მახსოვს, ჯულიეტა ცომაია.

- ეზოში თამაშობდით ალბათ ბავშვებთან...

- არა, ცუდად გავიზარდე ამ მხრივ. "დამაშნი მალჩიკი" ვიყავი. წლის და სამი თვის ვიყავი, ქობულეთში რომ წამიყვანეს მშობლებმა აგვისტოში. დღის პირველ საათზე შუაგულ მზეზე ვიყავი წყალში. მზემ დამკრა და ცუდად გავხდი. ბათუმში წამიყვანეს ექიმთან, სისხლის გადასხმა დამჭირდა. სიკვდილს ხელიდან ძლივ გამომგლიჯეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთხელ უკვე მოვკვდი. ამიტმო მშობლები უფრო მეტად ზრუნავდნენ ჩემზე, ცდილობდნენ გვერდიდან არ მოვეშორებინე, განსაკუთრებით ბებიები აქტიურობდნენ. ამან გამოიწვია ჩემი კარჩაკეტილობაც. ქუჩაში დგომას სახლში პატეფონის მოსმენა მერჩივნა, ცოტას ვჩხირკედელაობდი კიდეც, ხელმარჯვე ბავშვი ვიყავი. მერე, როცა უკვე დავვაჟკაცდი და შემიყვარდა ჩემი მეუღლე, რომელიც ჩემი თანაკლასელი იყო და მისი დაცვა მომხდა, მივხვდი, რომ მეც შემიძლია რაღაცები.

- მეუღლე თქვენთვის პირველი სიყვარული იყო?

- არა, მანამდეც მიყვარდა. კლასში ყველა გოგონა მიყვარდა. ბოლოს ჩემს მეუღლეზე შევაჩერე არჩევანი, თან ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით და გავყავი ამ "სროკში" თავი.

- სიყვარულს კვება სჭირდებაო, ნათქვამია, თქვენ როგორ ახერხებთ ამას?

- მთავარი სიყვარულში ის არის, რომ მამაკაცი აშვებული უნდა იყოს.

- რას გულისხმობთ?

- ქალებში უნდა იაროს.

- ეს ერთგულებისთვის არის აუცილებელი?

- ეს აუცილებელია შენი თავისუფლებისთვის, შენი პიროვნებისთვის. მე მამაკაცის პოზიციიდან ვლაპარაკობ. ქალის პოზიცია თქვენ დაიცავით. ქალმა რაც უნდა ის ქნას (იცინის).

- მეუღლე არ გსაყვედურობდათ, ქალებში რომ დადიოდით?

- ეს საჯაროდ არ უნდა გააკეთო. ძალიან კეთილი და ერთგული ქმარი ვიყავი დიდხანს. მერე ავიშვი და ავიშვი.

- როდის მერე?

- ახლა ეგეც თუ გითხარით, მიხვდება ყველაფერს ჩემი ცოლი. ცოლი მაინც ცოლია, მესაკუთრეა.

- ქმარი არ არის მესაკუთრე?

- როგორ არა. შეუღლება მესაკუთრეების გარიგებაა მენდელსონის მარშის თანხლებით. საერთოდ, მე ერთი წინადადება შემომაქვს ქორწინების ცერემონიასთან დაკავშირებით. წყვილმა ხანჯლების ქვეშ ყვავილებისა და ბუშტების გარემოცვაში კი არ უნდა გაიაროს, გრძელი კედელი უნდა განვლონ, რომელზეც აქეთ-იქით პლაზმური ეკრანები იქნება დამონტაჟებული, სადაც სხვადასხვა ფილმიდან ცოლ-ქმრის ჩხუბის სცენები იქნება ნაჩვენები და თუ ამ კედლის ბოლოს კიდევ გაუჩნდებათ სურვილი ხელი მოაწერონ, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაქორწინდნენ.

- როგორც მივხვდი, თქვენ დროს არ იყო პლაზმური ეკრანები, თორემ ამ ნაბიჯს არ გადადგამდით...

