ავტორი:

როგორ ულოცავენ ქვეყნის პირველი პირები პატრიარქს იუბილეს?

როგორ ულოცავენ ქვეყნის პირველი პირები პატრიარქს იუბილეს?

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 91 წელი შეუსრულდა.

ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 46-ე წლისთავი აღინიშნა.

დილიდან პატრიარქს ქვეყნის პირველი პირები ულოცავენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს.

"ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობის სიბრძნითა და მოყვასისადმი სიყვარულით გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ქართველთა ერთობის განმტკიცებაში, საზოგადოებაში უზენაეს ფასეულობათა დამკვიდრებაში.

ზნეობის, სულიერი სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები, რომელთაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენებს, სანიმუშოა არამხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის. მისი ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა. დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს“, - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი: "თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისათვის. თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისათვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის გამთლიანებისათვის.

თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი.

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, საქართველოს კი ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს უმაგრებდეს ზურგს თქვენი იმედი და მამობრივი სიყვარული!“- აღნიშნავს პრეზიდენტი, რომლის მისალოც სიტყვასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი: "ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს!

"ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა უშუალოდ მისგან მიგვეღო უამრავი საჭირო რჩევა, გვესწავლა მოყვასის სიყვარული და პატივისცემა.

მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ვუსურვო მისი სამშობლოს კიდევ არაერთი წარმატება, და უმთავრესად, საქართველოს გამთლიანება, რადგან სწორედ ეს იქნება უწმინდესის უდიდესი ღვაწლის დაფასება. თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ და გისურვებთ კიდევ დიდხანს გეტვირთოთ საქართველოს დედა ეკლესიის მესაჭეობა,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

წაიკითხეთ ასევე: