ავტორი:

ილია მეორე 91 წლის გახდა - ყველაფერი პატრიარქის შესახებ: საინტერესო ამბები ილია II-ს საერო და სასულიერო ცხოვრებიდან და იშვიათი ფოტომასალა

ილია მეორე 91 წლის გახდა - ყველაფერი პატრიარქის შესახებ: საინტერესო ამბები ილია II-ს საერო და სასულიერო ცხოვრებიდან და იშვიათი ფოტომასალა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 91 წელი შეუსრულდა.

ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 46-ე წლისთავი აღინიშნა.

საინტერესო ამბები ილია II-ს საერო ცხოვრებიდან

ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, მის სახელზე კი ციხე აუშენებია.

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და ცნობილი მებრძოლები ყოფილან, მათ შორის სიმამაცით გამორჩეული შიოლა ღუდუშაური გახლდათ და როგორც ამბობენ, სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. ფლობდა ღუდუშაურთა ხეობას, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა. შიოლას სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა - ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან გახლდათ. 1927 წელს ვლადიკავკაზში დროებით საცხოვრებლად სახლი შეუძენიათ და იქ გადასულან. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას.

პატრიარქი ახალგაზრდობაში

ძაუგის (ვლადიკავკაზი) ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა, სადაც ქრისტეშობის დღეს სამი დღის ახალშობილი მონათლეს და მეფე ერეკლეს პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასმა (კანდელაკი) მონათლა. ბავშვის ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი).

არქიმანდრიტი ტარასი შემდეგში ხელდასხმულ იქნა წილკნის ეპისკოპოსად და დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში, მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. ნათლიას ნათლული ხშირად დაჰყავდა სამთავროს მონასტერში, სადაც ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური ერთხელაც კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს შეხვდა. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია.

გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი სალოცავად წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. "მინდა, ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა", - იხსენებს პატრიარქი ილია II.

პატრიარქის მშობლები

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც ზაგორსკში მდებარეობს. სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.

იმ დროს წმიდა სამების მონასტრის წინამძღვარი იყო მომავალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი. "მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად...

... განსაკუთრებით ჩვენ ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა", - იხსენებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი.

ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი დედმამიშვილებთან და რძალთან ერთად

აკადემიის ახალგაზრდა სტუდენტს სწორედ ამან გადააწყვეტინა ბერად შედგომა.

1957 წლის 16 აპრილს, 24 წლის ასაკში კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ეს ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) შეასრულა და ბერს სახელად ილია უწოდა.

"ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს", - ასე იხსენებს პატრიარქი ალექსანდრე ნეველის ეკლესიას.

იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წლის 10 მაისს კი წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი 1-ელის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მღვდელმონაზონმა ილიამ საკანდიდატო შრომა: "ათონის ივერიის მონასტრის ისტორია" დაწერა, რისთვისაც ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. იმავე 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. ამიტომ მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა.

და იღვაწა თითქმის ყველა ხარისხში, ხოლო აჭარაში შვიდი წლის მანძილზე მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში და მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი - (1963-1972 წლები).

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეფრემ II და ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსი ილია

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში.

"ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა", - ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა.

მცხეთა, სვეტიცხოველი, 1977 წლის 25 დეკემბერი. ილია მეორის ინტრონიზაცია. ილია მეორე და მიტროპოლიტი გაიოზი

რამდენიმე ეპიზოდი პატრიარქის ცხოვრებიდან

გოდერძი ჩოხელი იხსენებდა: უწმინდესზე რაიმეს თქმა თან ძნელია, თანაც - ადვილი. ძნელია იმიტომ, რომ უდიდესია მისი როლი ქართველთა სულიერ ცხოვრებაში. მან გაპარტახებული ეკლესია ჩაიბარა, ჩაფერფლილ სულიერ ღადარს სული უბერა და კოცონი ააგიზგიზა. უწმინდესის სახით ჩვენ ღვთის მადლი მოგვევლინა. მისი სიდიადე მერე, შორიდან უფრო გამოჩნდება. მასზე საუბარი ადვილი კი იმიტომ არის, რომ ყველას მიმართ საოცრად თბილი და ახლობელია. ბევრჯერ შემომშველებია ამ წუთისოფელში. ჩემთვის მფარველი ანგელოზივით არის, დედაც არის, მამაც, დაც, ძმაც, ნათესავიც და ახლობელიც. "სამოთხის გვრიტები" და "ლუკას სახარება" რომ გადავიღე, უწმინდესი მეუფეებთან ერთად, კინოსტუდიაში მოვიდა.

მეშინოდა, არ გამბრაზებოდა, "სამოთხის გვრიტები" რომ დავარქვი ფილმს. ჩვენების მერე მითხრა: - გოდერძი, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები არიან, მაგრამ შენ საიდან იცი, რომ ადრე ასე ასწავლიდნენ მთაში წერა-კითხვასო?" მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. უწმინდესმა მამის მონაყოლი გაიხსენა, თურმე მართლა ასე ასწავლიდნენ წერა-კითხვას...

