ავტორი:

"ღირს კი გართობა სხვისი სიცოცხლის ფასად?!" - რატომ არ კრძალავს ხელისუფლება საფრთხის შემცველი პიროტექნიკის რეალიზაციასა და გამოყენებას

"ღირს კი გართობა სხვისი სიცოცხლის ფასად?!" - რატომ არ კრძალავს ხელისუფლება საფრთხის შემცველი პიროტექნიკის რეალიზაციასა და გამოყენებას

უკვე წლებია საქართველოში პიროტექნიკით გამოწვეული დაზიანებებით საავამდყოფოში ათეულობით ადამიანი ხვდება.

საახალწლო განწყობის ამ სახიფათო საშუალებებით შექმნა, ადამიანებს ხშირად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

გარდა ამისა, მისი გამოყენება აბინძურებს ჰაერს, გარემოს და საფრთხეს უქნის შინაურ ცხოველებს.

ფოიერვერკებით მიღებულ დაზიანებათა უმეტესი წილი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობაზე მოდის, თუმცა ყოფილა შინაგანი ორგანოების დაზიანებების, მხედველობის დაკარგვისა და კიდურების ამპუტაციის შემთხვევებიც.

მეტიც, ორი წლის წინ, ქუთაისში ამ ერთი შეხედვით უწყინარ გართობას ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედია ახალი წლის ღამეს მოხდა, ქალი თავის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში ერთკვირიანი მკურანლობის შემდეგ გარდაიცვალა.

  • სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს მხოლოდ იანვრის თვეში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 87 პირი დაშავდა, მათ შორის 19 არასრულწლოვანი, ასევე იყო კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებიც.
მუხიანში პიროტექნიკის შედეგად დამწვარი სახლი
2022 წელს თბილისში, მუხიანში პიროტექნიკის შედეგად დამწვარი სახლი. ფოტო: "ჩემი ქალაქი მკლავს"
  • რა საფრთხეს უქმნის პიროტექნიკა ადამიანის ჯანმრთელობას

დამწვრობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე სიცოცხლისთვის საშიშ იმ დაზიანებათა სპექტრზე გვესაუბრება, რომლებიც ფოიერვერკების მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს.

"აქ მხოლოდ დამწვრობაზე არ არის ლაპარაკი. არის თვალების დაშავების, ნახეთქი ჭრილობებით გამოწვეული გართულებების, მუცლის ღრუს დაზიანების და ხელის თითების ამპუტაციის შემთხვევები. ძირითადად, 47%-ის შემთხვევაში ზიანდება მარჯვენა მტევანი, შემდეგ მოდის სახის არე, შემდეგ მარცხენა მტევანი და ბოლოს გულ-მკერდის არე.

ფოიერვერკი, რომელიც 200-300 მეტრის სიმაღლეზე ადის და ფეთქდება, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას გიზამს, ახლო დისტანციიდან რომ მოგხვდება. რაღა გატენილი იარღი უსვრია ვინმეს და რაღა ეს.“ - გვეუბნება გუგა ქაშიბაძე.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე

მისი თქმით, დამწვრობის ცენტრში წელს მხოლოდ ერთი სერიოზული შემთხვევა ჰქონდათ, თუმა მთავარი დღესასწაულები ჯერ წინ არის.

"ორი დღის წინ ქობულეთიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 10 წლის ბავში შემოიყვანა. მოზარდმა პიროტექნიკა საწვავით სავსე ავზში ჩააგდო და აფეთქების შედეგად დამწვრობა მიიღო. ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში გვიწევს. წელს, ჯერჯერობით, მხოლოდ ეს ერთი პაციენტი გვყავს, თუმცა, სამწუხაროდ, მთავარი შემთხვევები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ძირითადად, ახალ წელს, შობას და ძველით ახალ წელს ველოდებით ასეთ შემთხვევებს.“ - გვეუბნება გუგა ქაშიბაძე.

  • პიროტექნიკა და ცხოველები

ცხოველთა უფლებადამცველების ინფორმაციიით, ყოველწლიურად ფოიერვერკებს უამრავი ცხოველისა და ფრინველის სიცოცხლე ეწირება.

თეიმურაზ წიქორიძის თქმით, ცხოველთა გარკვეული ნაწილს შიშისგან გული უსკდება და კვდება.

"ხშირად ცხოველები უეცარი შიშისგან ადგილს წყდებიან, წყვეტენ ღვედს და ისტერიკაში მყოფები უვარდებიან მანქანებს. ფრინველები პანიკაში ცვივდებიან და ღამე ფრინდებიან თავიანთი ბუდეებიდან - ასკდებიან სახლებს და ხეებს, რადგან მათთვის იმ მომენტში ძალიან რთულია ორიენტირება, ისინი სახიჩრდებიან და იხოცებიან.

გარდა ფრინველებისა, ინტენსიური ხმაური აფრთხობს და აფხიზლებს გამოსაზამთრებლად დაბუდებულ ცხოველებს, მაგალითად ზღარბებს და კუებს. ისინი თავშესაფარს ტოვებენ და შეიძლება დაიღუპონ კიდეც. უამრავი მიკედლებული მიუსაფარი ძაღლი თუ კატა, უგზოუკლოდ იკარგება ხმაურში და თავიანთ ადგილებს ვეღარ აგნებენ.

იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვებმა ძაღლებს და კატებს პირში ასაფეთქებელი ჩაუდეს და გაიქცნენ. ასე რომ, ღირს კი გართობა სხვისი სიცოცხლის ფასად?!" - აცახდებს AMBEBI.GE-სთან თეიმურაზ წიქორიძე.

  • როგორ რეგულირდება საქართველოში პიროტექნიკის შეძენის, რეალიზაციისა და მოხმარების საკითხები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პიროტექნიკის გამოყენების თაბაზე გარკვეული რეგულაციებია გაწერილი. მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობით, არასრულწლოვანს პიროტექნიკის შეძენა ეკრძალება. ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ბავშვებს მაშხალებს მიჰყიდიან, უნდა დაჯარიმდნენ. კანონში გაწერილია ჯარიმის ოდენობა და ამ რეგლაციის აღსრულების მექანიზმებიც.

კერძოდ, კანონდარღვევის გამოვლენა და სანქციის დაკისრება მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის ორგანოებს ევალებათ.

თუმცა, როგორც "ლელოს“ წევრი ანა ნაცვლილშვილი გვეუბნება, რეგულაცია რეალურად არ მუშაობს.

"15 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია. ფაქტობრივად, არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ამ მუხლის დარღვევისთვის ვინმე დაჯარიმებულიყოს. არადა, თუ იმ ადგილებთან დავდგებით, სადაც პიროტექნიკა იყიდება (ჩავატარეთ ეს ექსპერიმენტიც), ხშირად არასრულწლოვნები არიან ამ პროდუქტის მომხმარებლები. არანაირი აკრძალვა არ მუშაობს. უკონტროლოდ ყიდულობენ. გარდა ამისა, მიყიდვის აკრძალვა სულაც არ არის იმის გარანტია, რომ არასრულწლოვნის ხელში პიროტექნიკა არ მოხვდება“ - გვეუბნება ანა ნაცვლიშვილი, რომელიც პიროტექნიკის აკრძალვის თაობაზე შემუშავებული კანონონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

  • რატომ არ კრძალავს სახელმწიფო საფრთხის შემცველი პიროტექნიკის გამოყენებას

კანონპროექტი, რომელიც ანა ნაცვლიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად შეიმუშავა, უკვე ცხრა თვეა ინიცირებულია.

