ავტორი:

"ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს... ცრემლად დაიღვარა და ხალხს აყვავებას დაჰპირდა" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას?

"ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს... ცრემლად დაიღვარა და ხალხს აყვავებას დაჰპირდა" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას?

ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, რომ როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს პოლიტიკაში დაბრუნება დაგეგმილი ჰქონდა სექტემბერში, თუმცა გადაწყვიტა, რომ გაცილებით ადრე გადაედგა ეს ნაბიჯი.

"ხალხის გამარჯვებამ კანდიდატის სტატუსით 2023 წელს, აიძულა ივანიშვილი გამოჩენილიყო საჯარო სივრცეში, თორემ პოლიტიკიდან არსად წასულა. ხალხმა დაამარცხა "ქართული ოცნება" 1:0. ახლა გამოჩნდა, რათა ეს მათი მხარდაჭერის მძლავრი ვარდნა რაიმენაირად შეაჩეროს. მეორე არის ის, რომ პირად უსაფრთხოებაზეა მოტივირებული, 2018 წელი გაიხსენა და ჩემი მხრიდან ვეუბნები, რომ როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს. მას ეს სვლა დაგეგმილი ჰქონდა სექტემბერში, მაგრამ მოუწია გაცილებთ ადრე გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ დროზე გამოჩენილიყო საჯაროდაც. ხალხი გაიმარჯვებს 2024 წელს“,- აღნიშნა ვაშაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ეხმაურება ივანიშვილის დაბრუნებას.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, „რა გაუკეთებია 11 წელიწადში [ბიძინა ივანიშვილს], კიდევ რომ აძლევს თავს უფლებას, მხარდაჭერა მოითხოვოს?!

"ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში! ხალხს ევროპა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა! მოვიგებთ მთავარ ბრძოლას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს! 2018 წელს, ხალხმა გაიმარჯვა და ივანიშვილი „დაბრუნდა“ ... ცრემლად დაიღვარა და ხალხს აყვავებას დაჰპირდა... თავისი „გაინაღდა“ და „წავედიო“ ... კატასტროფა თუ არ მოხდა, მე აღარ დავბრუნდებიო და აგერ მისთვის კატასტროფა - ხალხმა გაიმარჯვა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ... კიდევ ერთი დიდი მარცხის შემდეგ, გამოძვრა სოროდან და ისევ ძალაუფლების დაკარგვის შიშით „შემობრუნდა“ ... ჩვენმა სწორმა მუშაობამ, ხალხის აქტიურობამ და სააკაშვილის პროცესებში ჩართვამ, რუსული პარტია სრულად ჩამოშალა ... რა გაუკეთებია 11 წელიწადში, კიდევ რომ აძლევს თავს უფლებას, მხარდაჭერა მოითხოვოს?!“,- წერს ხაბეიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა ქვეყანაში რუსული მართლმსაჯულება, რუსული გავლენების გაძლიერება.

"კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ის, რაც აქამდე არაერთხელ მითქვამს. დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ დიახ, რუსი ოლიგარქი არასოდეს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა. ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია.

ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა ქვეყანაში რუსული მართლმსაჯულება, რუსული გავლენების გაძლიერება, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების ბიზნეს ინტერესები საქართველოში და რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური პატიმრობა.

მისი დავალებით და ხელშეწყობით საქართველო გახდა რუსული დასანქცირებული ტვირთების კორიდორი. ქართული ჯარი იკვებება რუსული საკვებით და საქართველოს ხელისუფლება ათობით მილიონ ლარს იხდის რუსულ პროდუქციაში. დიახ, მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილი იყო და არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი. მისი პოლიტიკაში ღიად დაბრუნება არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ, საბოლოოდ გაფორმდეს ქვეყანაში ავტორიტარიზმი და მოხდეს ქვეყნის რუსიფიკაცია. ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა ისეთ მნიშვნელოვან თარიღებზე, როგორიც არის „გავრილოვის ღამე“ და მარტის მოვლენები. ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის ემიგრაციაში წასვლაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა. მე მინდა ვუთხრა მას - ქართველი ხალხი 2024 წელს აღარ აირჩევს რუსეთს, აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და აღარ აირჩევს ემიგრაციას,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.