ილია მეორე პირველ წირვას ატარებს, 1977 წლის 25 დეკემბერი

დაახლოებით 30 წლის წინ თბილისში ერთ ახალგაზრდა ოჯახში ხანძარმა იმსხვერპლა 9 წლის ბიჭი და 7 წლის გოგონა. მშობლები ხანძრის დროს შინ არ იყვნენ. პატრიარქმა ეს ამბავი რომ შეიტყო, მაშინვე მათთან წავიდა. მან ცოლ-ქმარს საკუთარი სახარება და სანთლები აჩუქა და დიდხანს ესაუბრა. მივიდა მათთან მეორე დღესაც, მესამე დღესაც... ბოლოს სთხოვა, საპატრიარქოში მესტუმრეთო. მათ უარის თქმა ეუხერხულათ და მივიდნენ...

საუბრისას გამოტყდნენ, რომ განზრახული ჰქონდათ თავის მოკვლა. რაც პატრიარქმა მათ სიკვდილის შემდგომ საუკუნო სიცოცხლეზე მოუთხრო, მისი ირწმუნეს და მოისურვეს, შვილებს ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ შეხვედროდნენ, და ვიდრე იცოცხლებდნენ, მუდამ თავიანთი შვილებისთვის ილოცებდნენ. პატრიარქმა მათ საპატრიარქოში მუშაობა შესთავაზა. ქმარი სამი წლის წინ გარდაიცვალა - სიცოცხლის ბოლომდე საპატრიარქოს იურისტი გახლდათ, მისი მეუღლე კი დღესაც საპატრიარქოს არქივს ხელმძღვანელობს.

სამი ათეული წლის წინ მომღერალ თემურ წიკლაურს სამი წლის ვაჟი გარდაეცვალა. პატრიარქმა ბატონი თემური და მისი მეუღლე თავისთან მიიწვია. საუბრისას შეიტყო, რომ ბატონი თემური სცენაზე გამოსვლას აღარ აპირებდა და უთხრა: ყოველი კაცი იქ უნდა ემსახუროს ქვეყანას, სადაც უფალი დაადგენს. განა რა უფლება გაქვს, ყველაფერი მიატოვო? პატრიარქმა ბატონ თემურს დავითნი გადასცა და აკურთხა, რომ იქიდან ფსალმუნები ყოველდღიურად წაეკითხა. ასევე გადასცა დიდი სანთელი, რომელიც ფსალმუნების წაკითხვისას უნდა აენთო. ბატონმა თემურმა ბავშვის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს დაასრულა ფსალმუნების კითხვა და პატრიარქისეული სანთელიც ჩაიღვენთა. ბატონმა თემურმა იგრძნო ღვთის სიტყვის ძალა და განმტკიცდა რწმენაში...

უწმინდესს (მაშინ პატრიარქი არ იყო) უნდოდა, მშობლები სამთავროს მონასტრის ეზოში დაესაფლავებინა. მაშინდელმა პატრიარქმა უარი უთხრა, რადგან ისინი სასულიერო დასის წარმომადგენლები არ იყვნენ. როცა თავად გახდა პატრიარქი, ერთმა ახლობელმა შეახსენა - მშობლების ნეშტები სამთავროს მონასტრის ეზოში ხომ არ გადავასვენოთო. უწმინდესმა მიუგო, - მე პატრიარქის კურთხევას ვერ დავარღვევო.

პატრიარქი ხშირად იგონებს წლებს, როცა ის ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იყო. ერთხელ თქვა: აფხაზებისგან გასაოცარ სიყვარულს ვგრძნობდი. ხშირად მოდიოდნენ ჩემთან, დიდხანს ვსაუბრობდით. მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთი ქალბატონი, რომელმაც ერთი ქილა შედედებული რძე მომიტანა - მეტი არაფერი ჰქონდა და ამით გამოხატა ჩემდამი სიყვარული. მე ის აფხაზი ქალი დღემდე მახსოვს და მუდამ ვლოცულობ მისთვის, მისი სიკეთის გამო.

უცხოელ ჟურნალისტებთან აჭარაში ქრისტიანობის აღორძინებაზე საუბრისას მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) აღნიშნავდა ილია მეორის უდიდეს ღვაწლს: "ეს ღვთის სასწაულია, ამას მხოლოდ ქადაგებით ვერ ახსნი. ადგილობრივი მუსლიმანები დიდ პატივს სცემენ საქართველოს პატრიარქს. ერთხელ მაღალმთიანი აჭარიდან ხოჯას წერილი მივიღე: არ შეიძლება, რომ ილია მეორე მართლმადიდებლებსაც გხელმძღვანელობდეთ და ჩვენ, მუსლიმანებსაცო. "კვირის პალიტრის" და ambebi.ge-ს არქივიდან

იხილეთ ასევე: