კომუნალური გადასახადების ერთიან ქვითარს თბილისის მოსახლეობა 15 იანვრიდან მიიღებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასში" განუცხადეს.
"ერთიან ქვითრებს მოსახლეობა უკვე 15 იანვრიდან უნდა ელოდოს. გადასახადების გადახდა და ყველა დეტალი სემეკის გადაწყვეტილებით დარეგულირდება", - განაცხადეს "თელასში".
აქვე აღნიშნეს, რომ უკვე შექმნილია აბონენტთა ერთიანი ბაზა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სს "თელასის", სს "ენერგო-პრო ჯორჯიას", შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" და თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის მიერ ელექტროენერგიის განაწილება, წყალმომარაგება, დასუფთავების მომსახურება და შესაბამისი საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემით.