ავტორი:

"თქვენ რომ არა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი..." - მოგონებები პატრიარქზე: ბესიკ ხარანაულის, ელდარ შენგელაიას, ზურა ყიფშიძის, ტარიელ ხარხელაურისა და სხვათა მილოცვა უწმინდესს

"თქვენ რომ არა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი..." - მოგონებები პატრიარქზე: ბესიკ ხარანაულის, ელდარ შენგელაიას, ზურა ყიფშიძის, ტარიელ ხარხელაურისა და სხვათა მილოცვა უწმინდესს

ცხრა ათეული წელი ისტორიისათვის ერთი ამოსუნთქვაა, პიროვნებისათვის კი, მნიშვნელოვანი დროა, ცხოვრების დიდი ეტაპია. მით უმეტეს, როცა ლაპარაკია საყოველთაოდ აღიარებულ, უფლისგან ერის სულიერ მამად გამორჩეულ ადამიანზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 91 წლის შესრულდა. 46 წელზე მეტია, იგი საქართველოს პატრიარქია. ამ 46 წლის განმავლობაში, მან ხალხის სამსახურში, მათზე ზრუნვაში, მამულზე ფიქრში გაატარა. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აშინებს ტვირთის სიმძიმე. ადამიანი, რომელიც იმედად მოევლინა ერს, ძალისხმევას არ იშურებს ხალხის სამსახურისათვის, სიკეთეს და სითბოს ასხივებს და ათბობს ადამიანთა გულებს. ambebi.ge ულოცავს მის უწმინდესობას დაბადების დღეს და შევთხოვთ უფალს, რომ დღეგრძელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე მოჰმადლოს ჩვენს დიდ პატრიარქს.

ბესიკ ხარანაული, პოეტი:

- დიდება და მადლობა ღმერთსა, და დიდება დღეს დღევანდელსა! დიდება ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც ცარიელი მიწა გაავსო ეკლესია- მონასტრებით და ცარიელ სულებში სანთელი დაანთო. მე არ წამომიდგენია ქართველი ხელოვანი, მუსიკოსი იქნება ის, თუ პოეტი, თუ მწერალი, თუ მხატვარი, რომ მისგან მადლი არ მიეღოს. მის შემოქმედებაში ეს დიდებული და განუმეორებელი სახე მღდელმთავარისა არ იყოს ასახული. შეუძლებელია ასეთი დიდი მაგალითი ადამიანებში არ შეიჭრას და იქ არ იმყოფებოდეს. დიდი ხანია ასეთი ღვაწლი ჩვენ არ გვინახავს, მან მოაქცია თავიდან ქართველობა რჯულზე და მე თაყვანს ვცემ მის დარაჯობას. ის სასტიკი მოდარაჯეა სამშობლოსი და ამავე დროს საოცრად ლმობიერი და ჩვილი გულის პატრონია. ერთადერთი ქართველია, რომლის სიცოცხლე ჩვენთვის წამალია. ღმერთო, ამიტომ სასოწარკვეთის ზღვარზე, ვუსურებ მას დიდხანს სიცოცხლეს და ღვთის ძალას. ჩვენს ის ძალიან გვჭირდება.

ეთერ თათარაიძე, პოეტი, ფოლკლორისტი:

- ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. მე არ ვარ ეგეთი ჰაერში მოფრინალი სიტყვის მთქმელი, რომ თავს ზედმეტის უფლება მივცე, მაგრამ ის არის ღვთის რჩეული ადამიანი, რომელიც საქართველოს გამოუგზავნა ღმერთმა, რათა დიდი მისია შეესრულებინა. ჰოდა, ღვთის რჩეულს პირველი ვინც ებრძვის, ეს არის არაღვთიური ძალა, რომ ის დაამარცხოს, მას მოუგონოს, მიაწმინდოს, ატკინოს, აწყინოს, დააჩოქოს, ვერც ერთხელ ვერაფერი ვერ უქნეს. რამდენი დაუპირისპრდა, ყველამ ცხვირი მოიტეხა. თავი და კისერი წაილეწა, მაგრამ რამდენიც ატკინეს, ასჯერ უფრო ღონივრად წამოდგა. ეგ მთის ხასიათიც არის, დიდწილად, ალბათ. კავკასიური, მთის ხასიათი, რომ გატკენენ, უნდა ადგე და არ შეიმჩნიო და ღვთიურობისაც. მისი უთბილესი სიცილი, მზესავით რომ ამოხდება ხოლმე... შენ რომ ძალიან დამძიმებული მიდიხარ მასთან და გინდა, რომ თუნდაც წამით თვალი მოკრა და ამ დროს რომ გაგიღიმებს, მზედ რომ ამოვა, გათბობს, გააცისკროვნებს და უკან იმედით სავსეს გამოგისტუმრებს, მაგას დიდი ძალა სჭირდება. ეგ ჰაერიდან კი არ მოდის... ზეციდან მოდის.

იცით, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს პატრიარქი თუშეთსა და ხევსურეთში ჩავიდა.

შეგვატყობინეს, რომ უნდა გავყოლოდით იმ ვერტმტფენს, რომელშიც იქნებოდა უწმინდესი და უნდა იქაურობაზე გვესაუბრა, როგორც მე - თუშსა და ჩემს ხევსურ მეუღლეს. ეგ დღეები და ღამეები ჩვენთვის არის დაუვიწყარი. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მიგვიღია ცხოვრებაში. მერე ჩვენ წიგნიც გამოვეცით, რამდენად შეძელით იმ ემოციით გადმოგვეცა და სახელად ასე დავარქვით - “ავაგე ეკლესიები“. რამდენი სიყვარული და სითბო მახსოვს მისგან, როგორ უნდა დავთვალო.

მახსოვს, რომ ბავშვები შემოვიდნენ ომალოში და მე მთხოვა: "აბა, თუშურად უამბე ზღაპარი ბავშვებსო..." როგორ ისმენდა, იცინოდა, ის სახე არასოდეს ამოვა ჩემი გონებიდან. ამ ბავშვებმა, და მთლიანად თუშმა მოსახლეობამ, ყვავილები მოუფინეს უწმინდესს, ეკლესიის გზაზე და ისე მიაცილეს ტაძრამდე.

ელდარ შენგელაია, რეჟისორი:

- მინდა გავიხსენო პატრიარქის აღსაყდრების დღე. ბევრჯერ ვყოფილარ სვეტიცხოველში, მაგრამ ამდენი ხალხი, რაც იმ დღეს იყო, არ მინახავს. ძლივს შევედი. იქ იყო ყველა მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, რომლებიც გამოდიდოდა და ამბობდნენ, რომ იწყება ახალი ერა საქართველოს ცხოვრებაში. ეს არის ადამიანი, რომელიც ღმერთმა გამოაგზავნა საქართველოს გადასარჩენად. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშენელობა აქვს იმას, რომ მისი უწმინდესობა არის ხელოვანი. ის არის შესანიშნავი მუსიკოსი, შესანიშნავი მხატვარი და მოქანდაკე. მისი უწმინდესობა მთელი ქართველი ერის სულიერი მამაა, ამას ხმამაღლა ვამბობ. აი, მამა როგორიც უნდა იყოს თავის შვილისათვის, ზუსტად ისეთივე მზურნველი და მოსიყვარულეა ის ჩვენი ხალხისათვის. მე მინდა მას უფალმა მისცეს ჯანმრთელობა, რომ რაც შეიძლება დიდხანს გვყავდეს.

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- იმ წუთიდან, რა წუთიდანაც მოხდა უწმინდესის აღსაყდრება, ჩემმა მკვიდრმა ნათესავმა, რეზო თაბუკაშვილმა წამიყვანა უწმინდესთან. სულ ახალგაზრდა იყო უწმინდესი და იმ წუთიდან, რა წუთიდანაც გამაცნეს, მე მას არ მოვცილებივარ, მაშინაც კი, როცა ეს გადარეული ზვიადისტი ქალები ქვებს ესროდნენ ძველ საპატრიარქოში, სიონის ეზოში. იქ ვიჯექი მეც მასთან. და მახსოვს რომ ერთი წამითაც არ შემდრკალა. ძალიან ბევრი რამის მოწმე გავხდი. უამრავი რამ მაქვს გასახსენებელი. მინდა მივულოცო დაბადების დღე. დიდხანს უნდა იყოს! მე უბრალოდ ვიცი, რომ მასზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი. და თავისთავად უწმინდესის არსებობა, არის ძალიან დიდი დალოცვა ჩვენი ერისათვის და ამიტომ ყავს ამდენი მტერი - "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი...“ უწმინდესის ფასს აუცილებლად თაობები დააფასებენ და მიხვდებიან, რომ ჩვენ ცოცხალი წმინდანი გვყავს დღეს.

გოგი ჩლაიძე, კომპოზიტორი:

- პირველად უწმინდესთან, ბატონმა ნუგზარ ბაგრატიონმა წამიყვანა. მაშინ დავწერე ჰიმნი ბაგრატიონთა სადიდებელი, რომელიც მოვასმენინეთ მის უწმინდესობას. ეს იყო დაუვიწყარი დღე. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ და ალბათ, არცაა საჭირო, ეს იმდენად პირადულია. ახლახან კი, ირმა გურიელის ლექსზე დაიწერა დიდი ნაწარმოები, მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებთან დაკაშირებით და ძალიან დიდი პატივი იქნება მოვასმენინოთ ჩვენს მფარველს ეს ნაწარმოები. დიდხანს გვყავდეს ეს საოცარი კაცი, ეს საოცარი პიროვნება. რომ შეხედავ, მისგან სითბო და სიკეთე მოდის. მისი ხელის დადება თავზე, უკვე საკმარისია იმისათვის, რომ მთელი ცხოვრება დალოცვილმა იარო ამ ცოდვილიან დედამიწაზე.