- ჰო, არ იყო ნამდვილად... სამი საათი ვიჯექით მხოლოდ მე და ჩემი ცოლი მაგიდასთან და მერე მატარებლით წავედით მოსკოვში. თან ვამბობდით, ჩვენ რკინიგზელის გასაკეთებლად მივდივართო (იცინის). ორი გოგონა გვეყოლა, ლადა და იანა. მეუღლის ინიციატივით დავარქვით სახელები.

- მშობლების კმაყოფაზე დიდხანს იყავით?

- პროფესიით სამთო ინჟინერი ვარ. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, მუშაობა ჩემი სპეციალობით დავიწყე. მაშინ უკვე მეორე შვილი გამიჩნდა. ხელფასი 92 მანეთი მქონდა. ოჯახში წავიღე, არც მყოფნიდა, მამაჩემი მეხმარებოდა. ის კი არა, ახლა სადაც ვცხოვრობ, ის ბინაც მამაჩემმა მიყიდა.

- ფოტოხელოვნებით როდის დაინტერესდით?

- ფოტოგრაფიით რვა წლიდან და ფოტოხელოვნებით 1979 წლიდან.

- ახალ თაობასთან გიწევთ დღეს მუშაობა, როგორი თაობა მოდის?

- ძალიან კარგი, მაგრამ ძირითადად გოგონები გვყავს ჯგუფში, მამაკაცთა ფოტოგრაფიის ისტორია დამთავრდა საქართველოში. ერთი კაცი გვყავს და თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით. ისიც მგონი, თავისი დაიკოს დასაცავად დადის, მისი და სწავლობს ჩვენთან.

- შეცდომებზეც მინდა გკითხოთ...

- პირველი და მთავარი შეცდომა ჩემი ის არის, რომ უფრო მაგარი "ბაბნიკი" უნდა ვყოფილიყავი, მეტად აღვირახსნილი, ვიდრე ვიყავი. კიდევ ცეკვას და მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას ვისწავლიდი. ისე, გვიან არც ახლა არაა ქართული ცეკვისთვის, აჭარული მინდა ვისწავლო, მაგრამ სადაც მივედი, ყველამ მითხრა 033-ის მანქანას თუ დააყენებ დარბაზის კართან, იმ შემთხვევაში გასწავლით ცეკვასო. გარანტია გვჭირდება, რომ აქედან პირდაპირ მორგში არ მოხვდებიო. კიდევ ერთი შეცდომა ისაა, რომ ბიჭი არ ვიყოლიეთ. არც ახლაა გვიან. ვმუშაობ სხვადასხვა მიმართულებით (იცინის)...

ამას წინათ ერთ-ერთი გამომცემლობიდან დამირეკეს, გაბრაზებული კაცის გვერდი გვაქვს და თუ ვინმეზე გაბრაზებული ხართ, დაწერეთ რამეო. თუ მორწმუნე კაცი ხარ, კარგად იცი, რომ ღმერთის ნებაა ყველაფერი, მათ შორის ადამიანების ავკარგიანობაც და ამიტომ ღმერთს მივწერე წერილი. დავუწერე, ყველაფერში დამნაშავე შენ ხარ, რადგან გაგვაჩინე, კიდევაც გვარჩინე-მეთქი. ვიწუწუნე კაცობრიობის ბედზე, ფინანსურ პრობლემებზე. დაახლოებით ისეთი წერილი გამომივიდა, გურული რომ მივიდა ხატთან: - ვინ ვარ, ქე იცი, რა მინდა, ისიც ქე იცი და აბა, შენ იციო. ამ წერილის შემდეგ აღდგომა დღეს აბაზანაში ფეხი გამიცურდა და ძალიან ცუდად დავეცი. თუ ასე გამისწორდა უფალი, ძაან "მელკი" და არასერიოზული ტიპი ყოფილა. მე მაინც მგონია, რომ ამ საქმეში ეშმაკის ფეხი ერია, ჩემი რწმენა რომ შერყეულიყო. რწმენა არ შეირყა, მაგრამ პრეტენზიები იგივე დამრჩა. უფალი კი დუმს. ეს დუმილი ძაან არ მომწონს, მგონი "დამიკიდა" და ეგ არის.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"