"სხვა ქვეყნების გამოცდილებაც მოვიკვლიეთ. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ. შემდეგ ამ ფართო სურათზე დაყრდნობით, გავიარეთ ის საკითხიც, საქართველოსთვის რა მოდელი იქნება ოპტიმალური.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტისთვის, ფაქტობრივად, სრული აკრძალვის მოდელი შეგვეთავაზებინა. ეს გულისხმობს პიროტექნიკის ქვეყანაში შემოტანის, შენახვის, რეალიზაციისა და გამოყენების აკრძალვას გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა. ამაში იგულისხმება უსაფრთხო პიროტექნიკა, რომელიც არც გარემოს აბინძურებს, აქვს ხანმოკლე ეფექტი და მისი გაშვება ოთახშიც შეიძლება. მაგალითად. ტორტზე რომ ამაგრებენ ის შუშხუნები და მსგავსი.

ჩვენ მოვიკვლიეთ როგორია ევროპული გამოცდილება ამ კუთხით, გავეცანით ევროკავშირის დირექტივასა და ვნახეთ, რომ ზოგ ქვეყანაში სრულად არის არძალული პიროტექნიკის გამოყენება, ზოგან კი მკაცრად რეგულირებულია. ზედმიწევნით კონტროლდება საიდან და რა ხარისხის პიროტექნიკა შედის ქვეყანაში, ასევე, მკაცრი კონტროლია მისი შენახვის პირობებზე.

ზოგან კლასიფიცირებულია და F1 კატეგორიის პიროტექნიკის გარდა აკრძალულია სხვა ყველა საფრთხის შემცველი მაშხალები. ამასთან, დაშვებულია გამონაკლისი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს - ფოიერვერკის გამოყენება შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადად, კონკრეტულ დროს და ადგილას, მთავრობის დადგენილებით.

ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში მონიტორინგის მექანიზმები ზოგადად სუსტია, ჩვენთვის იდეალური მოდელი მისი აკრძალვაა.

კანონპროექტი დავაინიცირეთ მარტში, თადარიგი დავიჭირეთ, რათა ყველას ჰქონოდა გონივრული დრო გადაწყვეტილებების მისაღებად, მსჯელობისთვის. და ამ დროში ორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა მხოლოდ. ვითომ დაგვეთანხმნენ, ვითომ პროცესი დაიწყეს და ბოლოს უარი თქვეს. დრო გააჭიანურეს რეალურად. ეს არის "ქართული ოცნების" სტილი - სრული მოჩვენებითობა და სივერაგე.

ვფიქრობ, ეს რამდენიმემილიონიანი ბრუნვა ვიღაცის ბიზნესინტერესებში შედის უმრავლესობიდან. ალბათ მსხვილ დისტრიბუტორებთან აქვთ კვეთა. არ გამოვირცხავ, ვინმე მათგან "ქართული ოცნების" შემომწირველი იყოს.

  • რა მიზეზით თქვა უმრავლესობამ უარი "ლელოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექის განხილვაზე?

ამ კითხვაზე პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასე პასუხობს:

"ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მხარს დავუჭერდი ასეთ კანონის მიღებას, მაგრამ "ლელო“ არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, “ლელოს“ არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. რაც შეეხება თემას, ამაზე მე მაქვს ჩემი პოზიცია, ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებსაც აქვთ მსგავსი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ.“ - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ანა ნაცვლიშვილის თქმით, პიროტექნიკის აკრალვა "ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ყველანაირად ცდილობს ეს საკითხი დროში გააჭიანუროს.

"ეყოს კობახიძეს მამაცობა, ჩახედოს თვალებში პიროტექნიკით დაშავებულ ბავშვებს და ეს "არგუმენტი“ მათ უთხრას. ცხადია, რომ ხელისუფლებას ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფრად ანაღვლებს, მათი ერთადერთი საზრუნავი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგია“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორი ორგანიზაცია Animal Project-ია. დოკუმენტს ხელს ამ დროისთვის 25 000 ადამიანი აწერს.