მაკა მახარაძე, ქორეოგრაფი:

- დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისმა უწმინდესობამ მიგვიღო, ეს იყო საოცარი ნუგეში პირადად ჩემთვის. ძალიან თბილად მიმიღო, მეტი რომ არ შეიძლება, ისე. სულ მეფერებოდა, რა თქმა უნდა, მედიკოს გამო. არ მგონია, რომ სხვას ნაკლებად მოეფეროს. თავისთავად მოიკითხა ჩემი სტუდიის ამბავი და მეც მოვუყევი რას ვაკეთებთ. და მაშინ მოულოდნელად მკითხა: თუ ასწავლით სილამაზის შეგრძნებასო? აი, ხომ ელოდები მასთან რომ შედიხარ, რელიგიურ თემაზე რაღაც შეიძლება გკითხოს და ამ დროს ისეთი შეკითხვა დამისვა, რაღაცნაირი, საოცარი. თან დააყოლა, - ეს ძალიან მნიშნელოვანია ადამიანის სულისთვისო... მერე კარგა ხანს ვისაუბრეთ, დრო როგორ გავიდა, არ მახსოვს. დამშვიდობებისას მითხრა, - ახლა მე უნდა გაჩუქოთ ჩემი დისკიო. და იცით, საბოლოოდ ორი დიდი პარკით წამოვედი იქიდან. მართლა დიდი ფუფუნება და ბედნიერებაა, როცა გვყავს ერს ასეთი ადამიანი, ასეთი სულიერი წინამძღოლი. კი ვაფასებთ, მაგრამ ამაზე გაცილებით უფრო მეტად უნდა ვაფასებდეთ მას. ერთადერთი, რასაც ვუსურებ მას და ყველას, რაც შეიძლება დიდხანს გვყავდეს.

ზურა ყიფშიძე, მსახიობი:

- გავაკეთეთ პროექტი, პატრიარქის ლოცვები სინას მთაზე, რომელიც მუსიკის ფონზე უნდა ჩამეწერა. დაახლოებით ერთი თვე დავდიოდი კონსერვატორიაში და გავდიოდი რეპეტიციებს ცოცხალ ორკესტრთან ერთად. ეს იყო ძალიან საინტერესო სამუშაო ჩემთვის, როგორც მსახიობისათვის. და როდესაც თავად უწმინდესი დაესწრო ამ კონცერტს, იმდენად მოეწონა, რომ მისი უწმინდესობის სურვილით საპატრიარქოში დამპატიჟა, ეს იყო სასწაული დღე ჩემს ცხოვრებაში. ამდენი, მგონი, არსად და არავისთან მისაუბრია. სითბოში მივედი და სითბოდან გამოვედი. ისე ვიყავი შესული ამ ადამიანთან კონტაქტში, ვერ გადმოგცემთ. მასთან როცა ხარ, თავისუფლდები, ის ხარ, რაც ხარ სინამდვილეში, ყველანაირი ნიღბის გარეშე. გასაოცარი კი ის იყო, იმ ხნის განმალობაში, სულ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ვსაუბრობდით. ასევე მეკითხებოდა, - რა ხდება თეატრში, რას თამაშობო. და ვუყვებოდი და ვუყვებოდი, ენა არ გამიჩერებია.. ვისურვებდი, არასოდეს დაგვტოვოს, მინდა, რომ სულ იყოს და იყოს. ეგ რომ არ იყოს, არ ვიცი რა იქნება. ამაზე ბევრად უარესი რომ იქნება, ზუსტად ვიცი. თუ ვინმე რაიმეს აჩერებს, მხოლოდ და მხოლოდ უწმინდესი. უხმოდ, ჩუმად...არაჩვეულებრივი კაცია. თვალებში, რომ ჩახედო, მორჩა, მაშინვე მიხვდები, სადა ხარ და ვისთან ერთად. არ არსებობს, რომ ეგ ვერ იგრძნო, სასწაულია.

ტარიელ ხარხელაური, პოეტი:

"თქვენო უწმინდესობავ, ტკივილების შენდობას ამ ტკივილთა გარეშე როგორ გაგიბედავდი,

ჩემი ჩამონისლული პოეზიის ერდოდან შენს ლოცვებში, და შენში, საქართველოს ვხედავდი.

თქვენო უწმინდესობავ, ახლა ღონემიხდილი დასერილი ფიქრებით მინდორს ვგავარ ნაურმალს,

მეშინია სიცოცხლის, არც შვებაა სიკვდილი - ვიდრე ჩემი მამული ასე ძლიერ მაურვებს.

თქვენო უწმინდესობავ, თუ ფარ-ხმალი დავყარე, შიში ისე ხარბად ღრღნის ჩემს სხეულს და საფშვინველს,

ახლაც შეშფოთებული ვაკვირდები ვარსკვლავებს, მსოფლიო მძვინვარება როგორ ძლიერ მაშინებს“.

ეს სტრიქონები 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დავწერე. ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი ხართ. თუკი დედამიწაზე ვინმე შეიძლება გამოარჩიო, ეს თქვენ ხართ. თქვენ დამაყენეთ ეკლესიის გზაზე, რწმენის გზაზე და დიდ მადლობას გიხდით ამისათვის. თქვენ რომ არა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი...

იხილეთ ასევე:

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი

ნახეთ: ილია მეორის საიუბილეოდ 2022 წელს მომზადებული ფილმი